ავტორი:

"მგონია, რომ რუსეთი ბევრ დათმობაზე აპირებდა წასვლას, მაგრამ ტრამპი ისევ ზელენსკის მიუბრუნდა და..." - რა შედეგს მოიტანს აშშ-ის პრეზიდენტის გაურკვეველი პოლიტიკა

"მგონია, რომ რუსეთი ბევრ დათმობაზე აპირებდა წასვლას, მაგრამ ტრამპი ისევ ზელენსკის მიუბრუნდა და..." - რა შედეგს მოიტანს აშშ-ის პრეზიდენტის გაურკვეველი პოლიტიკა

23 აპრილის საღამოდან 24 აპრილის დილამდე რუსეთის ჯარებმა უკრაინაში სხვადასხვა ტიპის 215 რაკეტა და დრონი გამოიყენეს. უკრაინის ხელისუფლების თავდაპირველი ინფორმაციით, მასირებული შეტევის შედეგად კიევში, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა და 70-ზე მეტი დაშავდა. რაკეტებით და დრონებით რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ უკრაინის ათამდე რეგიონშიც. კიევსა და ოლქებში დანგრეული, ან დაზიანებულია სახლები, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებები, ადმინისტრაციული შენობები, საწარმოები და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა.

  • კიევის მასირებულ დაბომბვას წინ უძღოდა დონალდ ტრამპის მორიგი კრიტიკა ზელენსკის მისამართით - აშშ-ს პრეზიდენტმა უკრაინის ლიდერი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაზიანებაში დაადანაშაულა, ტრამპი გულისხმობდა ზელენსკის წინა დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომ ყირიმზე რუსეთის კონტროლს უკრაინა არასდროს აღიარებს.

ტრამპი ფიქრობს, რომ ზელენსკის ორი არჩევანი აქვს:

"მას არაფერი აქვს სატრაბახო! საშინელი ვითარებაა უკრაინისთვის - მას (ზელენსკის) შეუძლია ჰქონდეს მშვიდობა, ან შეუძლია იომოს კიდევ სამი წლის განმავლობაში ქვეყნის მთლიანად დაკარგვამდე...ზელენსკის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება მხოლოდ გაახანგრძლივებს „სასაკლაოს“ და ეს არავის სურს! ჩვენ ძალიან ახლოს ვართ გარიგებასთან, მაგრამ კაცმა, რომელსაც "სათამაშო ბანქო არ უჭირავს“, ახლა ეს ბოლოსდაბოლოს უნდა გააკეთოს".

კვირის აქტუალურ თემაზე AMBEBI.GE-ს სამხედრო ანალიტიკოსი გიორგი თავდგირიძე ესაუბრება:

- რუსეთს ახლა, რა თქმა უნდა, სჭირდება რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოს მშვიდობას, ოღონდ, აქვს გარკვეული ჩარჩოები, რომლიდანაც ვერ გამოვა - ერთის მხრივ, მას ჰყავს შიდა, კრემლის ოპოზიცია, რომელსაც აქვს ერთი ინტერესი, შეინარჩუნონ ძალაუფლება. ამ ოპოზიციის უდიდესი ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთი დათმობაზე თუ წავა, ამ შემთხვევაში იცვლება რეალობა და მათ შეიძლება კრემლიდან გასვლა და ძალაუფლების დათმობა მოუწიოთ. პუტინი ვალდებულია და იძულებული ყველაფერი გააკეთოს, მათ აჩვენოს, რომ უკომპრომისოა, მაქსიმალურად შეეცდება ამ მოლაპარაკებაში არ დათმოს და ბევრი წამოიღოს, მას სჭირდება ასე პოზიციონირებდეს. ამის შემადგენელი ნაწილია მისი ხისტი განცხადებები, მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა... ის რომ სასტიკად იქცევა და მისი სიმტკიცე არ შერბილებულა, ეს ყველაფერი მას იმისთვის სჭირდება, რომ შიდა ოპოზიციას ელაპარაკოს და კრემლში ძალაუფლება შეინარჩუნოს.

ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის წინ იყო დუეს დოქტრინა, სადაც დუე ამბობდა, რომ ომში წარმატების მისაღწევად უნდა გამოვიყენოთ ავიაცია მსხვილი ქალაქების დასაბომბად და რაც შეიძლება მეტი სამოქალაქო მსხვერპლია საჭირო იმისთვის, რომ აღშფოთებულმა მოსახლეობამ აიძულოს მთავრობები, ომში დამთმობები იყვნენ. ეს ცნობილი დოქტრინაა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში არ იმუშავა, მაგრამ დღეს რუსეთისთვის რატომღაც ერთ-ერთი სამოქმედო სტრატეგია აღმოჩნდა. რუსეთი ცდილობს უკრაინა დაასუსტოს იმით, რომ დაასუსტოს ზელენსკის მმართველობა. სამხედრო თვალსაზრისით, სამოქალაქო ობიექტების დაბომბვები არც ერთ მხარეს არ ასუსტებს, მაგრამ ეს არის მორალური წნეხი, დაშინება და რუსეთი ფიქრობს, ეს იქნება ეფექტური და რაღაც შედეგზე გავა. უკვე რამდენი ხანია ის ამას აკეთებს, თუმცა შედეგი ნულია, ოპერატიულ ვითარებაზე ცალსახად და ეფექტურად ეს არანაირ გავლენას არ ახდენს.

რაც შეეხება უკრაინის მხარეს, ოპერატიული ვითარება და ზოგადად, ბრძოლის ველზე ვითარება არ არის უკრაინისთვის რაიმე ხიფათის მომტანი, ომის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის ფრონტის ხაზი, სადაც მიმდინარეობს ბრძოლები და ომის ბედიც ხშირად 90% იმის მიხედვით წყდება, როგორ მიდის საბრძოლო მოქმედებები. არის ასეთი შემადგენელი, როგორიცაა პოლიტიკური ნაწილი, რომელშიც შედის ლოჯისტიკური უზრუნველყოფა, საერთაშორისო დახმარების მიღება და ა.შ. რომელმაც შეიძლება დასუსტება გამოიწვიოს, მაგრამ ეს ახლა არანაირად არ იგრძნობა. უახლოეს ხანში უკრაინას არ შეუძლია ბრძოლის ველზე დაამარცხოს რუსეთი, მაგრამ დინამიკას თუ მივყვებით, უკრაინა მიზანმიმართულად ანადგურებს სამხედრო ინფრასტრუქტურას რუსეთის ზურგში, ხოლო რუსეთი იმავეს ვერ აკეთებს. რუსეთში კვირაში 2-3-ჯერ რაღაც ობიექტი იბომბება და მას უზარმაზარი ზარალი აქვს.

არ გავრცელებულა არც ერთი ინფორმაცია იმაზე (ფეიკ ნიუსებს თუ არ ჩავთვლით), რომ უკრაინის ზურგში ნადგურდება სამხედრო ობიექტები, თუ ნადგურდება, ერთეული შემთხვევაა და ისიც რუსეთის მხრიდან ბოლომდე განადგურებული არაა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინის წნეხი რუსეთზე მთელ სიღრმეში გაცილებით მაღალია, ვიდრე რუსეთისა - უკრაინაზე. პარალელურად, უკრაინის სამხედრო პოტენციალი მზარდია, ის ძლიერდება დასავლეთის ტექნოლოგიური სამხედრო მხარდაჭერით მაშინ, როცა რუსეთი იძულებულია დაეყრდნოს ირანისა და ჩრდილოეთ კორეის სამრეწველო კომპლექსს, რომელიც არ გამოირჩევა მაღალტექნოლოგიურობით (რაოდენობრივად - კი, ბატონო) და ამასაც დიდი გამოცდა ელოდება წინ, ვინაიდან ამ ქვეყნების სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი იზრდებოდა მშვიდობიან პერიოდში და ომის ტემპებიდან გამომდინარე, არ არის მზად დაჩქარებულად იმოძრაოს.

