თბილისის ძველ უბანში, კერძოდ, კალოუბანში, საჯარო ბიბლიოთეკის სიახლოვეს, სამების სახელზე აგებული არც ისე დიდი ტაძარია. მას თავის საინტერესო ისტორია აქვს, რომელსაც მეტად ამდიდრებს ის ფაქტები, რომ იქ, გასულ საუკუნეებში, ჩვენს სასიქადულო ქართველებს ჯვარი აქვთ დაწერილი. მათ შორის არიან - ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის წყვილი და ასევე ექვთიმე თაყაიშვილსა და ნინო პოლტრაცკაიას წყვილი.
თბილისის წმინდა სამების სახელობის ეკლესია XVIII-XIX საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური ტაძარია, რომელიც ქალაქის ძველ უბანში, კალოუბანში მდებარეობს. მას „ძველი სამების ეკლესიას“ უწოდებენ. ასე იმის შემდეგ მოიხსენიებენ, რაც თბილისის სამების საკათედრო ტაძარი (1995-2004 წლები) აიგო.
„ძველი სამება“ რამდენჯერმე გადაკეთდა.
ამ ადგილზე ტაძარი XVIII საუკუნეშიც ყოფილა, რასაც ადასტურებს ვახუშტი ბატონიშვილის მიერ თბილისის გეგმაზე აღნიშნული წარწერა - „ქართული ეკლესია კალოუბანი“. დღევანდელი ტაძრის წინამორბედი ეკლესიის მშენებლობა 1790 წელს დასრულდა.
პლატონ იოსელიანის მიხედვით, ის პეტრე „ყარაულას“ - პეტრე აღნიაშვილს აუგია (აღნიაშვილი მეფე ერეკლე II-ის მიერ ღართისკარის დარაჯად იყო დანიშნული). პეტრეს შვილმა, მღვდელმა შიო აღნიაშვილმა 1836 წელს ტაძარს დასავლეთის მხრიდან სვეტებიანი კარიბჭე და სამრეკლო მიუშენა, ხოლო 1850 წელს კარიბჭეზე სამრეკლო დააშენეს... მალევე ეკლესიის შენობა ისევ განაახლეს და ტაძარი 1863 წელს აკურთხეს.
XIX საუკუნის 60-იან წლებში შემოწირულებითა და საკუთარი სახსრებით დეკანოზმა პეტრე არდაზიანმა (მწერალ ლავრენტი არდაზიანის მამა) ტაძარი არქიტექტურულად განაახლა და ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესიის სახე მისცა... XX საუკუნეში სამრეკლოს გუმბათი ქართული ხუროთმოძღვრული ტრადიციების მიხედვით გადააკეთეს.
„ძველი სამება“ „ჩახაზული ჯვრის ტიპის“ ნაგებობაა, აგურით ნაშენი და ეკლესიის ფასადების გაფორმება სადაა. ზოგადი ფორმები და სამრეკლო შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო არქიტექტურის ტრადიციების მიჰყვება. კარიბჭეს კლასიცისტური სტილის გავლენა ემჩნევა. ინტერიერის მხატვრობა 1890-იან წლებში იტალიელმა მხატვარმა ლუდვიგ ლონგომ შეასრულა.
თბილისის წმინდა სამების ეკლესია პირველი ტაძარია, რომელიც ყოველწიმინდა სამების სახელზე 1790 წელს აიგო. დღიდან აგებისა, არასდროს შეწყვეტილა ტაძარში ღვთისმსახურება.
როგორც ისტორიულ დოკუმენტებით ირკვევა, თბილისის წმინდა სამების ეკლესიაში 1863 წლის 10 აპრილს ჯვარი დაიწერეს ილია ჭავჭავაძემ და ოლღა გურამიშვილმა. ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის ჯვრისწერა თბილისის სამების ტაძარში საიდუმლოდ ჩატარდა.
ილიას მხრიდან ჯვრისწერას ესწრებოდნენ „საქართველოს მოამბის“ თანამშრომელი, დავით ყიფიანი და ნიკოლოზ ჭავჭავაძე, ხოლო ოლღას მხრიდან - ფლიგელ-ადიუტანტი, ვიცე-პოლკოვნიკი ილია ჩოლოყაშვილი და „კოლეჟის ასესორი“ სულხან თუმანიშვილი. ჯვარი დასწერა მღვდელმა ნიკოლოზ არდაზიანმა...
ამ ტაძარშივე მოხდა ექვთიმე თაყაიშვილისა და ნინო პოლტარაცკაიას ჯვრისწერა. მათი მეჯვარეები იყვნენ ილია წინამძღვრიშვილი და ილია ჭავჭავაძის მეუღლე ოლღა გურამიშვილი. თავად ილია იმხანად პარიზში იყო და საფრანგეთიდან ძვირფასი საქორწინო საჩუქარი გამოუგზავნია. ნინომ ქორწილში დანთებული კელაპტრები სიცოცხლის ბოლომდე სათუთად შეინახა.
საერთოდ, 1895 წლის 5 ივლისს ექვთიმე თაყაიშვილი ილია ჭავჭავაძის ხელშეწყობით დაქორწინდა ივანე პოლტორაცკის ქალიშვილ ნინოზე. პოლონური წარმოშობის ივანე პოლტორაცკი თბილისში ცნობილი ნოტარიუსი იყო. მისი და ილია ჭავჭავაძის ურთიერთობა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლის დროს დაიწყო და სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა. სწორედ ივანე პოლტორაცკის უძღვნა ილიამ პოემა „აჩრდილი“. პოლტორაცკის მეუღლის - ნადეჟდა გაბაშვილის - ოჯახი უზარმაზარ მამულებს ფლობდა და თბილისში ორი დიდი სახლი ჰქონდა.
1990 წლის მიწისძვრის დროს თბილისის სამების ეკლესია ქალაქის ხუროთმოძღვრულ ძეგლებისგან განსხვავებით განსაკუთრებით დაზიანდა. დაიბზარა ეკლესიის აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლები და კამარები. წლების განმავლობაში ინტერიერში ნალექების ჩადინებამ საგრძნობლად დააზიანა კედლის მხატვრობა. ძეგლის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა მომხდარი მიწისძვრების შედეგად. სამების ეკლესიის მდგომარეობიდან გამომდინარე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კომპლექსური სარეაბილიტაციო სამუშაოები 2010 წელს შეასრულა.
ძეგლს ურთულესი კონსტრუქციული გამაგრებითი და კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები ჩატარდა. ასევე, ტრადიციული კრამიტით შეიცვალა სამების ტაძრის სახურავი.