2022 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ გამოავლინა კავშირი ცხვირის ქექვასა და დემენციის განვითარების რისკს შორის - თაგვებზე ჩატარებული კვლევის საფუძველზე, მეცნიერები ამბობენ, რომ ბაქტერიას ცხვირში არსებული ყნოსვითი ნერვის გავლით ტვინში მოხვედრა შეუძლია.
ჯექსონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის პროფესორის და მოლეკულური ვირუსოლოგის, სედრიკ ბაკლის თქმით, ცხვირის ქექვას ცხვირის ღრუების თხელი ეპითელიუმის გარსების დაზიანება და მათში პატარა ნაპრალების გაჩენა შეუძლია.
"ამ ბარიერის დაზიანების შემდეგ, თქვენი თითი პირდაპირ კაპილარულ კალაპოტს ეხება, რომელიც ვირუსული ინფექციების გადამტანი ხდება", - განმარტავს ის.
მკვლევართა ჯგუფმა ავსტრალიის გრიფიტის უნივერსიტეტის მეცნიერთა ხელმძღვანელობით ჩაატარა ტესტები ბაქტერიაზე, სახელად Chlamydia pneumoniae , რომელსაც პნევმონიის გამოწვევა შეუძლია.
ბაქტერია ასევე აღმოჩენილია ალცჰაიმერით დაავადებული ადამიანის ტვინში.
"პირველები ვართ, რომლებმაც ვაჩვენეთ, რომ Chlamydia pneumoniae-ს ცხვირიდან პირდაპირ ტვინში მოხვედრა შეუძლია, სადაც ალცჰაიმერის დაავადებისთვის დამახასიათებელ პათოლოგიებს აყალიბებს. ეს თაგვების მოდელში შევნიშნეთ და მტკიცებულებები მიუთითებს, რომ მსგავსი რამ ადამიანებისთვისაც პოტენციურად საშიშია", - ამბობენ მეცნიერები.
დაგეგმილია ადამიანებში იგივე კვლევების ჩატარება - მაგრამ მანამდე მკვლევარები ამბობენ, რომ ცხვირის ქექვა და ცხვირის თმის ამოღება "არ არის კარგი იდეა", რადგან ის პოტენციურ ზიანს აყენებს დამცავ ქსოვილს.