ასე რომ, ბრძოლის ველზე უკრაინისთვის არ არსებობს რაიმე ისეთი, რამაც მას დათმობები უნდა აიძულოს. რა თქმა უნდა, უკრაინის სუსტი წერტილია აშშ-ს მხარდაჭერა, რომელიც ჯერ სრულფასოვნად არ არის ჩანაცვლებული ევროპული მხარდაჭერით, მაგრამ ევროპული ერთობა სულ უფრო მზარდია უკრაინის მხარდასაჭერად და არა მხოლოდ ლოჯისტიკური, არამედ სამხედრო თვალსაზრისითაც. ეს არის თემა, რომელიც ღრმავდება და აუცილებლად მივა ლოგიკურ დასასრულამდე - ევროპა ჯარისკაცებით მკაფიოდ შემოხაზავს იმ ტერიტორიას, რომლის იქითაც რუსეთი იქნება, ირანი, თუ სხვა ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც შეეცდება ამ ტერიტორიაზე იმოქმედოს, მოუწევს გაუმკლავდეს მთელი ევროპის სამხედრო პოტენციალს, უბრალოდ, ტრამპის პოლიტიკაა გაურკვეველი.

- რა ამოძრავებს ტრამპს?

- ტრამპს ამოძრავებს სუფთა ეგოისტური ამბიციები. ვერ ვიტყვი, რომ მისი გაჟღერებული პოლიტიკა სასარგებლოა ამერიკისთვის, ამ გადმოსახედიდან ძლიერი ამერიკის შესაქმნელად მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვერ ვხედავ, პირიქით... ძლიერი ამერიკა თუ უბრალოდ იზოლაციაში ყოფნაა და მას არ აინტერესებს გარე ეკონომიკური, სამხედრო, დიპლომატიური კავშირები, ტრამპი და მისი გუნდი ამას თვლის ამერიკის სიძლიერედ, ამის მიღწევა მათ შეუძლიათ, მაგრამ ის, რასაც ჰქვია ავტორიტეტული, გავლენიანი ამერიკა, რომელთანაც პარტნიორობა ყველასთვის მისასალმებელი იყო მისი ეკონომიკური, პოლიტიკური, თუ სამხედრო სიძლიერის გამო, ტრამპის პოლიტიკის გამო ასეთი ამერიკის მზე ჩაესვენება და არა მგონია, ზელენსკი რაიმე ფორმით უნდა აჰყვეს მას.

- ფაქტია, არც ჰყვება და მეტიც, ზელენსკისთვის მიუღებელია ტრამპის სამშვიდობო გეგმა და ალბათ არც დათანხმდება, რომ ამ ე.წ. კაპიტულანტურ შეთანხმებაზე წავიდეს...

- ეს სულაც არ არის სამშვიდობო გეგმა, ვერ ვიტყვით, რომ ეს არის გააზრებული სამშვიდობო გეგმა, თუმცა ერთია ტრამპის განცხადებები, მეორეა დაზუსტებები, ჩასწორებები და შემსუბუქებები, რომლებიც კეთდება. რატომ უნდა ვიმტვრიოთ თავი უცნაური ადამიანის უცნაურ განცხადებებზე, როცა ვიცით მყარი ტენდენცია, რომ დღეს ამერიკას არ აქვს ბერკეტი ისეთი ზეწოლა მოახდინოს კანადაზე, დანიაზე, ევროპაზე, რომ ვიღაც აღმოჩნდეს კაპიტულანტურ განწყობაზე. რა თქმა უნდა, ტრამპის წინადადებები კაპიტულაციას ნიშნავს იმ ფორმით, რა ფორმითაც ისაა გაჟღერებული.

შეიძლება დიპლომატიაში მოსულია, როცა მანევრებს ახორციელებ, როცა შეიძლება რაღაცა დაათმობინო შენივე მომხრეს მხოლოდ იმიტომ, რომ უპირატესი პოზიცია მიიღო და მერე საბოლოო ფორმატში როცა გადადიხარ, ეს ყველაფერი გაასწორო, რათა ოპონენტ მხარეს ლოგიკური შეცდომები დააშვებინო, ესეც იგრძნობოდა ტრამპის განცხადებებში, მაგრამ ეს მუდმივი ცვლილებები იმდენად დამღლელი გახდა, მგონია, რომ როცა რუსეთს ულტიმატუმი წაუყენა, რუსეთი ბევრ დათმობაზე აპირებდა წამოსვლას, მაგრამ მერე ტრამპი ისევ ზელენსკის მიუბრუნდა და ამ დროს უკვე კრემლში იმ ჯგუფმა წამოყო თავი, რომელიც პუტინს ეკამათებოდა იმაზე, როგორ შეიძლება დასუსტებულ დასავლეთს ახლა რაიმე დავუთმოთო. ტრამპი არ ითვალისწინებს კრემლის შიგნით მიმდინარე მოვლენებსაც.

ეს არ არის დემოკრატიული ქვეყანა და თუ პუტინი დაკარგავს ძალაუფლებას, ის კარგავს სიცოცხლეს, ქონებას, მისი ახლობლები მაღალი რისკის ქვეშ არიან და აქედან გამომდინარე, პუტინი იმ კონტექსტში უყურებს ამ მოლაპარაკებას, რომ მას პირადი ინტერესიც აქვს, განსხვავებით ზელენსკისგან, რომელსაც გადაირჩევენ თუ არა, ეს არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს, ამიტომ ზელენსკის არ აქვს ის მიდგომა, რომ ახლა თუ ძალიან ხისტი არ იქნება, შეიძლება სიცოცხლე დაკარგოს. ზელენსკი არის ძლიერი პოლიტიკოსი, მას რა თქმა უნდა, დივიდენდები სჭირდება და ის მოსულია პოლიტიკაშიც, მაგრამ როგორც ქვეყნის მმართველი, თავისი ხალხის ინტერესებზე დგას, სამთავრობო სახლის ინტერესში კი არ იხარშება, ბაბლის ინტერესებს კი არა, მთელი უკრაინის ინტერესებს იცავს და ახორციელებს - ეს იკითხება და ამიტომაც არის ის პოპულარული პოლიტიკოსი უკრაინაში.

- ტრამპი იქადნება, სამშვიდობო შეთანხმებას თუ ვერ მიაღწევს, ის ჩაეხსნება მოლაპარაკებას. ეს ავტომატურად ხომ არ ნიშნავს უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტას და ამ სიცარიელეს შეავსებს თუ არა ევროპა? ალბათ იმასაც აქვს მნიშვნელობა, რა დროში მოხდება ეს...

- უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრა შეხვედრაზე იმართება, ეს დაუმთავრებელი პროცესია და არ ჩერდება იქ, სადაც ტრამპის და მისი ადმინისტრაციის ბოლო განცხადებაა. ვფიქრობ, არაგონივრული იქნება, რომ ამერიკამ ახლა უკრაინას დახმარება შეუწყვიტოს. ამან შეიძლება ბრძოლის ველზე გარკვეული პრობლემები გამოიწვიოს 2-3 თვის განმავლობაში. ასეთი ტიპის პრობლემები ერთხელ უკვე ჰქონდა უკრაინას, როცა ის აქტიური ვეღარ იყო (ანუ როცა ასეთი პრობლემა წარმოიქმნება დღეში 10 გასროლის ნაცვლად, პირობითად ქვემეხიდან 5 გასროლა კეთდება), აქტიურად ვეღარ ახორციელებდა რუსეთზე ზეწოლას, მაგრამ არც რუსეთს აქვს იმის ბერკეტი, რომ უკრაინა ჩამოშალოს.

ამ ტიპის გართულება შეიძლება გაგრძელდეს 2-3 თვის განმავლობაში, მაგრამ რასაც ახლა ევროპა გეგმაზომიერად ახორციელებს (ოდნავ აჩქარებული, მაგრამ მაინც ნაბიჯ-ნაბიჯ, ამას გარკვეული დრო სჭირდება), ასეთი სიტუაცია თუ შეიქმნა ევროპამ ფორსმაჟორში შეიძლება კიდევ უფრო დააჩქაროს თავისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექტის წარმადობა. ტრამპთან და ამერიკასთან ერთად რუსეთის დამარცხება გაცილებით ადვილი იქნებოდა, ის უკვე დამარცხებული იქნებოდა და პუტინი აქეთ შეეხვეწებოდა ყველას, მშვიდობა მჭირდებაო იმიტომ, რომ რუსეთის ეკონომიკა მზად არის იმუშაოს ღატაკ რეჟიმში.

დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვამდე, ხანმოკლე შეხვედრა გამართეს

პუტინისთვის ეს იქნება უდიდესი გამოცდა, როდესაც ახლა 2-3 თვეში მოუწევს კიდევ უფრო არაპოპულარული ფინანსური ნაბიჯები გადადგას - რუსეთის ეკონომიკა ერთგვარად სულს ღაფავს, ეს არ არის სტალინის რუსეთი, როდესაც ნებისმიერი პროტესტის გამო გულაგში შეიძლება აღმოჩენილიყავი და რა მნიშვნელობა ექნება, რომელ დაზგასთან დადგები - სამოქალაქო დაზგასთან და მკაცრი დისციპლინა იქნება, თუ სადღაც შემოღობილში, როგორც პატიმარს ისე დაგაყენებენ და 12 საათის ნაცვლად 16 საათს გამუშავებენ? ეს იყო სტალინის რუსეთი და ის სხვანაირად მუშაობდა, პუტინს ამის ფუფუნება არ აქვს, მან თავის ბიზნესმენებსაც გარკვეული ახსნა-განმარტება უნდა მისცეს და მოსახლეობასაც.

აქედან გამომდინარე, არ ვთვლი, რომ რაღაც კატასტროფული მდგომარეობაა, უბრალოდ, კარგი იქნებოდა ტრამპს უფრო მოქნილი და ეფექტური პოზიცია ჰქონოდა და მშვიდობისთვის სხვა გზებით მიეღწია. ის თუ ჩაიხსნება და გასცემს განკარგულებას, რომ უკრაინის დახმარება შეწყდეს, შეწყდება ახალი დახმარების გამოყოფა, ინერციით გაგრძელდება ძველი გამოყოფილი დახმარება და ეს პერიოდი ექნება ევროპას მოსამზადებლად. ევროპამ დროულად თუ ვერ მოასწრო ჩაანაცვლება, ამას ნაწილობრივ მოახერხებს, 2-3 თვეში კი დაეწევა და სრულად შეძლებს, დაახლოებით ასეთ სცენარს ველოდები.

- საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, საზღვრის გადასინჯვის პრეცედენტი თუ დაუშვეს, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელშეუხებლობის პრინციპის რღვევა ალბათ ბევრ სახელმწიფოს შეუქმნის პრობლემას. ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტის აღიარება (თუკი ასე მოხდა) რა შედეგებს მოიტანს?

- ეს გამორიცხულია. ეს იქნება დამნაშავე სახელმწიფო რუსეთი, რომელსაც მიტაცებული აქვს მეზობლის ტერიტორია. მიუხედავად იმისა, ამ პირობას ზელენსკი დათანხმდება თუ არა, ზელენსკის შემდგომი პოლიტიკური ფიგურა ჩვეულებრივად დააყენებს საკითხს, რომ ეს არის უკანონო და ამას დაადასტურებს. საზღვრების ცვლილება ასე მარტივი თემა არ არის, ის ხორციელდება მხოლოდ ძალის გამოყენებით და ადრე თუ გვიან, ეს ძალა, ან მთელი სახელმწიფო სუსტდება. კონსენსუსი ისეთი თემაა, მაგ. კოსოვოსთან მიმართებაში რაც შედგა, ასეთი პრეცედენტები მანამდეც იშვიათი იყო, ეს ერთადერთი შემთხვევაა და მომავალშიც ამდაგვარ ცვლილებაზე კონსენსუსის მიღწევა ძალიან პრობლემური იქნება, სანამ არ შედგება ახალი მშვიდობა.

მაგრამ ახალ მშვიდობას სჭირდება ახალი დიდი მსოფლიო ომი, როცა ყველაფერი ძველი დაინგრევა და იქნება უსაფრთხოების ახალი სისტემა, გაერო სხვა ფორმით იქნება (თუ პირველი მსოფლიო ომის შემდგომ იყო ერთა ლიგა, მეორე მსოფლიო ომმა ის ჩამოშალა და შეიქმნა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია). ამ მშვიდობის ფარგლებში საზღვრების ცვლილება დიდ პრობლემებსა და კრიზისებს იწვევს, ეს გამორიცხულია, მხოლოდ დროებითი მოვლენა იქნება და შესაბამისად, წარმოუდგენელია, რომ ახლა უკრაინამ იურიდიულად ცნოს რუსეთის უფლებამოსილება ყირიმზე, ან ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე. რუსეთი ხერსონსაც ითხოვს, რომელიც მისი არ არის, მაგრამ როცა უკრაინა კურსკსა და ბელგოროდს უტევს, ხერსონის დათმობა სიბრიყვის უმაღლესი გამოვლინება იქნება.

წაიკითხეთ ასევე: