მე თქვენ, საერთოდ არ გელაპარაკებით, კაცო. ხმა არ ამომიღია, თქვენ არ გელაპარაკებით. ნუ მეჩრებით, დამამთავრებინეთ! - ასე უპასუხა ყოფილმა შს მინისტრმა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ საუბარს.
გახარიას სწორედ ამ რეპლიკას გამოეხმაურა სოზარ სუბარი და მას მოუწოდა, რომ კითხვებს უპასუხოს.
"თქვენ კითხვებს უპასუხეთ, გამოძიება სადღაც მიდის და მასალები იქ დევს, ეგ არ არის თქვენი საქმე. რასაც გეკითხებით, იმას უპასუხეთ, ძალიან გთხოვთ“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა, რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ მას საერთოდ არ ელაპარაკება.
"მე თქვენ, საერთოდ არ გელაპარაკებით, კაცო. ხმა არ ამომიღია, თქვენ არ გელაპარაკებით. ნუ მეჩრებით, დამამთავრებინეთ! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქალბატონო თავმჯდომარევ, თუ ეს კომისია არ არის მზად მოისმინოს პასუხები, მე ავდგები და წავალ. როცა მოემზადებით, მაშინ დამიძახეთ და მოვალ. მე არანაირი პრობლემა არ მაქვს. “. განაცხადა გახარიამ.
თავის მხრივ, თეა წულუკიანმა გახარიას უთხრა,რომ ნუ ნერვიულობს.
"არ ვნერვიულობ, სათამაშოდ მომიყვანეთ აქ?“- აღნიშნა გახარიამ, რაზეც წულუკიანმა კითხვით, უპასუხა - „სათამაშოა მაკო გომურის ამოთხრილი თვალი?“.
ამის შემდგომ, წულუკიანმა გახარიას ჰკითხა, ხომ არ ახდენდა ზეწოლას პროკურატურაზე, რომ 20 ივნისის საქმის გამოძიება არასწორი მიმართულებით წასულიყო? ან მისი რომელიმე მოადგილე ხომ არ იყო ჩართული გამოძიების ამა თუ იმ მიმართულებით წაყვანაში?
თავის მხრივ გახარიამ აღნიშნა, რომ „არა“. მისივე განმარტებით, გამოძიებაზე ზემოქმედების არც ინსტრუმენტი, არც ინსტრუმენტი და არც მცდელობა არ ჰქონია.
"შესაბამისად, მე შემოგთავაზეთ ამ კომისიაზე, რომ დაუძახეთ გენერალურ პროკურორს და მან მოჰყვეს, თუ ვინმე აჩქარებდა [საქმის გამოძიებას] ანელებდა ან რამეს შვრებოდა“.- განაცხადა გახარიამ , რაზეც წულუკიანმა უპასუხა, რომ „ამას ალბათ გააკეთებენ“.
კომისიის წევრი, ალუდა ღუდუშაური მას ჩაეკითხა, რომ შტურმზე მას არ ჰქონდა კითხვები. „შტურმზე შეთანხმებული ვართ, დრო არ დავკარგოთ“, - აღნიშნა ღუდუშაურმა, რასაც გახარიამ უპასუხა, რომ მას თუ საუბარს კიდევ ერთხელ შეაწყვეტინებდნენ, კომისიის სხდომას აღარ დაესწრებოდა.
„მეგობრებო, კიდევ ერთხელ თუ გამაწყვეტინებთ, ავდგები და წავალ! მაშინ როდესაც მზად იქებით ემოციურად, მოისმინოთ პასუხები, რომლებიც არ ეთანხმება თქვენს მოსაზრებას, მაშინ დავბრუნდები“, - აღნიშნა გახარიამ.
დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა კვლავ სცადა გახარიასგან მოესმინა, ვინ გასცა ბრძანება რეზინის ტყვიების გამოყენებაზე, რაზეც გახარიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „არც მას და არც მის მოადგილეებს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუციათ“.
„ქალბატონო თავმჯდომარევ, შეიძლება მომეხმაროთ? ვერ ვაგებინებ [ალუდა ღუდუშაურს]. თვით დაცვას ჰქვია მოგერიების რეჟიმი. თუ მე ვამბობ, რომ მოგერიების რეჟიმში, ცალკეულ შემთხვევებში პოლიციელებმა გამოიყენეს რეზინის ტყვიები, ეს ნიშნავს იმას, აქამდეც ვთქვი და ვიმეორებ, რომ არც მე და არც ჩემს მოადგილეებს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაგვიცია. ამაზე უკვე ვისაუბრე ორჯერ“, - განაცხადა გახარიამ.
წაიკითხეთ ასევე: