ავტორი:

უბრალო ხის სასახლე, საგანგებო კრება და პაპის ანდერძი - ვატიკანმა გაავრცელა ფოტოები, სადაც ფრანცისკეს უკანასკნელი განსასვენებელი ჩანს

უბრალო ხის სასახლე, საგანგებო კრება და პაპის ანდერძი - ვატიკანმა გაავრცელა ფოტოები, სადაც ფრანცისკეს უკანასკნელი განსასვენებელი ჩანს

ვატიკანმა გაავრცელა ფოტოები, სადაც რომის პაპი ფრანცისკეს უკანასკნელი განსასვენებელი ჩანს. პონტიფიკოსი ღია ხის სასახლეშია ჩასვენებული, წითელ ლიტურგიკულ სამოსშია გამოწყობილი.

ვატიკანის განცხადებით ცერემონია გუშინ საღამოს გაიმართა. ცერემონიას, რომელიც დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა, ვატიკანის “კამერლენგო“, კარდინალი კევინ ფარელი ესწრებოდა.

ფრანცისკეს დაკრძალვის დასაგეგმად კარდინალები ვატიკანში დილით შეიკრიბნენ. უახლოეს დღეებში კრება მოემზადება მისი დაკრძალვისთვის, დაგეგმავს კონკლავს მემკვიდრის ასარჩევად და კათოლიკური ეკლესიის მართვასთან დაკავშირებით სხვა გადაწყვეტილებებს მიიღებს.

გასულ წელს დამტკიცებული წესების მიხედვით, პაპის დაკრძალვა უნდა მოხდეს მისი გარდაცვალებიდან მეოთხე და მეექვსე დღეს, ამიტომ სავარაუდო თარიღია შაბათი ან კვირა. ცერემონიალი სავარაუდოდ გაიმართება წმინდა პეტრეს მოედანზე, სადაც დაახლოებით 300 000 ადამიანი ეტევა.

თავის ანდერძში ფრანცისკემ დაწერა, რომ სურდა დაეკრძალათ უბრალო ხის სასახლეში, სანტა მარია მაგიორეს ბაზილიკაში, რომელიც ვატიკანის გარეთ მდებარეობს და იქ მისი საყვარელი ღვთისმშობლის ხატი ინახება.

პაპი ფრანცისკე გუშინ, 88 წლის ასაკში, ინსულტის შემდეგ გარდაიცვალა. მანამდე ის პნევმონიის დიაგნოზით საავადმყოფოში 5 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.

პაპი საჯაროდ რამდენიმე დღის წინ, აღდგომის მისალოცად გამოჩნდა.

წყარო

იხილეთ ასევე: