მშობლების მხრიდან ყვირილი და სიტყვიერი შეურაცხყოფა ბავშვების ტვინში ცვლილებების საფრთხეს აჩენს და ზრდის როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ალბათობას, - ამის შესახებ ექსპერტებმა ბრიტანელ პარლამენტარებს მიაწოდეს ინფორმაცია. ბავშვთა განვითარებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ექსპერტები ვესტმინსტერში გამართულ შეხვედრაზე აცხადებდნენ, რომ ზრდასრულების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა ბავშვებს შეიძლება, სიამოვნების განცდის უნარს უკარგავდეს და სამყაროს მათთვის საფრთხის შემცველად წარმოაჩენდეს.
"ტვინის სკანირება აჩვენებს, რომ ძალადობის, მათ შორის სიტყვიერი შეურაცხყოფის მუდმივი ზემოქმედება ტვინის სტრუქტურასა და ფუნქციონირებაში მნიშვნელოვან ბიოლოგიურ ცვლილებებს იწვევს", - განაცხადა იმონ მაკრორიმ, რომელიც კლინიკური ფსიქოლოგი და ფსიქიკური ჯანმრთელობის საქველმოქმედო ორგანიზაცია "ანა ფროიდის" აღმასრულებელი დირექტორი და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის განვითარებადი ნეირომეცნიერებისა და ფსიქოპათოლოგიის პროფესორია.
2023 წლის კვლევის თანახმად, გაერთიანებულ სამეფოში ბავშვების ორი მეხუთედი (41%) პერიოდულად ან რეგულარულად ექვემდებარება სიტყვიერ შეურაცხყოფას. საქველმოქმედო ორგანიზაცია Words Matter-ის მიერ ორგანიზებული შეხვედრა პარლამენტის წევრებთან არის მცდელობის ნაწილი, რათა "სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩრდილიდან გამოვიდეს და იგივე ყურადღება მიენიჭოს, რაც - არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმებს", - განაცხადა პროფესორმა პიტერ ფონაგიმ, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ფსიქოლოგიისა და ენათმეცნიერების განყოფილების ხელმძღვანელმა.
"უხეშ სიტყვებს შეუძლია, აქტიურად შეასუსტოს ტვინის განვითარება... ბავშვებს სჭირდებათ კეთილგანწყობითა და მხარდაჭერით სავსე კომუნიკაცია ზრდასრულებისგან. ეს აუცილებელია მათი იდენტობისა და ემოციური მედეგობის ჩამოყალიბებისთვის", - აცხადებს ის.