ავტორი:

"ნიკორა ჯგუფი" კვების ტექნოლოგიების პროგრამის კიდევ 4 სტუდენტს ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს

"ნიკორა ჯგუფი" კვების ტექნოლოგიების პროგრამის კიდევ 4 სტუდენტს ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს

„ნიკორა ჯგუფი“, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნეს სუბიექტია, ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერას აგრძელებს. ის კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს სახელობითი სტიპენდიას გადასცემს და ცდილობს, ამ გზით მათ მოტივაცია გაუძლიეროს, რომ უკეთ ისწავლონ და პროფესიონალები ჩამოყალიბდნენ. სტიპენდია უმაღლესი GPI-ს მქონე სტუდენტებს ყოველთვიურად გადაეცემა.

როგორც „ნიკორა ჯგუფის“ მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი ნონა ძნელაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, მათთვის განათლების მხარდაჭერა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა.

„საქართველოში გასტრონომიული კულტურა ძალიან მაღალ დონეზეა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქვეყანა პროფესიონალი ტექნოლოგების ნაკლებობას განიცდის. „ნიკორა ჯგუფი“ კვების ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერი, წარმატებული ბიზნეს სუბიექტია და ერთგვარი ვალდებულება აქვს ქვეყნის წინაშე, რომ ხელი შეუწყოს სფეროს განვითარებას, კვების ტექნოლოგიის პროფესიის პოპულარიზაციას, ტექნოლოგების პროფესიონალებად ჩამოყალიბებას. ამ საკითხის გადაჭრის საუკეთესო გზად სწორედ კვების ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტების მხარდაჭერა, მათი მოტივაციის ამაღლება დავისახეთ. ამის ერთ-ერთი გზა კი მათთვის სტიპენდიის დანიშვნაა. პარალელურად, სტუდენტებს შესაძლებლობა მივეცით, ჩვენი შვილობილი კომპანიების საწარმოებში პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს დაუფლებოდნენ, გასცნობოდნენ პროდუქციის დამზადების ეტაპებს და სწავლის დასრულებისას თეორიული ცოდნის პარალელურად მნიშვნელოვანი პრაქტიკული უნარ-ჩვევებიც ჰქონოდათ. ჩვენი მცირედი წვლილის შეტანით ვცდილობთ, დავეხმაროთ დარგს იმ პრობლემის აღმოფხვრაში, რომელიც ზოგადად, ქვეყანაში კვების ტექნოლოგიის მიმართულებით არსებობს“, - აღნიშნავს ნონა ძნელაძე.

სტიპენდია აგრარული უნივერსიტეტის სასურსათო ტექნოლოგიების მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს გადაეცემათ. მიმდინარე სემესტრში სტიპენდიატები არიან: ლიზი ნუცუბიძე, გიორგი ნაროუშვილი, სოფიო ჭუმბურიძე და ნანო გოგბერაშვილი. როგორც თავად აღნიშნავენ, „ნიკორა ჯგუფის“ სტიპენდია მართლაც დიდი მოტივაციის მიმცემი აღმოჩნდა უკეთ რომ ესწავლათ.

გიორგი ნაროუშვილი: „ძალიან სასიამოვნოა, როდესაც აკეთებ საქმეს რომელიც გიყვარს და ამავდროულად, კარგ ანაზღაურებასაც იღებ. სწორედ ეს მაძლევდა მოტივაციას, რომ მესწავლა. ახლახან კი „ნიკორა ჯგუფის“ სტიპენდიატიც გავხდი, რაც ასევე ძალიან დიდი მოტივაცია აღმოჩნდა ჩემთვის. შეგრძნება მქონდა, რომ შრომა და სწავლა დამიფასდა. ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა, მინიმალური ქულა ამეღო და უბრალოდ კურსიდან კურსზე გადავსულიყავი. ყოველთვის მინდოდა მაქსიმალური გამეკეთებინა და სტიპენდიამ დამანახა, რომ ეს შრომა დამიფასდა.“

ლიზი ნუცუბიძე: „ჩემი აზრით, სტუდენტთა მთავარი მოტივაცია რამდენიმე ნაწილად შეიძლება დავყოთ. პირველ რიგში, ადამიანებს სწავლის სურვილს გვიღვიძებს მიზანი, რომელსაც დავისახავთ ხოლმე. სწორედ, მიზნებისკენ სწრაფვის უდიდესი ჟინი გვაძლევს დიდ ენერგიას. გარდა ამისა, ვფიქრობ, სტიპენდიები და მსგავსი აქტივობები სტუდენტს მოდუნების საშუალებას არ აძლევს. ეს უკანასკნელი გვანახებს, რომ სწავლა უსაზღვრო შესაძლებლობების გასაღებია. სიმართლე რომ გითხრათ, მე საერთოდ არ ველოდი „ნიკორა ჯგუფის“ სტიპენდიატი თუ გავხდებოდი. ალბათ, ძალიან დიდხანს დარჩება იმ დღის ემოციები ჩემს გულში, როცა ეს ამბავი გავიგე. დამაჯერეს, რომ სწავლას ყოველთვის აქვს აზრი და ნათელი შედეგი.“

სოფიო ჭუმბურიძე: „ იმისათვის, რომ გქონდეს მოტივაცია, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია გარემო და სასწავლო პროგრამა უნივერსიტეტში და მეორე მხრივ, მხარდაჭერა, რომელსაც გარედან, კერძო სექტორისგან ვიღებთ, ამიტომ სტიპენდია გარკვეულ მოტივაციას წარმოადგენს ჩვენთვის. ვიცოდი, რომ „ნიკორა ჯგუფი“ მხარს უჭერდა წარმატებულ სტუდენტებს და როდესაც მეც მივიღე შეტყობინება ამის შესახებ, ძალიან გამიხარდა“.

ნანო გოგბერაშვილი: „ ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებში ვცდილობთ, მუდმივად ვიმუშაოთ საკუთარ თავზე და უკეთეს შედეგს მივაღწიოთ. ამაში გვეხმარება „ნიკორა ჯგუფის“ სახელობითი სტიპენდიაც, რომლის შესახებაც გასულ წელს გავიგე მაღალი კურსელისგან და მაშინვე მიზნად დავისახე, რომ მეც გავმხდარიყავი სტიპენდიატი. უფრო მეტი მოტივაციით გავაგრძელე სწავლა და მიზანს მივაღწიე კიდეც. ასეთი ტიპის მხარდაჭერა სტუდენტებს გვაგრძნობინებს, რომ ჩვენი შრომა ფასდება. საბოლოოდ, პროფესიონალი კადრების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.“

როგორც უკვე აღვნიშნეთ „ნიკორა ჯგუფი“ უკვე რამდენიმე წელია აღნიშნულ პროექტს ახორციელებს და მის გაგრძელებას სამომავლოდაც აპირებს.

სტიპენდიის პარალელურად, „ნიკორა ჯგუფი“ - განათლების მხარდამჭერის“ ფარგლებში, ახორციელებს მთის სკოლების დახმარების პროგრამას.

NS