"სახალხო ინტერვიუ“ სახელწოდებით "დაუსვი შეკითხვა“ - Ambebi.ge-ს საშუალებით შესაძლებლობას გაძლევთ, კითხვა დაუსვათ თქვენთვის სასურველ და სპეციალურად შერჩეულ რესპონდენტს (ცნობილ თუ უცნობ ადამიანს). შეკითხვის დასმა შესაძლებელია Ambebi.ge-ს კომენტარების ველში ან Ambebi.ge-ს "ფეისბუქ გვერდზე".
"პალიტრანიუსის" გადაცემაში "სახალხო ინტერვიუ“. გთავაზობთ გადაცემიდან საინტერესო ეპიზოდებს. სრულად კი გადაცემის ნახვა შესაძლებელია მითითებულ ბმულზე.
მოქალაქე:
- რომელ პოლიტიკურ პარტიას მოიაზრებთ უმრავლესობაში. მინისტრთა კაბინეტისთვის რომელი პარტიის წარმომადგენლები მიგაჩნიათ უპირატესად და წამყვან პოზიციებზე?
გოგა ჩანადირი:
- ბედნიერი ვიქნები, პარტიების მიხედვით თუ არ განვსაზღვრავთ ხელისუფლებაში მყოფი პირების მოწონება-არმოწონებას, არამედ იმის მიხედვით, თუ რას აკეთებენ ისინი სახელმწიფოსთვის, როგორ უყვართ სახელმწიფო. სამწუხაროდ, მე ვგრძნობ, რომ ბევრ ადამიანს, რომელსაც პრეტენზია აქვს, იყოს ხელისუფლებაში, არ უყვარს გულწრფელად ქვეყანა. სულ მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, მათ სხვა მიზნები უფრო აქვთ, ვიდრე სახელმწიფოს აშენების. ბედნიერი ვიქნები, თუ ამ მოსაზრებაში შევცდები.
საერთოდ ბევრი წელია ეს განცდა მაქვს, რომ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, ვისაც გულწრფელად არ უყვართ თავიანთი სამშობლო.
- დღევანდელი მდგომარეობით უნდა დავეყრდნოთ თუ არა, ამერიკას ან ევროპას? თუ ფიქრობთ, რომ არა, მაშინ რატომ?
- აუცილებელია, დასავლეთში მოკავშირეები გვყავდეს. ჯერ ერთი, ეს არის ქართველი ერის ისტორიული არჩევანი, - ყოველთვის დასავლეთისკენ ვიყურებოდით. უბრალოდ წლებმა და ურთიერთობებმა აჩვენა, რომ დასავლეთი გაცილებით საიმედო მოკავშირე და დასაყრდენია. არ შეიძლება ამაზე უარი თქვა, არ შეიძლება უგულებელყო და არ დაინახო ეს მოცემულობა. იმავე ევროპას თუ ავიღებთ, ევროპულმა ქვეყნებმა გაცილებით მეტი გააკეთეს 30 წელიწადში საქართველოსთვის, ვიდრე თუნდაც იმავე რუსეთმა 200 წლის მანძილზე, გინდაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით, თუ სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით.
ის, რომ 1918 წლის 26 მაისს, გავხდით პირველი რესპუბლიკა, ესეც ევროპელების დამსახურებაა. სამწუხაროდ, მისი არსებობა სამი წელი გაგრძელდა, რაც შემდგომ რუსეთის გამო შეწყდა. მოხდა რუსული ოკუპაცია, რომელიც საბჭოთა ოკუპაციად ჩამოყალიბდა. ეს რუსეთის ბრალია...
როგორ შეიძლება უარი ვთქვათ ამერიკისა და დასავლეთის მოკავშირეობაზე. ამის წინააღმდეგ წასვლა ნიშნავს, რომ ქართველი ერის მისწრაფებების წინააღმდეგ მიდიხარ.
მოქალაქე:
- სამოქალაქო აქტივისტებმა იქნებ მეტი იმუშაოთ მოსახლეობის პირობების გასაუმჯობესებლად. მაგალითად, ტაქსის სერვისების კუთხით, იქნებ შეისწავლეთ ბაზარი და შესაბამის კომპანიებს მოსთხოვეთ მინიმალური ტარიფის დაწესება. დააანონსეთ პერმანენტული აქციები კომპანიის წარმომადგენლობასთან და მერიასთანაც, რომ მათაც მოახდინონ გავლენა კომპანიის მენეჯმენტზე.
- ეს საკითხები არ არის მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტების საკითხები, მთელი საზოგადოების საზრუნავია. ის, რომ არ არსებობს შრომის კარგი პირობები, რომ ხელმძღვანელს შეუძლია თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვოს, თითქოს კანონით არის გარანტირებული. სინამდვილეში კი ვხედავთ, როგორი ხშირია ადამიანის სამსახურიდან უმიზეზოდ დათხოვნა, თუნდაც პოლიტიკური შეხედულებების შეუთავსებლობის გამო და ა.შ.
ამ კუთხით ბევრია სამუშაო.
ვისურვებდი, ეს პასუხისმგებლობა არ გადავიტანოთ მხოლოდ რამდენიმე ადამიანზე. აქტიურ სამოქალაქო აქტივიზმზე, პირიქით, ეს ყველას საზრუნავი უნდა იყო. ამას უნდა მივეჩვიოთ, რომ ყველა პრობლემა რაც არსებობს, რაც გროვდება, ჩვენი გადასაწყვეტია და არა რომელიმე კონკრეტული ადამიანის. აი, სახელმწიფო ინსტიტუტებს კი ნამდვილად აქვთ ეს პასუხისმგებლობა და უპირველესად მათ უნდა მოვთხოვოთ ნებისმიერი გადაცდენა, რაც არსებობს, რომ ჩვენი აქტიურობის შედეგად გამოსწორდეს.
სტუდენტი:
- აღგვიწერეთ თქვენი თვალით დანახული იდეალური ქვეყნის მოდელი თავის ღირებულებებით.
- ეს ღირებულებები მარტივია, მაგრამ როგორც ჩანს, რთულიც. ჩემი თვალით დანახული იდეალური ქვეყანა ეს არის წესიერი და პატიოსანი საზოგადოებისგან შექმნილი სახელმწიფო. ამის გარეშე არ არსებობს. ჯერ კიდევ კონფუცი როდის ამბობდა, "როგორი მეფეც არის, ისეთი ზნეობის სახელმწიფო აქვს“. ზნეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გარეშე არაფერი გამოდის. სახელმწიფოს მართვა უნდა იყოს ზნეობრივი.
ნია:
- ქართული ენის სიწმინდის სადარაჯოზე აქტიურად დგახართ. ამ გზაზე ბევრი წინააღმდეგობა გაქვთ? და ამ კუთხით თქვენმა ამდენწლიანმა აქტივობამ გამოიღო თუ არა შედეგი?
- კი, რაღაც დონზე. ადამიანებმა, ჩემმა მეგობრებმა, ახლობლებმა, გარემოცვამ უფრო დიდი ყურადღება მიაქცია საკუთარ მშობლიურ ენას... სირცხვილია, საქართველოს სადღეგრძელო შესვა, თქვა, რომ საქართველო გიყვარს და "პრივეტ,“ "პაკათი,“ ან "ლოკაცია“, "პოზიტივით“ ლაპარაკობდე. თუ ერთი გიყვარს, მეორით რატომ უშავებ მას?! შემთხვევით არ ვახსენებ სიტყვას "უშავებ“, რადგან ნებისმიერი ბარბარიზმი კლავს! ადამიანები ჯანსაღ კბილს არ იძრობენ და ხელოვნურს არ ისვამენ. ორგანული ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის არის ფესვები. როდესაც ფესვი ხმება, ნერგი, ხე ნადგურდება. ნებისმიერი ერი გადაშენდება, რომელიც დაშორდება თავის ფესვებს.
მთავარი საფრთხე არის ინტერნეტის ენა. ასევე ის, რომ მშობლიურ ენაზე აღარ ვკითხულობთ წიგნებს. წიგნი ლექსიკის წყაროა. თუ ლექსიკა არ გაქვს მდიდარი, შემცირებული გაქვს სიტყვების მარაგი. ეს იმის გამოა, რომ ნაკლებად კითხულობ წიგნს. ასეთ ადამიანებს ვურჩევდი, ბევრი წაიკითხონ. ახლოს იყონ საკუთარ ფესვებთან. "მამული, ენა, სარწმუნოება“ - ეს ფრაზა ხომ ყველამ ვიცით...
ფერეიდანში ადამიანებმა დაკარგეს მამული და სარწმუნოებამ, მაგრამ მთავარი არ დაკარგეს, - ენა და ამით გადარჩნენ. ამით დარჩნენ ქართველებად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეტი ვიფიქროთ იმაზე, რომ ენა საზოგადო საკუთრებაა. თითოეულ ჩვენგანს აქვს ამის პასუხისმგებლობა. ენას არ უნდა უვლიდნენ მხოლოდ ენათმეცნიერები, ან მხოლოდ ჟურნალისტებს არ უნდა ავკიდოთ პასუხისმგებლობა. ჟურნალისტებიც ირეკლავენ იმ ენას, რითაც ჩვენ ვლაპარაკობთ. ამიტომ ჟურნალისტებისკენ თითის გაშვერა, არ ვარგა. თვითონ როგორ ლაპარაკობ, უმჯობესია, ამას დაუკვირდი. ყველანი ერთად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ენას.