ბუნების „იდუმალი ენის“ მცოდნე, გენიალური პოემების, ლექსებისა და პროზაული ნაწარმოების ავტორის შესახებ შესაძლოა ბევრი რამ არ იცით. მისი შემოქმედება XIX საუკუნის ქართული კრიტიკული რეალიზმის უმაღლეს საფეხურად მიიჩნევა.
ვაჟა-ფშაველა — ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი და მოაზროვნე — ქართულ ლიტერატურაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა, რომლის შემოქმედება შთაგონებულია მთისა და ბუნების სიღრმეებით, ადამიანის შინაგანი სამყაროს ძიებითა და ეროვნული სულის ძალით. მისი ნაწარმოებები, იქნება ეს პოემები, ლექსები თუ პროზაული ტექსტები, მჭიდროდ უკავშირდება ფოლკლორსა და ფილოსოფიას, ხოლო გმირები ხშირად პიროვნული თავისუფლების, სიბრძნისა და თავგანწირვის სიმბოლოდ გვევლინებიან.
5 საინტერესო ფაქტი ვაჟა-ფშაველას ცხოვრებიდან
ფაქტი #1
პოეტმა საკუთარი ფსევდონიმი სიმბოლურად შეარჩია: „ვაჟა“ ნიშნავს თავისუფალ მთის კაცს, ხოლო „ფშაველა“ — იმ მხარეს, სადაც დაიბადა (ფშავი). ასე გამოხატა თავისი წარსულის, ფესვებისა და ბუნების სიყვარული და კავშირი ეროვნულ იდენტობასთან. მისი ნამდვილი სახელი - ლუკა რაზიკაშვილი იყო.
ფაქტი #2
პატარა ლუკა რაზიკაშვილმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ბიძაშვილთან ერთად წიგნი მოიპარა. სოფელში იმ დროისთვის წიგნი იშვიათი საგანძური იყო. როცა მკაცრად დასაჯეს, ლუკამ მიუგო: „ეს ქურდობა ცოდვა არ უნდა იყოს, წიგნს ვინც იპარავს, ცოდვას ვერ ჩაიდენს“ - სწორედ ეს შემთხვევა ითვლება მის პირველ ლიტერატურულ დანაშაულად“, რაც მიუთითებს ცოდნისადმი მის გატაცებაზე.
ფაქტი #3
ვაჟას მამა, პავლე რაზიკაშვილი, სოფლის მღვდელი და ღრმა განათლების მქონე ადამიანი იყო, მას ჰქონდა დიდი ბიბლიოთეკა და შვილებს კლასიკური ლიტერატურის კითხვა ადრეული ასაკიდანვე ასწავლა. ვაჟას შვილებიც მწერლებად და ინტელექტუალებად ჩამოყალიბდნენ, მათ შორის იყო ლევან რაზიკაშვილი — პოეტი, რომელიც სტალინის რეჟიმმა 1937 წელს დახვრიტა.
ფაქტი # 4
მთაში ცხოვრებისა და მარტოობის დროს, ის ტყეში მარტო იჯდა და ხმამაღლა საუბრობდა მდინარესთან, ხესთან, ცხოველებთან. თავის დღიურებში წერდა, რომ ბუნებას ესმოდა მისი სევდა და პასუხსაც აძლევდა. სწორედ ამიტომაა, რომ მის ლექსებში ბუნება ცოცხალი და გრძნობით სავსეა. ვაჟა-ფშაველა ბევრ ნაწარმოებს წერდა შთაგონებით და ბუნებაში ყოფნისას.
ფაქტი # 5
აღსანიშნავია ისიც, რომ ვაჟა-ფშაველას ნაწერები პოეტის სიცოცხლეში ცალკე წიგნად იშვიათად იბეჭდებოდა. მოთხრობათა კრებული, 1889, 1898; "თხზულებანი", 1899; "ცრემლები", 1909 და სხვები. 1925-56 წლებში ა. აბაშელის თაოსნობით გამოქვეყნდა მწერლის თხზულებათა ყველაზე სრულყოფილი კრებული შვიდ ტომად.
R