ავტორი:

არასრულწლოვანი გოგონას გატაცების საქმე, რომელსაც 23 წელია იძიებენ - რა არის ცნობილი მარიამ გოგინაშვილის გაუჩინარებაზე

არასრულწლოვანი გოგონას გატაცების საქმე, რომელსაც 23 წელია იძიებენ - რა არის ცნობილი მარიამ გოგინაშვილის გაუჩინარებაზე

გუშინ, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე აფრასიძეების ოჯახის წევრები, ევგენი აფრასიძის მეუღლე დოდო აფრასიძე და შვილიშვილი ლედი აფრასიძე დაიკითხნენ.

"ევგენი ხელებაწეული დაჭრეს, იღლიაში იყო დაჭრილი. შეიყვანეს მერე გოჩამ და ომეხიმ, თავისმა შვილებმა. შემდეგ შემოვარდნენ, ორივე დაიჭირეს, ომეხი შებორკეს, ისე გამოიყვანეს, გოჩა გამოიყვანეს და გზაში დააგდეს, დასერეს", - გაიხსენა დოდო აფრასიძემ, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004 წელს მომხდარი სპეცოპერაცია გაიხსნეს.

ლედი აფრასიძის თქმით, ფანჯრებიდან, კარებიდან ყველა მხრიდან წვიმასავით შემოდიოდა ტყვიები, სწორედ იმ სახლში, სადაც პატარა ბავშვები იყვნენ, ეს ძალიან კარგად იცოდნენ სპეცოპერაციის შემკვეთმა სააკაშვილმა და ხელმძღვანელმა ბარამიძემ, რომ იმ სახლში, იმ დროს იყვნენ პატარა ბავშვები.

  • შეგახსენებთ, რომ 2004 წლის 24 მარტს, 07:00 საათზე, სვანეთის სოფელ ეცერში, ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩატარდა. ორმოცწუთიანი ორმხრივი სროლის შედეგად, სპეცრაზმელებმა საშიშ დამნაშავედ ცნობილი ევგენი აფრასიძე და მისი ვაჟი ომეხ აფრასიძე მოკლეს, მოკლულის კიდევ ორი შვილი გოჩა და შმაგი აფრასიძეები დააკავეს და 19 და 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ძმებმა საპყრობილე 2013 წელს, ამნისტიის გამოცხადების შემდეგ დატოვეს.

“ეს კრიმინალური ჯგუფი ჩამოყალიბდა ნამდვილ ბანდად, რომელიც 12 წლის მანძილზე ატერორებდა მთელ სვანეთს. მათ მოკლული ჰყავთ ადამიანები და ვერასოდეს ხელისუფლებამ ჩიტიც კი ვერ აუფრინა, გარდა უბადრუკი მცდელობებისა.“ - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა 2004 წლის მარტში გააკეთა.

  • გუშინ, საგამოძიებო კომისიაზე აფრასიძეების სტუმრობამ საზოგადოებას, 15 წლის მარიამ გოგინაშვილის საქმე გაახსენა - რა არის ცნობილი ამ საქმის შესახებ?

გოგონა 2002 წლის 24 ივლისს წყნეთიდან გაიტაცეს. 23 წელია რაც რაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმეს იძიებს. მსოფლიოს მასშტაბით უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ სხვა ბავშვებთან ერთად, ინტერპოლი დღემდე ეძებს მარიამ გოგინაშვილს.

არასრულწლოვანი გოგონას გატაცების საქმე იმ პერიოდში ძალზედ გახმაურებული იყო და იმდენად აქტიურად შუქდებოდა მედიით, რომ შესაძლოა, საზოგადოების დიდ ნაწილს დღემდე ახსოვდეს საქმის დეტალები.

მარიამი

ბურუსით მოცულ საქმეს ერთადერთი თვითმხილველი ჰყავდა: მზესუმზირის გამყიდველი ქალი. ის ამბობდა, რომ ბავშვი, რომელიც წყნეთში, საკუთარ უბანში მდებარე მაღაზიაში პროდუქტების საყიდლად წავიდა, გამტაცებლებს საკუთარი ნებით ჩაუჯდა მანქანაში. ამ ფაქტმა საქმის მოწმეს გაუჩინა ეჭვი, რომ დამნაშავეები ბავშვისთვის უცხოები არ იყვნენ. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, ფაქტის შემსწრე ქალმა აღნიშნა, რომ ბავშვს მათი დანახვა გაუხარდა კიდეც. თუმცა მან ვერ გაიხსენა ავტომობილის ნომერი და ვერც კრიმინალების სახე აღიდგინა.

მოზარდის გატაცებიდან მეორე დღეს გამტაცებლები ტელეფონით დაუკავშირდნენ გოგინაშვილის მამას და გოგონას გათავისუფლების სანაცვლოდ 100 000 დოლარი მოითხოვეს. მოლაპარაკებების შედეგად, თანხა 70 ათას დოლარამდე შემცირდა. გოგონას მამამ 27 ივლისს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, დათქმულ ადგილზე ფული მიიტანა, თუმცა დამნაშავეებმა პირობა არ შეასრულეს, მძევალი არ გაათავისუფლეს და მას შემდეგ გატაცებულის ოჯახსაც აღარ დაკავშირებიან.

  • როგორც ცნობილია, მარიამ გოგინაშვილის მამა მხედრიონელი იყო, იმ დროისთვის ძალოვან სტრუქტურებში გავლენიან პოზიციაზე მუშაობდა და მატერიალურად უზრუნველყოფილი ოჯახი ჰქონდა. მაშინ გამოითქვა ვარაუდი, თითქოს ბავშვის გატაცება მის მხედრიონელ მამაზე შურისძიებას უკავშირდებოდა.

