ხატია ფარსმანაშვილი 2 შვილის დედაა, ნიკე ჩაჩანიძე მისი უფროსი შვილია. უმცროსი დაჩი - 2 წლის არის. ნიკე, რომელიც მალე 8 წლის ხდება, ინტერნეტვარსკვლავია. გოგონას ინტერნეტმომხმარებელი თავის ვიდეოებით კარგად იცნობს. 150.000 გამომწერი "ფეისბუქზე“ ჰყავს და "ტიკ-ტოკზე“ - 43.000. ვიდეოებში ძირითადად თავის ყოველდღიურობაზე აკეთებს აქცენტს და ზოგჯერ საზოგადო თემებზეც, რაშიც დედიკო ეხმარება.
ნიკე ისეთი პოპულარული ბავშვია, რომ სხვადასხვა კომპანია საკუთარ რეკლამასაც უკვეთავს და გოგონას საკუთარი შემოსავალიც აქვს.
ნიკეს დედიკო თავისი პოპულარული და ნიჭიერი გოგონას შესახებ გვესაუბრა.
- ამჟამად დიასახლისი ვარ, ადრე ფოტოგრაფი ვიყავი, საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის წევრი. სხვადასხვა ხასიათის ფოტოებს ვიღებდი და სხვადასხვაგვარი შეკვეთა მქონდა.
- რადგან ფოტოკამერას პროფესიონალურად ფლობთ, ეს ხომ არ იყო იმის მიზეზი, რომ ნიკესთვის ვიდეოების ჩაწერა გადაწყვიტეთ?
- შესაძლებელია ესეც იყო, მაგრამ ვფიქრობ, ამის მიზეზი ისაა, რომ ყველა მშობელი შვილს "აღუს" თქმიდან პირველ ნაბიჯამდე ხომ უღებს ვიდეოს, რითაც გახარებულები არიან?! ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო. თუმცა ნიკეს და მის ვიდეოებს თავიდანვე დიდი გამოხმაურება ჰქონდა. ალბათ იმიტომ, რომ ერთი წლიდან ჩვეულებრივად საუბრობდა. ჩემს ნათქვამს კი არ იმეორებდა, თავის ნააზრევს გამოხატავდა. თან ძალიან დიდ ტექსტებს ამბობდა. წლისა და რამდენიმე თვის იყო, "მგელი და კრავს“ რომ ჰყვებოდა. ყურადღება თავიდანვე ასე მიიქცია. მერე მთხოვდნენ, მისთვის "იუთუბზე“ არხი შემექმნა, რომ მისი ვიდეოები ხშირად ენახათ. ამისთვის სერიოზულად არ შემიხედავს და არც იმისთვის, რომ მას რაიმე ნიჭი ჰქონდა და აუცილებლად საზოგადოებისთვის უნდა გამეცნო.
მოკლედ, ადამიანების იდეა საბოლოოდ მაინც იქამდე მივიდა, რომ რამდენიმე წელში ნიკეს "ფეისბუქზე“ გვერდი გავუკეთე.
- არტისტულია, კარგად საუბრობს, მოაზროვნე და გამორჩეული გოგონაა... ვის ჰგავს?
- მშობლები სულ სხვანაირები ვართ. ვფიქრობ, რომ თავის თავს ჰგავს, ასეთია თავისთავად. ძალიან კომუნიკაბელურია. რაღაც სიტუაციაში თუ მოხვდება, უნდა ილაპარაკოს, თუნდაც იქ არ იცნობდნენ, ყურადღებას იქცევს.
- თავის თანატოლებთან ურთიერთობა ამ თვისებების გამო ხომ არ უჭირს?
