ავტორი:

გერმანელი მწერალი ქალი მოკლული იპოვეს ნავში, რომელშიც ცხოვრობდა - რა ხდება ცნობილი?

გერმანელი მწერალი ქალი მოკლული იპოვეს ნავში, რომელშიც ცხოვრობდა - რა ხდება ცნობილი?

ჰამბურგში გერმანელი მწერალი ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ალექსანდრა ფროლიხის ცხედარი აღმოაჩინეს მდინარე ელბაზე, ნავში, სადაც ცხოვრობდა. როგორც ირკვევა, ჟურნალისტი, რომანისტი, ბესტსელერების ავტორი ძალადობრივი თავდასხმის მსხვერპლი გახდა. პოლიციის ცნობით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

58 წლის ფროლიხი, რომლის რომანებიც გერმანიაში მეტად პოპულარულია, 22 აპრილს შვილმა იპოვა.

საქმე გადაეცა მკვლელობის განყოფილებას, რადგან ადგილზე აშკარა იყო თავდასხმის კვალი. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი. ქალი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ხელისუფლებამ უარი განაცხადა მეტი დეტალის გამჟღავნებაზე.

ადგილობრივი მაუწყებლის NDR-ის ცნობით, ფროლიხი ჩაცხრილეს. გამომძიებლებმა პოტენციურ მოწმეებს, რომლებსაც შესაძლოა, გრძელ წითელ საცხოვრებელ ნავზე ან მის გარშემო, სადაც ფროლიხი ცხოვრობდა, საეჭვო აქტივობა დაენახათ, მოუწოდეს, რომ პოლიციას ინფორმაცია მიაწოდონ.

სამართალდამცველების თქმით, ალექსანდრა დაახლოებით, დილის 5:30 საათზე მოკლეს.

ერთ-ერთი თანამდებობის პირის თქმით, გამომძიებლები შესაძლო ეჭვმიტანილებს იკვლევენ.

მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მყვინთავები დანაშაულის ადგილზე იმყოფებოდნენ, რადგან არსებობს ვარაუდი, რომ მკვლელმა იარაღი მდინარე ელბაში ჩააგდო.

ფროლიხმა კარიერა ჟურნალისტად დაიწყო, თავდაპირველად მუშაობდა უკრაინაში, სადაც ქალთა ჟურნალი დააფუძნა. შემდგომში მუშაობდა დამოუკიდებელი ჟურნალისტად გერმანიაში, წერდა, როგორც ქალთა, ასევე სხვა გამოცემებისთვის, მათ შორის Stern-ისთვის. შემდეგ ფროლიხმა უკვე რომანების წერაში მოსინჯა ბედი.

2012 წელს პირველი რომანი, "ჩემი რუსი სიდედრი და სხვა კატასტროფები" გამოაქვეყნა, რომელიც, როგორც თავად აცხადებდა, რუს მამაკაცზე ქორწინების პირად გამოცდილებას ეყრდნობოდა. რომანი Der Spiegel-ის ბესტსელერების სიაში შევიდა.

2016 წელს ფროლიხმა გამოაქვეყნა კრიმინალური რომანი "სიკვდილი გარდაუვალია", რომელიც ასევე წარმატებული იყო, ხოლო 2019 წელს მას მოჰყვა "ჩონჩხები კარადაში". ორივე წიგნი გამომცემლობა Penguin-მა დაბეჭდა. მისი რომანები ხასიათდება იუმორის, ოჯახური ამბებისა და სოციალური თემების ნაზავით.

წყარო