ლონდონის სასამართლომ რუსეთის მიერ ანექსირებული სევასტოპოლის ყოფილ ე.წ. გუბერნატორს დიმიტრი ოვსიანიკოვს 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. Southwark Crown სასამართლომ ოვსიანიკოვი დამნაშავედ ცნო 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ დაწესებული სანქციების დარღვევაში.
სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ 6 თებერვალს ოვსიანიკოვს მისმა მეუღლემ ანგარიშზე 76 000 ფუნტი გადაურიცხა - მოგვიანებით ბანკმა ანგარიში გაყინა. გარდა ამისა, მისმა ძმამ, ალექსეი ოვსიანიკოვმა, სავარაუდოდ, დიმიტრის სახელზე იყიდა Mercedes-Benz ფირმის მანქანა, რომელშიც 54 500 ფუნტ სტერლინგი გადაიხადა.
"მან კარგად იცოდა, რომ გაერთიანებული სამეფოს სანქციების სიაში იყო, მაგრამ ამის იგნორირება არჩია. ფიქრობდა, რომ სანქციებს გაექცეოდა... ჩვენი მიზანია გავზარდოთ ზეწოლა პუტინზე, მის ახლობლებზე და ყველაზე, ვინც უკრაინაში მის ბარბაროსულ ომს ეხმარებოდა", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტივენ დოტიმ.
ოვსიანიკოვი 2024 წლის იანვარში დააკავეს, თებერვალში მას შინაპატიმრობა მიუსაჯეს. ამჟამინდელი სასჯელის ნახევარს ის ციხეში გაატარებს, მეორე ნახევარს კი პირობით მოიხდის.
2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიიდან ორი წლის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა ოვსიანიკოვი ყირიმში "სტრატეგიულად მნიშვნელოვანი" ქალაქ სევასტოპოლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. მან თანამდებობა 2019 წლის ივლისში დატოვა.
უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში მისი სამსახურის გამო, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა მას ფინანსური სანქციები დაუწესეს. 2022 წლის აგვისტოში ოვსიანიკოვი რუსეთიდან თურქეთში გაემგზავრა და ბრიტანული პასპორტი მოითხოვა - სანქციების მიუხედავად, მას პასპორტი 2023 წლის იანვარში მიენიჭა.