- პირველ კლასში ცოტა უჭირდა, როცა მივიდა, წერა-კითხვა, ანგარიში და ბევრი რამ იცოდა და ამბობდა, ყველაფერი ვიციო და არ მოსწონდა, სხვები მაშინ რომ სწავლობდნენ... თუმცა მეორე კლასიდან აღარ ჰქონდა ამ კუთხით არანაირი პრეტენზია. საჯარო სკოლაში დადის და ძალიან მოსწონს. ვუთხარი, გადაგიყვან ისეთ კერძო სკოლაში, რომელშიც გაძლიერებულად მათემატიკას და ინგლისურს ასწავლიან-მეთქი, მაგრამ იმდენად შეეგუა კლასელებს, სკოლას, რომ არ უნდა არსად გადასვლა.
- ე.ი. თანაკლასელებთან კარგი ურთიერთობა აქვს...
- ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. უყვარს თავის თანაკლასელები და დამრიგებელი. დამრიგებელზე გიჟდება. ზოგადად მორიდებული ბავშვია, ისე, რომ ვიღაცასთან სითბო, სიყვარული გამოავლინოს, ჩაეხუტოს, ეს არ ახასიათებს. კამერასთან ბევრად თავისუფალია და ასევე საკმაოდ გახსნილია თავის დამრიგებელთან, მასთან ურთიერთობა ძალიან უყვარს... საგნებიდან ძალიან უყვარს მათემატიკა...
- ცნობილი ბავშვი რომ არის, არც ეს აისახება ბავშვებთან ურთიერთობისას?
- ბავშვებთან ურთიერთობაში ეს არ იგრძნობა - არც ნიკეს მხრიდან და არც ბავშვების მხრიდან. არც ის, რომ უამრავი გამომწერი ჰყავს და კომპანიებიდან თავის შემოსავალი აქვს.
- არტისტული გოგონაა. რაიმე წრეზე ხომ არ დადის?
- რუსთავში თეატრ "ბრავოში“ დადიოდა, ერთი წლის მერე თავი დაანება. ახალ ბავშვებთან ერთად დასვეს და არ მოსწონდა, სცენაზე ვეღარ ავდივარ, ახალ ბავშვებს უხსნიან თეატრის ისტორიას, მათზე არიან გადართულები და სცენაზე ნაკლებად ვდგამთ სპექტაკლებსო. ამჟამად ხატვაზე, ცეკვაზე დადის. ხატვაში ძალიან კარგ უნარებს ავლენს.
- მის ვიდეოებს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება აქვს...
- ნიკეს ყველა ასაკის ადამიანი უყურებს, მათ შორის, ასაკოვანებიც... ვიდეოს ყოველდღე არ ვწერთ. საერთოდ ასეა, რაღაცაზე როცა ვსაუბრობთ ხოლმე, მაგ დროს იდეა მოდის, ამაზე ვიდეო ჩავწეროთ. მაგალითად, რაღაც სასაცილო თქვა, მერე მეც დავუმატე და ასე ექსპრომტად ვწერთ. ბევრი რამ მერე მისი იმპროვიზაციაა. ჩვენთან რამდენიმე კომპანია თანამშრომლობს და რეკლამასაც რომ გვიკვეთენ, ვცდილობთ, წინასწარ დავგეგმოთ, რას ვიტყვით, რა უნდა კომპანიას რომ თქვას. კამერა რომ ჩაირთვება, ნიკე თავისას ამბობს... ჩვენს ყოველდღიურობაში ატაცებულ თემებსაც ვეხმაურებით, ჩავწერთ ხოლმე ვიდეოს. ჩვენ გვერდზე ასეთი ვიდეოები ძალიან აქტუალურია.
- ბავშვის სქესის გამოცნობის ვიდეოს რომ წერენ ხოლმე, ამას თქვენ გამოეხმაურეთ. როგორი სხვადასხვა სახე შექმნა. თვითონ მოიგონა ის ყველაფერი?
- კი. რამდენიმე ვარიანტი ჩემი იყო, თუმცა ინდოელი კურიერი, სახის თამაში მისი იდეა იყო. რამდენჯერაც გამოვიძახეთ, ინდოელი იყო და ვერ აგნებდა, რაზეც ვბრაზდებით ხოლმე... რაღაც თუ არ მოეწონა, იმას არ გააკეთებს, ასე არა, ამას არ გადავიღებ - იტყვის. ზოგჯერ, უცებ რომ მიმიშვერია კამერა და მითქვამს, რა სასაცილო ხარ, ნიკე. ეს არ დადო, იტყვის და იქვე ვჩერდები.
- მამაც ჩანს ხოლმე კადრში. გაგვაცანით ნიკეს მამა და თქვენი მეუღლე...
- ნიკეს მამიკო ბაჩი ჩაჩანიძე მშენებელია. ვიდეოებში გამოჩენას უკვე შეეჩვია - სხვა გზა არ აქვს, ნიკე ხშირად იღებს ხოლმე მამიკოსთან ერთად ვიდეოს. არადა არც ვიდეოები და არც ფოტოების გადაღება უყვარდა...
- ნიკე კიდევ რით ერთობა?
- ძალიან უყვარს წიგნების კითხვა. ახლაც, ზის და კითხულობს. გაჯეტებზეც აქვს წვდომა, მაგრამ ვცდილობ, დღეში ერთ საათზე მეტი არ ჰქონდეს შეხება. ლეგოების თამაში უყვარს, გაფერადება, დახატვა. სააზროვნო თამაშებიც იზიდავს - ისეთი თამაშები უყვარს, რასაც ფიქრი სჭირდება.
- დედა-შვილს როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- მეგობრულად ვუდგები, მინდა, რომ მეგობრები ვიყოთ, არაფერი დამიმალოს, ბოლომდე იყოს ჩემთან გახსნილი, - სულ იმ რეჟიმში ვარ, რაღაც არ გამომეპაროს. თან თავისუფლება მინდა, ჰქონდეს ჩაცმაში, ჭამაში, თუნდაც რა წრეებზეც ივლის, თავისუფლად იყოს. ნიკეს, როგორც დიდ ადამიანს ისე ვუყურებ, ასეთი მიდგომა მაქვს მასთან 2 წლის ასაკიდან. კი, მასთან ჩვეულებრივი საუბრები მაქვს როგორც მოზრდილ ადამიანთან. სიმღერაზე სამი წელი დადიოდა, მერე რაღაც გული ვეღარ დაუდო და გამოვიდა, იქიდან, რომ სხვა რაღაცებიც ვცადოო. ძალიან მოსწონს ცეკვა.
ამბობს, თუ ცეკვიდან არ გამოვედი და ბევრს ვივარჯიშებ, ძალიან მაგარი მოცეკვავე გამოვალო, თუ მოცეკვავე არა, მაშინ მსახიობიო.
- ვიდეოების ჩაწერის კუთხით რაიმეს შეცვლას ხომ არ აპირებს?
- არა, მოსწონს ეს მიმართულება. მოსწონს ხალხის კომენტარები. მოკლედ, ყოველდღიურად ვლოგებს ვწერთ, გარდა იმისა, რომ რაც ხდება ჩვენ გარშემო, რაღაც სიტუაციებს, ამბებს ვაშარჟებთ, იმაზე სასაცილო ვიდეოს ვიღებთ... უფრო მეტ წარმატებას მინდა, მიაღწიოს სამსახიობო სფეროში.
კარგი შემოთავაზება იყო, კინოში უნდა გადაეღოთ. რეჟისორიც ეცადა, ჩვენც, რომ რაღაც ტანსაცმელი ჩაეცვა და არაფრით არ ჩაიცვა. არ მოეწონა სამოსი... ვერ მოირგო. მთავარი როლის შემსრულებლის შვილი უნდა ეთამაშა. გული დაგვწყდა, რომ არ დათანხმდა. სამომავლოდ მინდა, მონაწილეობა მიიღოს საინტერესო გადაღებებში, რაც მთავარია, მეტად და მეტად განვითარდეს, პირველ რიგში განათლებას მიხედოს.
- წარმატებას გისურვებთ!