ავტორი:

გარდაიცვალა მოსადის ლეგენდარული აგენტი - რა არის ცნობილი "ჩრდილის ქალის“ შესახებ?

გარდაიცვალა მოსადის ლეგენდარული აგენტი  - რა არის ცნობილი "ჩრდილის ქალის“ შესახებ?

ალიზა მაგენ-ჰალევი, ისრაელის სადაზვერვო საზოგადოების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მაღალი თანამდებობის პირი ქალი,14 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაგენი, მეტსახელად "ჩრდილის ქალი“, დაახლოებით 40 წლის განმავლობაში მსახურობდა დაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების უწყებაში და იყო პირველი და ერთადერთი ქალი, რომელმაც ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.

ის დაიბადა 1937 წელს, ებრაულ ოჯახში, რომელიც ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გერმანიიდან გაიქცა. ის მოსადის სამსახურში 23 წლის ასაკში ჩადგა და 1958 წლიდან 1999 წლამდე მონაწილეობდა ასობით ფარულ ოპერაციაში.

მისი ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი საქმე იყო ოტო ადოლფ აიხმანის - ჰოლოკოსტის შემოქმედისა და SS-ის ობერშტურმბანფიურერის სასამართლო განხილვა, რა დროსაც, გერმანული ენის ცოდნის წყალობით, ანგარიშებს ამზადებდა.

შეგახსენებთ, მილიონობით ებრაელის საკონცენტრაციო ბანაკებში დეპორტირებასა და ფიზიკურ განადგურებაში ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე აიხმანი1960 წელს, ისრაელის სადაზვერვო სამსახურმა არგენტინაში შეიპყრო და გაიტაცა. ის დამნაშავედ ცნეს სამხედრო დანაშაულში და 1962 წელს ჩამოახრჩვეს.

მოკლედ, ალიზას ანგარიშებს თანდართულმა პირადმა ჩანაწერებმა შთაბეჭდილება მოახდინა მოსადის იმჟამინდელ ხელმძღვანელ ისერ ჰარელზე, რომელმაც მისი დაწინაურება გადაწყვიტა.

ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ქალმა მონაწილეობა მიიღო უაღრესად მგრძნობიარე და დრამატულ ოპერაციებში. ის მონაწილეობდა 1960-იან წლებში ეგვიპტის დამხმარე გერმანელი მეცნიერების წინააღმდეგ დაგეგმილ ოპერაციაში, იგი გაგზავნეს ზალცბურგში, ავსტრიაში, რათა გადაებირებინა გერმანელი მეცნიერი, რომელიც მუშაობდა ეგვიპტის იმჟამინდელ პრეზიდენტ გამალ აბდელ ნასერთან, რასაც წარმატებით გაართვა თავი; მოგვიანებით იგი მუშაობდა გერმანიაში. მიიღო მონაწილეობა ოპერაციაში Diamond - ში, რომლის მიზანიც ერაყელი მფრინავის მუნირ რედფას გადაბირება იყო.

მის შესახებ ინფორმაცია უკიდურესად გასაიდუმლოებული იყო, ვიდრე უწყების მაღალ თანამდებობებზე არ გამოჩნდა. დღემდე ბევრი რამ "ჩრდილის ქალის" შესახებ კვლავაც უცნობია, მასზე ძალიან მწირი ცნობები იძებნება.

მაგენი 1997-1999 წლებში მოსადის უფროსის მოადგილის თანამდებობას პენსიაში გასვლამდე იკავებდა.

უწყების უმაღლეს ეშელონებში მისმა დაწინაურებამ დაარღვია გენდერული ბარიერები მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საიდუმლო უსაფრთხოების ინსტიტუტში, სადაც ტრადიციულად მამაკაცები დომინირებდნენ.

ერთ-ერთი გახმაურებული საქმე, რომელიც მას უკავშირდება, არის ოპერაცია "ღვთის რისხვა“, რომლის დროსაც ლიკვიდირებულნი იქნენ ტერორისტები. ისინი პასუხისმგებელნი იყვნენ 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებზე ისრაელელი სპორტსმენების ხოცვა-ჟლეტაზე. კარიერის განმავლობაში იგი მსახურობდა სხვადასხვა საველე და სამეთაურო თანამდებობებზე ისრაელსა და მის ფარგლებს გარეთ და მოსადის თანამშრომლების თაობებისთვის საგანმანათლებლო და გავლენიან ფიგურად მიიჩნეოდა.

ექვსი წლის წინ ისრაელის ტელეარხ Kan 11-ის გადაცემა "Zman Emet“-თან იშვიათ ინტერვიუში მაგენმა გულახდილად ისაუბრა თავის საქმიანობაზე:

"ჩვენ არასდროს ვაიძულებთ ისრაელელ ქალებს ლოგინში ჩაუწვნენ სამიზნეს გადმოსაბირებლად... მე სხვა საშუალებას ვიყენებდი და ეს არის ჩემი ტვინი..." - თქვა მან, როდესაც ჰკითხეს, თუ როგორ ახერხებდა, უცხო ქვეყნის აგენტების გადაბირებას და იქვე დაამატა:

"თქვენ მის შესწავლას იწყებთ: ამოწმებთ სუსტ მხარეებს - ფინანსურ სირთულეებს; პირად ცხოვრებას; პრობლემას ცოლთან ან ქმართან... ცდილობთ კონტაქტის დამყარებას კაფეში, სასტუმროში, ცოტას ესაუბრებით, ჩაითრევთ მას და შემდეგ ამყარებთ კონტაქტს“.

მაგენი მრავალი წლის განმავლობაში "მოსადის“ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო და სამსახურიდან 1999 წელს გადადგა. ქალი გათხოვილი იყო, მისი მეუღლე აბრაამი 2011 წელს გარდაიცვალა. წყვილს შვილები არ ჰყოლია.

იხილეთ ასევე:

ავტორი: მიხეილ ხაჩიძე