ირანში, შაჰიდ რაჯაის პორტში აფეთქების შედეგად 281 ადამიანი დაშავდა - ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო მედია ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა აფეთქების მიზეზი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ აფეთქების ხელშემწყობი ფაქტორი იყო აალებადი მასალების დამუშავების დაუდევრობა.
"აფექდა შაჰიდ რაჯაის პორტის ნავსადგურში შენახული რამდენიმე კონტეინერი. ამჟამად მიმდინარეობს ევაკუაცია და დაშავებულების სამედიცინო ცენტრებში გადაყვანა", - განუცხადა სახელმწიფო ტელევიზიას კრიზისების მართვის ადგილობრივმა წარმომადგენელმა.
საინფორმაციო სააგენტო Tasnim-მა დაშავებული მამაკაცების კადრები გამოაქვეყნა. Fars News-ის ცნობით, აფეთქების ხმა ისმოდა კეშმში, კუნძულზე, რომელიც ბანდარ აბასიდან 26 კილომეტრში მდებარეობს.
ადგილზე ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან. პორტის საბაჟოებმა განაცხადეს, რომ ტერიტორიიდან სატვირთო მანქანების ევაკუაცია მიმდინარეობს. მათივე თქმით, კონტეინერის ეზო, სადაც აფეთქება მოხდა, სავარაუდოდ "საშიშ საქონელს და ქიმიურ ნივთიერებებს" შეიცავდა.
"შაჰიდ რაჯაის პორტში აფეთქება და ხანძარი არ არის დაკავშირებული გადამამუშავებელ ქარხნებთან, საწვავის ავზებთან, სადისტრიბუციო კომპლექსებთან და ამ კომპანიასთან დაკავშირებულ ნავთობსადენებთან" - ნათქვამია სადისტრიბუციო კომპანიის განცხადებაში.