საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ საფრანგეთში უამრავი ქართველი განიკურნა.
“სულ არაფერში გვჭირდება ანტიქრისტიანული ევროპის ვიზალიბერალიზაციაო. ხოდა…
საოპერაციოდან ახალი გამოსული ვიყავი, მობილურმა დარეკა. მეზობელ საოპერაციოში, ქირურგებთან იქნებ მოხვიდეთ, ერთი ქართველი პაციენტი გვყავს და სანამ დავაძინებთ, კომუნიკაცია გვიჭირს და იქნებ დაგვეხმაროთო. მიჩვეული ვარ მსგავს თხოვნებს, თანაც იქვე ვიმყოფებოდი და ცხადია მაშინვე მივბრუნდი საოპერაციო ბლოკში.
მართლაც, დაახლოებით 2-3 წლის წინ მოვიდა, ქრონიკული პათოლოგიის გამო მკურნალობდა ჩვენი საუნივერსიტეტო კლინიკის რამდენიმე განყოფილებაში, უბრალოდ სამედიცინო საბუთები სჭირდებოდა ლტოლვილობის გასაფორმებლად, თვითონ ვერ გარკვეულიყო რომელი საბუთი (ფორმა 100 ის მსგავსი) რას შეესაბამებოდა, ვიღაცისგან იცოდა ქართველი ექიმის შესახებ და… ზუსტად იგივე თხოვნით მოვიდა ამჯერადაც ჩემთან. დავულაგე და დავუწერე ქართულად, რა სად მიეტანა.
ეს ყველაფერი მხოლოდ ამ თვეში მოხდა და თითქმის ასეა ყოველთვე, უკვე დაახლოებით 5-8 წელია. კიდევ სხვა მსგავსი, ან კიდევ უფრო მძიმე ისტორიები შემიძლია მოვყვე, მაგრამ ამჯერად საკმარისია… ყოველთვის უკიდურესად დამძიმებული განწყობა მომყვება მთელი საღამო როდესაც ქართველ პაციენტებს ვნახულობ.
რაც მთავარია და რაც საერთოა ამ ხშირად მსგავს სიტუაციებში, ამ პაციენტებს, ვიზალიბერალიზაციის წყალობით უპრობლემოდ ჩამოსულებს, საფრანგეთში ეგრევე უტარდება ზუსტად ისეთივე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა, როგორიც ჩაუტარდებოდა ნებისმიერ საფრანგეთის მოქალაქეს. მერიის, სამინისტროს და სხვა წერილებისა თუ თანხმობების გარეშე (არ არსებობს აქ მსგავსი მარაზმი), საერთოდ რაიმე ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე, მკურნალობის ხანგრძლივობისა თუ საფასურის მიუხედავად ამ ქართველი პაციენტებისთვის ყველაფერი უფასოა!
მე პირადად ვიცნობ ათეულობით პაციენტს, ვინც ვიზალიბერალიზაციისა და ევროპული სოლიდარობის წყალობით ისარგებლა ამ უფლებებით (ესაა ადამიანის უფლებები მოქმედებაში) და გამოჯანმრთელდა, თუმცა სამწუხაროდ ყველა არა. სხვადასხვა წყაროებით, ყოველ წელს 7- დან 10 ათასამდე (ან მეტიც) პაციენტი ჩამოდის სამკურნალოდ ევროპაში, რაც 3 მილიონიანი საქართველოსთვის ძალიან ბევრია.
ესაა ევროპა, ესაა ევროპული სოლიდარობა, ესაა საგინებელი ლიბერალიზმი და ესაა თუნდაც ქრისტიანობა, რეალური და არა ფარისევლური. და მე ძალიან მიხარია, როდესაც საფრანგეთის მედიცინა , ერთ ერთი საუკეთესო მსოფლიოში, ხშირად (ყოველთვის თუ არა) ამართლებს ქართველი პაციენტების იმედებს. თუმცა, სამწუხაროდ, ზოგი მართლა ტერმინალურ სტადიაში ჩამოდის… მაგრამ ღირსეულ და ადამიანურ პირობებში მაინც ხვდება ბოლო წამებს. არ დამავიწყდება (მთელი ოჯახი ვიყავით ჩართული ორგანიზაციაში) როგორ დაუფინანსა ურჯულო საფრანგეთმა ცოლისა და შვილის აქ ჩამოსვლა, მის გვერდით რომ ყოფილიყვნენ, ერთ განწირულ პაციენტს…
ცხადია, უფასო არაფერი არ არსებობს ბუნებაში, ჩვენი გადასახედებით ფინანსდება ესეც. დიდი გადასახადებია საფრანგეთშიო, დიახ ასეა, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ეს ჩვენი მაღალი გადასახადები სამართლიანად და სწორად იხარჯება. და ისიც ვიცი ზუსტად, ფრანგები ამას (სოლიდარობას) მხარს უჭერენ, ლეპენის მიმდევრების გარდა.
ამჯერად უშუალოდ სამედიცინო ასპექტებს, რატომ და რის გამო გამორბიან პაციენტები მასიურად საქართველოდან, არ შევეხები.. და ვთვლი რომ, ძალიან კარგია, როდესაც დაბალი განვითარების ქვეყნის მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა სწორი მკურნალობა ჩაიტაროს განვითარებულ ქვეყანაში. ესაა ჩემთვის გლობალიზაციის ერთ ერთი ყველაზე პოზიტიური შედეგი.
ზუსტად ვიცი, იმ პაციენტებს , ვინც აქ ვნახე, საქართველოში გადარჩენის არანაირი შანსი არ ექნებოდათ (და აქ ექიმების ბრალი მინიმალურია). ასე რომ, რუსული ოცნების მიერ მოკლულთა სიას მოკლული პაციენტების სახელებიც დაემატება მალე. 65 000 000 ის მომპარავ წილოსანს რომ სულ ფეხებზე ჰკიდია ეს , ეგ ვიცი.
დანარჩენებს(აც)?“ - წერს რევაზ ბოჭორიშვილი.
იხილეთ ასევე: