ავტორი:

მარიამ შენგელიას თქმით, მისი გმირი "ევროვიზიის" კონკურსზე კონჩიტა ვურსტია - რას წერს "ევროვიზიის" ვებგვერდი ქართველ კონკურსანტზე

მარიამ შენგელიას თქმით, მისი გმირი "ევროვიზიის" კონკურსზე კონჩიტა ვურსტია - რას წერს "ევროვიზიის" ვებგვერდი ქართველ კონკურსანტზე

eurovision.tv "ევროვიზიაზე" საქართველოს წარმომადგენლის, მარიამ შენგელიას შესახებ სტატიას აქვეყნებს,

  • შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 13, 15 და 17 მაისს შვეიცარიაში, ბაზელში გაიმართება.

"მარიამ შენგელია ფრთებს შლის და შვეიცარიისკენ მიემართება. ის საქართველოს ევროვიზიაზე წარადგენს სიმღერით, სახელად "Freedom“ (თავისუფლება)" - ვკითხულობთ სტატიაში.

ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2025 წლისთვის თავისი წარმომადგენელი შიდა შერჩევით აირჩია. "ის შესაძლოა საქართველოს პატარა ქალაქიდან იყოს, მაგრამ ახლა მსოფლიოს უდიდესი სიმღერის კონკურსისკენ მიემართება", - ვკითხულობთ სტატიაში.

ავტორი წერს, რომ "ევროვიზიის" სცენა მარიამისთვის დიდი ხნის ნანატრი იყო. 2020 წელს ის უკვე მზად იყო როტერდამში ჩასასვლელად, მაშინ ის თორნიკე ყიფიანის ბექ-ვოკალისტი იყო, რომ ყოფილიყო. თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, კონკურსი იმ წელს არ გაიმართა.

2025 წლის კონკურსისთვის მარიამი იმღერებს სიმღერას "Freedom“. მუსიკა ეკუთვნის ქართველ კომპოზიტორსა და მუსიკალურ პროდიუსერს, ქეთი გაბისიანს, რომელსაც სატელევიზიო შოუებსა და პოპულარულ ჰიტებზე უმუშავია. ტექსტი კი ეკუთვნის ქართველ მუსიკოსს, ბუკა კარტოზიას, რომელმაც დააარსა ვოკალური ჯაზ-ჯგუფი "The Quintessence“.

"მარიამი ადრეული ასაკიდან მღერის და ყურადღება პირველად 2018 წელს, "The X Factor Georgia“-ში მონაწილეობისას მიიპყრო. მან ძლიერი ვოკალით თავი "Chandelier“-ის შესრულებისას სრულად წარმოაჩინა და ნახევარფინალამდე მიაღწია. ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული "The Voice Georgia“-ში, სადაც ასევე ნახევარფინალისტი იყო და იყო ფინალისტი პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები“. ის ცოცხალი მაგალითია იმისა, რომ ნიჭი და შეუპოვრობა შეიძლება ფორმალურ განათლებაზე არანაკლებ ძლიერი იყოს.

სოლო კარიერის გარდა, მარიამი მღერის ჯგუფ "Mixtura“-ში. მას მიაჩნია, რომ ჯგუფში გამოსვლამ გააფართოვა მისი მუსიკალური დიაპაზონი და ეჭვგარეშეა, ევროვიზიაზე კონკურსი კიდევ უფრო გააფართოებს მის ჰორიზონტს.

მარიამის ყველაზე ადრეული "ევროვიზიული" მოგონება უკავშირდება 2009 წელს ნორვეგიის წარმომადგენლის, ალექსანდრე რიბაკის გამარჯვებას სიმღერით "Fairytale“. ის ამბობს: "ბავშვობაში მისით შეპყრობილი ვიყავი!“ მარტო არ ყოფილხარ, მარიამ!", - წერს სტატიის ავტორი.

  • როგორც გამოცემასთან მომღერალი ამბობს, "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსზე მისი გმირი კონჩიტა ვურსტია, რომელმაც 2014 წელს ავსტრიის სახელით, სიმღერით "Rise Like A Phoenix“ გაიმარჯვა. მარიამს მოეწონა, როგორ მიიღო კონჩიტამ თავისი ინდივიდუალობა და დაარღვია ნორმები. და "რა შეიძლება იყოს ფენიქსზე უკეთესი თავისუფლების სიმბოლო?", - ვკითხულობთ სტატიაში.

მარიამის საყვარელი სიმღერები ემოციური ბალადებია. მის რჩეულებს შორის არის ეტა ჯეიმსის "At Last“, არეტა ფრანკლინის "(You Make Me Feel Like) A Natural Woman“ და უიტნი ჰიუსტონის "I Will Always Love You“. მისი ყველა დროის საყვარელი მუსიკალური კერპები არიან უიტნი ჰიუსტონი, მაიკლ ჯექსონი და ეტა ჯეიმსი.

მაგრამ მარიამის ფლეილისტს მხოლოდ კლასიკა არ ავსებს. მას ასევე უყვარს ბილი აილიშის "WILDFLOWER“, ანდრა დეის "Rise Up“ და ლედი გაგასა და ბრუნო მარსის "Die With A Smile“.

რაც შეეხება მის საყვარელ კარაოკე სიმღერას, ის ყოველთვის რეტრო ბლუზის კლასიკას – ეტა ჯეიმსის "I’d Rather Go Blind“-ს ირჩევს. მიუხედავად მისი სევდიანი ფლეილისტისა, მარიამი ამბობს, რომ ძალიან ბედნიერი ადამიანია.