47 წელი გავიდა იმ დღიდან, როცა თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაძრული სტუდენტების (და არა მხოლოდ მათმა) პროტესტმა, რომელიც ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების წინააღმდეგ იყო მიმართული, საბჭოთა რეჟიმს უკან დაახევინა. უნდა ყველაფერს დაერქვას სახელი, ეს იყო რუსეთის მორიგი ნაბიჯი საქართველოს რუსიფიკაციისთვის.
1977 წელს ახალი საბჭოთა კონსტიტუციის პროექტის მომზადებისას, გაჩნდა გეგმა, რომელიც საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევას და სახელმწიფო ენად მხოლოდ რუსულის გამოცხადებას ისახავდა მიზნად. საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკების ხალხთა ენები სტატუსს კარგავდნენ იმ საბაბით, რომ ისინი თურმე ბოლომდე ვერ ასრულებდნენ სახელმწიფო ენების ფუნქციებს. ამ განზრახვას ქართველი საზოგადოება მასშტაბური პროტესტით წინ აღუდგა. 1978 წლის 14 აპრილს მასობრივი გამოსვლები დაიწყო. ვითარება ხელისუფლებისათვის უმართავი ხდებოდა.
ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე, რომელიც ამ პროცესის მონაწილე გახლდათ, ამბობს, რომ ამ პროტესტს " ვინმე გამოკვეთილი ორგანიზატორი არ ჰყოლია".
"იყო მუხტი, რომელმაც თავისთავად მოახდინა საპროტესტო აქციის ორგანიზება. იყო აკაკი ბაქრაძე, მარიკა ლორთქიფანიძე და სხვა უამრავი ადამიანი, რომელიც ხმამაღლა გმობდა სიახლეს. ასე ნელ-ნელა შემზადდა 14 აპრილი... როდესაც მთავრობის სასახლისკენ მივდიოდით, ასაკოვანი ხალხი, ვინც მოსწრებული იყო 1956 წლის სისხლიან მოვლენებს, გვეუბნებოდა, - არ წახვიდეთ, გესვრიანო, მაგრამ ყველაფერი რომ დამთავრდა და უკან მოვბრუნდით, გვხვდებოდნენ როგორც გმირებს, რომლებმაც შევძელით და შევინარჩუნეთ ენა. 10 წლის მერე რომ აზვირთდა ეროვნული მოძრაობა ამაში, რა თქმა უნდა, იყო 1978 წლის 14 აპრილის წვლილი, იმ გამარჯვების, რომელიც ამ დღეს მოვიპოვეთ... ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი გარდატეხის წელი არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, რადგან ეს იყო პირველი მასშტაბური პროტესტი, რომელსაც დადებითი გადაწყვეტა მოჰყვა და საბჭოთა სისტემამ უკან დაიხია... “, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე ჩვენს საარქივო სტატიაში.
"მახსოვს, უნივერსიტეტში ჩემი მეგობარი, ერეკლე საღლიანი, შემხვდა, გაზეთს აფრიალებდა და მეძახდა: "თამრიკო, მოდი, წაიკითხე, ნახე რა ხდებაო", ასე გაიგეს ეს ამბავი სხვებმაც, სტუდენტები ერთმანეთს ვეუბნებოდით, ვუყვებოდით“, - წერს თავის მოგონებებში თამარ მახარობლიძე, რომელიც იმხანად 18 წლის სტუდენტი იყო.
14 აპრილის მიტინგს წინ უძღოდა სტუდენტების წერილის გაგზავნა მაშინდელ უზენაეს საბჭოში. სწორედ თამარმა წაიღო ასობით სტუდენტის ხელმოწერილი წერილი ფოსტაში, საიდანაც ორი დაზღვეული წერილი გაგზავნეს. გადახდის ქვითარი საგულდაგულოდ შეინახა.
"უნივერსიტეტში დაბრუნებისას მოინდომეს ქვითრის ხელში ჩაგდება, რომ გაგზავნილი წერილები როგორმე ფოსტიდან ამოეღოთ და ადრესატამდე არ მისულიყო. დიდი ბრძოლა გამოვიარე, რომ ქვითარი შემენარჩუნებინა. ეს საბუთი მე დღემდე მაქვს შენახული. მაშინ არ დავკვირვებივარ, სიგარეტის ქაღალდში გადავახვიე და ჩანთაში შევინახე, იმ დღეებში აღარ გამიშლია და დამითვალიერებია. წლების შემდეგ რომ ვნახე, გამეცინა, რადგან ზედ არაფერი არ ეწერა, არც ორივე ადრესატი, არც მისამართი, არც გარკვეული თარიღი იყო აღნიშნული. ეს არაფრისმთქმელი საბუთი იყო“, - იგონებს თამარ მახარობლიძე. ( თამარ მახარობლიძის მოგონებები, 14 აპრილის სხვა მონაწილეების მოგონებებთან ერთად, შესულია ანა ბაქანიძის მიერ შედგენილ ზეპირი ისტორიების კრებულში, "14 აპრილი, 1978“ - რომელიც 2018 წელს დაიბეჭდა).
როგორც ფაქტების მომსწრენი ჰყვებიან, განსაკუთრებით აქტიურობდნენ უნივერსიტეტის ლექტორები: არნოლდ ჩიქობავა, ბესიკ ჯორბენაძე, ლადო მინაშვილი, ზურაბ ჭუმბურიძე, დამანა მელიქიშვილი, გრივერ ფარულავა, რევაზ სირაძე და სხვანი. უნივერსიტეტის იმჟამინდელ რექტორს დავით ჩხიკვიშვილს, ზემოდან დავალების მიუხედავად, სტუდენტების საწინააღმდეგოდ არანაირი მოქმედება არ განუხორციელებია.
“მიმაჩნია, რომ 1978 წელი განსაკუთრებულია არა მხოლოდ ჩემი ცხოვრებისათვის, არამედ საქართველოს ისტორიაში. ეს იყო ის მოვლენა, როცა ხალხმა, პირველ რიგში ახალგაზრდობამ, ხელისუფლებას აჩვენა, რომ შეუძლია დაიცვას თავისი ენა და თავისი სამშობლო.
განა მე არ ვიცოდი, რომ კონსტიტუციაში შესწორება რომ იყო შეტანილი, რათა ქართული ენა სახელმწიფო ენა აღარ ყოფილიყო. ეს გამოქვეყნდა, მაგრამ მთელი თვე, თითქმის თვე ნახევარი არავითარი მოძრაობა არ იყო, არავინ ყურადღება არ მიაქცია. მერე, დათიკო ჩხიკვიშვილი იყო თუ არ ვცდები, უნივერსიტეტის რექტორი და ვკითხე - არ არის-მეთქი არაფერი? არისო, მაგრამ ჩურჩულია ჯერო... მოსკოვში, ბრეჟნევთან არ მივსულვარ, სხვა თითქმის ყველასთან ვიყავი და ყველას ვეუბნებოდი: ცუდად დამთავრდება ეს ამბავი, ნუ აკეთებთ ამას. ლენინმა, სტალინმა დატოვა კონსტიტუციაში და რატომ გინდათ დარჩეთ ისტორიაში, რომ თქვენ ამოშალეთ ეს. რატომ აკეთებთ ამას?
ბრეჟნევთან რატომ არ მივედი? იმიტომ რომ ის რეზერვში ყოფილიყო. თუ რაღაცა გაჭირდებოდა, უკიდურეს შემთხვევაში მასთან მივიდოდი... მაგრამ ახლოს არ გამიკარეს. მითხრეს, რომ ჩვენ გავაუმჯობესებთ ამ ფორმულირებას, მაგრამ სახელმწიფო ენად ვერ დარჩებაო.
დილით ადრე არის პარლამენტის სესია, სადაც მოხსენებით უნდა გამოვიდე სწორედ ამ თემაზე, “შესწორებები კონსტიტუციაში“, ეს საკითხი შემოვიტოვე ბოლოსთვის. ბოლო ფრაზებში იყო საუბარი ენასთან დაკავშირებით. როდესაც მოხსენებით გამოვდივარ, ვხედავ პრეზიდიუმიდან მოდის წერილები, ხან ინაური წერს, ხან კოლდინი იყო ცეკას მეორე მდივანი, რომ უნივერსიტეტიდან დაიძრა ახალგაზრდობა. მეორე წერილი მივიღე, რომ პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან წამოვიდნენ ახალგაზრდები. მერე იყო, ახლა ოპერასთან არიანო. რამდენი წერილიც არის, იმდენი ინაური გადის და ეს ხალხი ნერვიულობს.
ხმებიც შემოდიოდა ქუჩიდან. ბევრი ხალხი იყო, დაახლოებით 20-30 ათასი, თითქმის ყველა ახალგაზრდა. უმრავლესობა მოვიდა იმ რწმენით, რომ ენა გადაერჩინათ.
ბოლოს, როდესაც ჩავამთავრე გამოსვლა, უკვე შეკრებილია იყო უზარმაზარი მასა და გამოვაცხადე: “დავტოვოთ, შევინარჩუნოთ ფორმულირება, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ენად ქართული ენის გამოცხადებას“. ვერ აღგიწერთ რა ხდებოდა დარბაზში. კომუნისტები, რაიკომის მდივნები სხედან, ერთმანეთს ეხვევიან, კოცნიან და მეც სიმართლე გითხრათ, ბოღმა მომაწვა ყელში, რომ თურმე როგორ განიცდიან პარტიულ ელიტაში. მაშინ ჩემთვის გავაკეთე დასკვნა რომ პატრიოტიზმი დაკარგული არ არის. ხდებოდა ტრანსლირება ჩემი მოხსენების. არ დაიჯერეს, მოუსმინეს მაგრამ არ იშლებიან. რა უნდა მექნა, გამოვედი აივანზე დიდი მიკროფონით და ვეუბნები: ხომ მოისმინეთ, კიდევ ვიმეორებ, ქართული ენა რჩება სახელმწიფო ენად... მაინც არ დაიჯერეს, მეუბნებოდნენ, “თქვენ კი ამბობთ, მაგრამ მოსკოვი რას იტყვის და ა.შ...“ მერე ჩამოვედი დაბლა, შევედი ამ ახალგაზრდებში და ვუთხარი -“ახლა მე მივდივარ, საქმე მაქვს რაღაცა და თუ გინდა გამომყევით“. აედევნენ და გამომყვა ასობით ათასი ადამიანი, ყოფილი კიროვის ქუჩით წავედი და ჩავედი მთავრობის სასახლეში. ეზო გამოტენილია ტანკებით, როგორც თქვენ არ დაგირეკავთ და არ გითხოვიათ ტანკები, ისე მე. ეს კეთდებოდა ავტომატურად, აქ რაც ხდებოდა ყველაფერი იცოდნენ უკვე პოლიტბიუროში"
"ეს იყო რუსიფიკაციის კურსის ბოლო ფაზა, რაც ძალიან კარგად ახსოვს წინა თაობის საზოგადოებას. ის ემთხვევა სტაგნაციასა და სისტემის კრიზისის მოახლოებას. ეს არის 70-იანი წლების დასასრული.
იმხანად ცენტრალურ, ზედა დონის სახელმწიფო ბიუროკრატიასა და აპარატში, სახელმწიფო სტრუქტურებში თუ სამეცნიერო დაწესებულებებში რუსული ენა იყო გაბატონებული. სამეცნიერო ხარისხის დასაცავად სამეცნიერო ნაშრომის მშობლიურ ენაზე მომზადება არ იყო საკმარისი, რუსულ ენაზეც უნდა მომზადებულიყო და შემდეგ უკვე ცენტრიდან მიეღო დასტური. ამ რეალობაში უკვე არსებობს საზოგადოება, რომელსაც ახლებურად აქვს გათავისებული და შენარჩუნებული ეროვნული იდენტობა და კონსტიტუციაში ენის შესახებ ფორმალური ჩანაწერის უმტკივნეულოდ ამოღებას ადვილად მოახერხებენ. გასაგებია, რომ საბჭოთა კონსტიტუცია ორსიტყვიანი ანეკდოტია - არც ერთი მუხლი არაფერს ანიჭებდა მოქალაქეს და თუკი რამეს ანიჭებდა, ისიც, პრაქტიკაში სხვანაირად მუშაობდა.
1978 წლის აპრილში ენის სტატუსის დაცვას კონკრეტულ პირებს უნდა ვუმადლოდეთ, მათ შორის ყველაზე მეტად აკაკი ბაქრაძეს, რომელმაც მიაქცია ყურადღება, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამ ნაწილში რაღაც იყო განსხვავებული. მან ატეხა განგაში და არ შეუშინდა მუქარასაც კი. შემდეგ ამან მიიღო შეუქცევადი სახე და ქართულ ენას სტატუსი შეუნარჩუნდა.
იდენტობის ამ ემოციურმა აფეთქებამ გამოიწვია სრულიად გაუთვალისწინებელი უკურეაქცია, რომელიც იმდენად სწრაფი აღმოჩნდა, რომ რეჟიმმა უკან დაიხია. ტოტალიტარული რეჟიმი, რა თქმა უნდა, არ შეუშინდებოდა ძალის გამოყენებას, მაგრამ ეს არის დრო, როდესაც საბჭოეთი ცდილობს საგარეო არენაზე კომპრომისული სიგნალები გაუშვას და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის შესაბამისი რესურსები მოიპოვოს (შემდეგ უერთდება ჰელსინკის აქტს და ა.შ.). ამიტომაც მას უკან დახევამ მოუწია", - ამბობს ისტორიკოსი და საბჭოთა წარსულის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი გაზეთ "კვირის პალიტრასთან".
ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში ეროვნული მოძრაობის აღმავლობას პირველი ბიძგი სწორედაც რომ 1978 წლის 14 აპრილმა მისცა. ამ დღის მნიშვნელობას არ აკნინებენ მოქმედი პოლიტიკოსებიც, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, რომლის თქმითაც, 1978 წელს ენის დაცვა, იმავდროულად, იყო ქართველთა მიერ საკუთარი იდენტურობის დაცვა, იმ სახელმწიფოს დაცვა, რომელიც ჯერ კიდევ არ არსებობდა და რომელიც შეიქმნა ქართული ენისა და დედაენის დახმარებით.
როგორც ირკვევა აღნიშნულ მოვლენებს გამოხმაურება მოჰყვა დასავლურ პრესაშიც.
idfi.ge-ის მასალის თანახმად, 15 აპრილს New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით "საბჭოთა ქართველები ქუჩებში გავიდნენ საკუთარი სახელმწიფო ენის გადასარჩენად“, რომელშიც აღნიშნულია, რომ მომიტინგეთა რაოდენობა დაახლოებით 20 000 იყო. სტატიაში, ასევე, წერია, რომ წინა ღამით ამოუცნობმა მამაკაცმა დარეკა New York Times-ის მოსკოვის ბიუროში და მათ უთხრა: "ენასთან დაკავშირებით, კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ დემონსტრაციას ვმართავთ - გაგვიმართლებს, თუ არ გვესვრიან“. ასევე, New York Times-მა 18 აპრილს გამოაქვეყნა კიდევ ერთი სტატია "საბჭოთა ქართველებმა გაიმარჯვეს ენის საკითხზე“, რომელშიც ნათქვამია, რომ საბჭოთა ხელისუფლება მისთვის უჩვეულო დათმობაზე წავიდა და ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა.
საინტერესო ცნობებია, ასევე, მოწოდებული The Times-ის 17 აპრილის სტატიაში. სტატიის მიხედვით, ორი ამერიკელი იურისტი - რობერ მაკკეი და ერიკ რაიმენი, რომლებიც იმ დროს თბილისში იმყოფებოდნენ, იუწყებოდნენ, რომ ქართველმა დემონსტრანტებმა საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველ მდივანს, ედუარდ შევარდნაძეს დაუყვირეს, როდესაც ის მომიტინგეების დამშვიდებას ცდილობდა. როგორც სტატიაშია აღნიშნული, მაკკეი და რაიმენი დემონსტრაციის თვითმხილველებს ესაუბრნენ. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შევარდნაძემ მომიტინგეებს ამ ტექსტით მიმართა: "ჩემო შვილებო, რას აკეთებთ?“, რაზეც მომიტინგეებმა ყვირილით უპასუხეს: "ჩვენ შენი შვილები არ ვართ!“
იხილეთ ასევე: