ავტორი:

შვედეთში ცეცხლსასროლი იარაღით 3 ადამიანი მოკლეს - სისხლიანი თავდასხმისთვის დაკავებული თინეიჯერია

შვედეთში ცეცხლსასროლი იარაღით 3 ადამიანი მოკლეს - სისხლიანი თავდასხმისთვის დაკავებული თინეიჯერია

შვედეთში, ცეცხლსასროლი იარაღით 3 ადამიანის მოკვლის შემდეგ ქვეყნის პოლიციამ თინეიჯერი დააკავა. დანაშაული ქალაქ უფსალაში მოხდა.

არსებული ცნობების თანახმად, ქალაქის ცენტრში მდებარე სილამაზის სალონში სროლის შემდეგ ეჭვმიტანილი ,სკუტერით გაიქცა, რასაც მისი ფართომასშტაბიანი ძებნა მოჰყვა.

მალევე გავრცელდა ინფორმაცია მისი დაკავების თაობაზე, პოლიციამ ოთხშაბათს დაადასტურა, რომ დაკავებული არასრულწლოვანია.

როგორც შვედეთის პოლიციამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამივე მსხვერპლი 15-დან 20 წლამდე ასაკისაა, თუმცა რეგიონის პოლიციის უფროსმა, ერიკ ოკერლუნდმა აღნიშნა, რომ მათი ვინაობა ჯერ ბოლომდე დადასტურებული არ არის.

შვედური მედია იუწყება, რომ პოლიცია იძიებს სამმაგი მკვლელობის ჯგუფურ დანაშაულთან კავშირს. როგორც ირკვევა, სადალაქოში მოკლულთაგან ერთ-ერთი, პოლიციისთვის უკვე ცნობილი პირი იყო.

მსხვერპლი, ჩართული იყო პოლიციის გამოძიებაში, რომელიც შეეხებოდა ერთ-ერთი კრიმინალური ბანდის ლიდერის, ისმაილ აბდოს ნათესავზე დაგეგმილ თავდასხმას. თუმცა, ამ პირისთვის ბრალი არასოდეს წაუყენებიათ.

აბდო, მეტსახელად, "იორდგუბენი", ანუ "მარწყვი", კარგად ცნობილი კრიმინალური ჯგუფის ლიდერია.

შვედეთში ბანდიტური დაპირისპირებების ახალი, მძიმე ეტაპი 2023 წელს დაიწყო, როდესაც აბდოს დედა საკუთარ სახლში მოკლეს.

ქვეყანაში, ბოლო წლებში მოზარდთა ბანდიტური დანაშაულის ტალღა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

შვედეთის მთავრობამ ახალი საკანონმდებლო წინადადება წარმოადგინა, რომელიც პოლიციას საშუალებას მისცემს, 15 წლამდე ასაკის ბავშვების მიმართაც განახორციელოს ფარული მოსმენები, რათა ამ პრობლემას უფრო ეფექტიანად გაუმკლავდეს.

ოთხშაბათს იუსტიციის მინისტრმა, გუნარ სტრომერმა განაცხადა, რომ ასეთი მოსმენების ჩასატარებლად პოლიციას კონკრეტული მტკიცებულებები არ დასჭირდება.

წყარო