აქტივისტ თემურ ქათამაძეს [გაფფარ ილმაზი] თბილისის სააპელაციო სასამართლომ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა მარიამ გაბროშვილმა განუცხადა, რომელიც თემურ ქათამაძის უფლებებს იცავს.
"ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი მისთვის წარმოადგენდა ერთადერთ შესაძლებლობას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილიყო კანონიერი საფუძვლით, რადგანაც ის წლებია მოქალაქეობის მიღებას ცდილობს და მისი ყველა ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. 2020 წლის შემდგომ ბინადრობის ნებართვის გახანგრძლივებაზეც უარი ეთქვა და ახლა ცდილობდა ლტოლვილის სტატუსის მიღებას, რომ კანონიერი საფუძვლით დარჩენილიყო საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა ამ სტატუსზეც უარი ეთქვა.
გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტი იღებს. გადაწყვეტილება ათ დღეში მიიღება, თუმცა ეს იმას არ გულისხმობს, რომ მეორე დღესვე მოხდება გაძევება. ამ გადაწყვეტილებით განისაზღვრება ვადა, რა ვადაშიც მან საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვოს“, - განაცხადა მარიამ გაბროშვილმა.
ინფორმაციისათვის, აქტივისტი თემურ ქათამაძე ბათუმში პოლიციამ თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ ის კვლავ დააკავეს. მეორედ დაკავებისას პოლიცია თემურ ქათამაძეს საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.