გავრცელებული ვერსიით, გაუჩინარებული გოგონას მამამ ორჯერ გადაუხადა სოლიდური თანხა გამტაცებლებს. თუმცა სინამდვილეში სულ სხვა პირები სარგებლობდნენ მომხდარით და რეალური გამტაცებლები ოჯახთან კონტაქტზე არც არასოდეს გამოსულან.

კულუარულად ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომლის მიხედვითაც, გოგინაშვილი თითქოსდა ძმებმა აფრასიძეებმა გაიტაცეს.

სვანეთში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მაშინდელმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა განაცხადეს, რომ სამარხში აღმოჩენილი რვა გვამი აფრასიძეების მოქმედების შედეგი იყო. მაშინვე გავრცელდა ვერსია, რომ ერთ-ერთი მათგანი მარიამ გოგინაშვილის გვამი იყო. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ უარყო ეს ინფორმაცია - დადგინდა, რომ ეს ცხედრები 19-ე საუკუნის დროინდელი იყო. მაშინვე გაჩნდა მოსაზრება, რომ წინა ხელისუფლება ამით აფრასიძეების ოჯახში ჩატარებული ხმაურიანი სპეცოპერაციის გამართლებას ცდილობდა. ამ ვარაუდის მართებულობა გაამყარა საქმის კიდევ ერთმა უმნიშვნელოვანესმა გარემოებამ, რომელიც 2019 წელს გახდა ცნობილი.

აფრასიძეების საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ვლადიმერ მურავიოვი, რომელიც აფრასიძეების ოჯახში მუშად მუშაობდა, ამტკიცებდა, რომ საკუთარი თვალით ნახა გაუჩინარებული გოგონა სვანეთში, აფრასიძეების სახლში. 2006 წელს შსს-ს მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ხსნის ნანახს ვლადიმერ მურავიოვი. უწყებამ გაავრცელა ვიდეოჩვენებაც - ვიდეოში მურავიოვი ყვება: "ოქტომბერი ან ნოემბერი იყო, დავინახე ბიჭი, რომელიც იქ შეჰყავდათ, შევიტანე შეშა, დავინახე ბიჭი, რომელიც ტელევიზორს უყურებდა, იქვე დავინახე გოგოც, მოგვიანებით გავიგე, რომ ეს გოგო მოტაცებული იყო".

მაშინ მურავიოვის ადვოკატი, მარინა ტაბატაძე ამტკიცებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა გოგინაშვილი ფოტოებზე ამოიცნო და დაადასტურა, რომ ისინი აფრასიძის სახლში ნახა.

მას შემდეგ, რაც "ვარდების ხელისუფლება" შეიცვალა, მურავიოვმა სამართალდამცავ უწყებას აღიარებითი ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ თავის დროზე იცრუა, როცა თქვა, რომ გოგინაშვილი აფრასიძეებთან ნახა. მისი თქმით, ასეთი შინაარსის ჩვენების მიცემა მას პირადად ადეიშვილმა მოსთხოვა და წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, მოკვლით დაემუქრა.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში მარიამ გოგინაშვილის საქმეს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ბათო საღინაძეც იძიებდა. ბათო საღინაძე ამბობდა, რომ მარიამ გოგინაშვილის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდა. ის 2019 წელს AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ჰყვებოდა:

ბათო საღინაძე:

- აქტიურად ვხვდებოდი მარიამის მამას, რომელმაც ჩემთან საუბარში გამოთქვა ეჭვი, თუ ვის შეიძლებოდა გაეტაცებინა მისი შვილი. ის იყო პოლიციის პოლკოვნიკი და მისსავე თანამშრომელთან ჰქონდა მტრული ურთიერთობა. ეს ადამიანი დამუქრებია მარიამის მამას, რომ გაგამწარებო. ერთადერთი შვილი ჰყავდა მშობლებს, როგორც ვიცი, აყვანილი ჰყავდათ, მაგრამ მათი გაზრდილი იყო და ძალიან უყვარდათ. მურავიოვი დეტალურად მოყვა, როგორ მიიყვანეს აფრასიძეებთან მარიამი. მაშინ გამოსასყიდის სანაცვლოდ გატაცებები ძალიან გავრცელებული იყო. კრიმინალური ავტორიტეტები იყვნენ ჩართული ამ საქმეებში. აფრასიძეები ძალიან დაახლოებული იყვნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებთან და სვანეთში, როგორც მიუვალ ადგილას, აფრასიძეების სახლში ხდებოდა გატაცებულების დროებით გაჩერება.

საქმიდან გამოიკვეთა, რომ ომეხ აფრასიძეს ძალიან მოსწონებია მარიამი და უთქვამს, რომ გოგონას შეშვებოდნენ. ამ ვერსიაზე ვმუშაობდი, ვაპირებდი ომეხთან დაკავშირებას, თუმცა ჩემზე დაიწყო ზეწოლები. შემდეგ ამოწყვიტეს აფრასიძეები, ხოლო მე დამიჭირეს. ციხეში ჩემთან იყო მოსული ადვოკატი ზურაბ თოდუა, რომელმაც მითხრა, ძალიან სანდო კაცისგან გავიგე, მარიამი ჩრდილოეთ კავკასიაში გადაუყვანიათ და იქ შვილიც კი გაუჩენიაო. ეს იყო და ეს. ეს საქმე გაიყინა და არავის არაფერი მოუკითხავს. მურავიოვმა კი საკუთარი ჩვენება უარყო და თქვა, რომ გოგინაშვილი არ უნახავს აფრასიძეებთან. მე არ ვიცი, რატომ მოიქცა ასე, შეიძლება ციხიდან გამოსვლის მიზნითაც გააკეთა ეს.