ბოლო დღეებია საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდა. წვიმა, ზოგან თოვლი, ქარი, დაბალი ტემპერატურა მოსახლეობას გვარიან დისკომფორტს უქმნის.
როგორი ამინდები გველოდება აღდგომის კვირაში, როდის გამოიდარებს და დავტკბებით მზის სხივებით? - ამ კითხვებზე პასუხი სინოპტიკოს სვეტლანა ნიორაძეს ვთხოვეთ.
როგორც მან აღნიშნა, ამინდის ცვლილებები უკვე ხვალიდან დაიწყება.
"17 აპრილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და ნალექიანი ამინდი, ხოლო ხვალიდან უკვე კარგი ამინდები გამოდის და ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დათბება.
პერიოდულად შესაძლებელია ისევ იწვიმოს, მაგრამ ძირითადად კარგი ამინდები იქნება. დედაქალაქში ტემპერატურა 22-24 გრადუსამდე გაიზრდება, რაც შეეხება სხვა რეგიონებს - 20 გრადუსამდე დათბობას ველოდებით", - ამბობს ქალბატონი სვეტლანა.
რაც შეეხება უშუალოდ აღდგომის დღეებს, 20 აპრილს თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა +21, +23 გრადუსის ფარგლებში იმერყევებს.
უმეტესად უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოშიც.