ოჯახის ახლობლები არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ გორში მოკლული 55 წლის დავით ცაციაშვილის დედას გული გაუჩერდა და გარდაიცვალა.
როგორც გვეუბნებიან, ქალი მომხდარის შემდეგ ცუდად გახდა, კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ცინცაძის თქმით, ახალკაცს უკვე შეხვდა, თუმცა, მის პოზიციაზე კომენტარს ბრალდების ოფიციალურად წარდგენის და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ გააკეთებს.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს დღეს შევხვდი, ვისაუბრეთ, მას ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარდგენია, დღეს წარუდგენენ, რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, ვფიქრობ, ხვალ დღის პირველ ნახევარში იმსჯელებს სასამართლო აღნიშნულ საკითხზე, შესაბამისად, ამ ეტაპზე დამატებით ვერაფერს ვიტყვი“, - განაცხადა ნოდარ ცინცაძემ.
შეგახსენებთ, სავაჭრო ცენტრის შენობაში მკვლელობა გუშინ დილით მოხდა. 50 წლის სერგო ახალკაცმა, რომელიც წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიას ფლობს, ამავე სავაჭრო ცენტრში მდებარე სხვა მაღაზიის მფლობელს 55 წლის დავით ცაციაშვილს და მის ვაჟს, 30 წლის გიორგი ცაციაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, სროლის შედეგად, ცეცხლნასროლი დაზიანებით გიორგი ცაციაშვილი ადგილზე დაიღუპა, დავით ცაციაშვილი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სერგო ახალკაცი მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს სასჯელს თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
წაიკითხეთ ასევე: