ავტორი:

"მიკვირდა, ასეთი განათლება როდის მიიღეს-მეთქი, როდესაც ზვიადიც, გურამიც და დანარჩენებიც სულ ქუჩაში იყვნენ" - რას გვიყვება ზვიად გამსახურდიასა და გურამ დოჩანაშვილის კლასელი?

"მიკვირდა, ასეთი განათლება როდის მიიღეს-მეთქი, როდესაც ზვიადიც, გურამიც და დანარჩენებიც სულ ქუჩაში იყვნენ" - რას გვიყვება ზვიად გამსახურდიასა და გურამ დოჩანაშვილის კლასელი?

ამბები, რომელსაც ამ სტატიაში გიამბობთ, ჩვენს არცთუ შორეულ წინაპრებზეა, დიდებულ ადამიანებზე, ვინც საქართველოს უახლესი ისტორია შექმნეს. მათი უმეტესობა დღეს ზეციურ საქართველოშია - მარადიული ნათელი მათ უკვდავ სულებს. ბედნიერი ვარ, რომ მათ ნაწილს პირადად ვიცნობდი და ზოგიერთ მათგანთან ერთად მიმოგზაურია კიდეც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. სწორედ მათგან და მათი თანაკლასელებისგან მაქვს მოსმენილი, რატომ დაიბარეს კონსტანტინე გამსახურდია სკოლაში ან რატომ უყიდა გურამ დოჩანაშვილს ბაბუამ კისტის თოფი და ა.შ.

ჰოდა, მოდი, ჩვენი ძვირფასი, სახელოვანი ადამიანების გახსენებით კიდევ ერთხელ უკვდავვყოთ მათი ხსოვნა. ამბების მთხრობელი კი მათივე თანაკლასელი და მეგობარია, ჩემი თანაკლასელისა და მეგობრის დედა - ქალბატონი მერცია სულაქველიძე-ჩხაიძე.

  • ისტორიული სკოლა და საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ეპოქა

179 წლის წინ, 1846 წელს, კავკასიაში მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის მმართველობისას, თბილისში გაიხსნა "წმ. ნინოს ქალთა სასწავლებელი“. მას ლამაზი, ორსართულიანი შენობა ჰქონდა, რომლის კედელზე კავკასიის უზარმაზარი რუკა იყო ძველი რუსული წარწერებით: "პონტოს ზღვა“, "ტიფლისი“ და ა.შ. იქვე, ეზოში აშენდა წმ. ნინოს ტაძარი, რომელიც იმავე სასწავლებელს ეკუთვნოდა და, სავარაუდოდ, სწორედ მაშინ იქვე, ეზოში დარგეს თბილისის მამშვენებელ ჭადართაგან ერთ-ერთი...

სკოლამ ბევრჯერ შეიცვალა სახელიც და "მობინადრეებიც“ - ხან შერეული, ქალთა და ვაჟთა სასწავლებელი იყო, ხან კვლავ - მხოლოდ ქალთა, მერე ისევ - შერეული, ხან სკოლა, ხან გიმნაზია, ხან კვლავ სკოლა - საშუალო და საჯარო. იქ სწავლობდა მარო მაყაშვილი... იქ სწავლობდა ძალიან ბევრი ჩვენთვის ძვირფასი და საამაყო ადამიანი... ეს სკოლა საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია და დღეს მას 47-ე საჯარო სკოლა ჰქვია და ახალი შენობა აქვს - ძველი 1990-იან წლებში დაანგრიეს: ავარიულიაო, მაგრამ საუკეთესო სასწავლებლის ტრადიციას დღესაც აგრძელებს. მის მიმდებარედ კვლავ დგას წმ. ნინოს სახელობის ტაძარი, ოღონდ ის სკოლას აღარ ეკუთვნის; ხოლო სკოლის ეზოში კვლავაც დგას ჭადარი - უკვე ბებერი, მაგრამ საოცრად ლამაზი, ტოტებზე მიმაგრებული შოშიების სახლებით.

შოშიების სახლები ჭადარზე იმ დღესაც ყოფილა - 1946 წლის 1-ელ სექტემბერს, როდესაც ქალბატონი მერცია პირველად მიიყვანეს იმჟამინდელ ქალთა პირველ საშუალო სკოლაში. სწორედ ამ ხის ძირში პირველკლასელებმა - მერციამ და მისმა თანაკლასელმა გოგონამ ერთმანეთს სამუდამო მეგობრობა შეჰფიცეს და ფიცის რიტუალი თითების დაჩხვლეტითა და სისხლიანი თითების ერთმანეთთან შეხებით შეასრულეს.

მერცია სულაქველიძე-ჩხაიძე:

- მე-9 კლასამდე სკოლაში მარტო გოგონები ვსწავლობდით, მერე ვაჟებიც შემოგვიერთდნენ. ჩვენი სკოლა ძალიან ძლიერ და მოწინავე სკოლად მიიჩნეოდა თბილისში. დირექტორი იყო თამარა დარახველიძე, რომელიც აზანზარებდა სკოლას. ძალიან მკაცრი და პრინციპული ადამიანი იყო და მისი მასწავლებლებსაც კი ეშინოდათ. ჩემი მოსწავლეობისას ვინ აღარ სწავლობდა ამ სკოლაში: ნანი ბრეგვაძე, მედეა კუჭუხიძე, მედეა ძიძიგური, თამილა მგალობლიშვილი, გოგი ხარაბაძე, ზაზა აბზიანიძე... რომელი ერთი ვახსენო?!

მახსოვს, ბიჭები რომ გადმოვიდნენ, თავიდან ისე იქცეოდნენ, გავგიჟდით - ხან შუა გაკვეთილზე შემოვიდოდნენ, მერე, როცა მოუნდებოდათ, გავიდოდნენ... პირველ ხანებში არც გვეკონტაქტებოდნენ, ზარი დაირეკებოდა თუ არა, მაშინვე გარეთ გარბოდნენ. აბა, მიუჩვევლები იყვნენ გოგონებთან ერთად სწავლას და… მერე ისევ ჩვენ გადავდგით პირველი ნაბიჯი და დავუმეგობრდით.

რასაკვირველია, მასწავლებლებსაც ეხამუშებოდათ სკოლასა და კლასებში ვაჟების გამოჩენა.

რუსულს გვასწავლიდა სკოლის უხუცესი მასწავლებელი ნინა რომანოვნა აღნიაშვილი, რომელსაც ჩვენი სკოლა - წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული და აქვე დარჩა სამუშაოდ. საოცარი ქალი იყო. ხმისთვის არასდროს აუწევია, მაგრამ იდეალური წესრიგი ჰქონდა კლასში, თანაც - უმაღლეს დონეზე გვასწავლიდა საგანს. ღმერთივით ვუყურებდით ნინა რომანოვნას და ენის შებრუნებას ვინ გაუბედავდა?! შეურაცხყოფას არავის მიაყენებდა, არავის აწყენინებდა და ამიტომ ხუთოსანსაც და ოროსანსაც - ყველას ერთნაირად გვიყვარდა. "მშვენიერების კუნწულოს“ ან "სამოვარნაია ზოლოტოს“ თუ გვეტყოდა, ეს, ფაქტობრივად, მოფერებას უდრიდა. მახსოვს, ბიჭებიდან ერთ-ერთმა - ომარ შიშაბერიძემ ნინა რომანოვნას გაკვეთილზე დაგვიანებით და ხმაურით შემოაღო კარი, თან იღრიალა: ნინა ბაბოო! ისეთი მოკრძალება გვქონდა ამ ქალისადმი, რომ ძალიან გავნერვიულდით, ეს როგორ აკადრა-თქო. არადა, ნინა რომანოვნას შენიშვნაც კი არ მიუცია, არათუ - გაბრაზებია... რომ მაგონდება, ახლაც ცრემლები მომდის...

ქართულს გვასწავლიდა ბორია კანდელაკი, არაჩვეულებრივი ადამიანი და ეროვნულად მოაზროვნე. მუდამ რაღაცებს იკვლევდა, არქივებში დაეძებდა და პირველად სწორედ ის გადააწყდა შოთა რუსთაველის იერუსალიმისეულ ფრესკას ფოტოზე. ამაზე დაწერა კიდეც მაშინდელ გაზეთებში, ახლად შექმნილ ტელევიზიაშიც ილაპარაკა, მაგრამ მერე ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა - ალბათ, სკოლის უბრალო მასწავლებელს ასეთი აღმოჩენის "უფლება“ და შესაძლებლობა არ უნდა ჰქონოდა. ამიტომაც მიჩქმალეს ეს ამბავი...

ისტორიაში გვყავდა ძალიან ახალგაზრდა მასწავლებელი - ეთერ მაყაშვილი. მახსოვს, შვილები უკვე დიდები მყავდნენ, საირმეში რომ შემხვდა და საუბრისას მითხრა: თქვენს კლასში შემოსვლის მეშინოდა - ზვიადმა (ზვიად გამსახურდია - ი.ხ.) ისე კარგად იცოდა ისტორია, არ მინდოდა, რაიმე შემშლოდაო. ხანდახან მართლაც უყვარდა ზვიადს შესწორებები, თანაც დააყოლებდა ხოლმე - აგერ, თქვენი ხმალი და ჩემი კისერი, თუ ეს ასე არ იყოო... ისე, სულ მიკვირდა, ასეთი განათლება როდის მიიღეს ჩვენმა ბიჭებმა-მეთქი, როდესაც ზვიადიც, ჯონდო მეტრეველიც, გურამ დოჩანაშვილიც და დანარჩენებიც მუდამ ქუჩაში იყვნენ (იცინის).

მერაბი და ზვიადი ახლანდელ თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ანუ მაშინდელ პირველ ვაჟთა სკოლაში იყვნენ თანაკლასელები. მერე, ვაჟთა და ქალთა სკოლები რომ გააუქმეს, ჩვენიდან იქით - გოგონების ნაწილი, იქიდან კი ჩვენთან - ვაჟები გადმოიყვანეს. მერაბი სამუსიკო სასწავლებელში გადავიდა, ზვიადი კი - ჩვენთან მოხვდა. მიუხედავად ამისა, მერაბი ჩვენს გამოსაშვებ საღამოზეც კი წამოიყვანა ზვიადმა. ეგ კი არა, თავისი მომავალი მეუღლე, მაშინ საცოლე - დალი ლოლუაც კი მოხვდა ჩვენს ბანკეტზე, რომელიც ოქროყანაში, ჩვენი თანაკლასელი დალი ფარჯანაძის აგარაკზე გადავიხადეთ...

  • რატომ დაიბარეს სკოლაში კონსტანტინე გამსახურდია?

- ბატონი კონსტანტინე გამსახურდია მხოლოდ ერთხელ მოვიდა სკოლაში, ისიც... ბიჭების შატალოს გამო. ვიდრე ჩვენს საკლასო ოთახამდე მოხვიდოდი, ერთი ცარიელი კლასი უნდა გამოგევლო. მისი ფანჯრიდან პირდაპირ გადადიოდი რაღაც დისპანსერში, თუმცა ამ ორ შენობას ორი მეტრის სიგრძის ბეტონის თხრილი ყოფდა. მოკლედ, მეორე მხარეს რომ აღმოჩენილიყავი, ფანჯრიდან ნახტომით უნდა გადაფრენოდი იმ თხრილს, თუ არა, შიგ ჩავარდებოდი და რაღაცას მოიმტვრევდი. იმ დილით სწორედ "ამ გზით“ წავიდნენ ჩვენი ბიჭები შატალოზე. ზვიადს სკოლაში მოსვლა დააგვიანდა და კლასში იღლიაში ამოჩრილი "პაპკით“ რომ შემოვიდა, გოგონები მივცვივდით და თითოეული ჩქარ-ჩქარა, მთელი ხმით ვცდილობდით ბიჭების ამბის მოყოლას, საწყალი ზვიადი ხან ერთს გვიყურებდა, გაოგნებული, ხან მეორეს, ხან მესამეს და აშკარად ვერაფერს იგებდა. ბოლოსდაბოლოს, ამ ხმაურში ჩაწვდა, რასაც ვუხსნიდით, უცებ გავარდა ფანჯრისკენ, ისკუპა, გადაახტა თხრილს და მთაწმინდისკენ გაიქცა - მაშინ "საშატალო“ მოდური ადგილი სწორედ მთაწმინდა იყო. რასაკვირველია, დირექტორი მიხვდა, სადაც შეიძლებოდა მათი პოვნა და თავისი მოადგილე - დავით ჯალაღანია და სხვა მასწავლებლები გაუშვა მათ ჩამოსაყვანად. რასაკვირველია, ბიჭები იპოვეს და დირექტორმა შავი დღეც აყარა თითოეულს. დანარჩენი ბიჭების მშობლებთან ერთად სწორედ მაშინ დაიბარეს სკოლაში კონსტანტინეც. ჩვენი თანდასწრებით - არა, მაგრამ დირექტორს თავად მიუყვანია მწერალი ფანჯარასთან და უჩვენებია, თქვენი ვაჟი აქედან გადახტაო. გადაუხედავს კონსტანტინეს და, - ყოჩაღ, ზვიადო, - კმაყოფილს ჩაულაპარაკებია, თურმე...

ზვიადი გოგონებთან ნაკლებად მეგობრობდა, საერთოდაც, დიდად კონტაქტური არც იყო. რამეს თუ ჰკითხავდი, გიპასუხებდა, დანარჩენად - თავისთვის იჯდა ხოლმე კლასში. ბიჭები რასაც ჰყვებოდნენ, ზვიადთან ასე ვიყავით და ისეო, მე მგონი, უფრო ტრაბახობდნენ, რადგან კონსტანტინეს შვილი იყო...

ქალბატონი მერცია მეუღლესთან ერთად

  • ბაბუის ნაჩუქარი კისტის თოფით შეიარაღებული "დოჩანა“

- გურამ დოჩანაშვილი და ჯონდო მეტრეველი ჩემი ახლო მეგობრები იყვნენ და შინაც ხშირად მსტუმრობდნენ, მერეც - სკოლა რომ დავამთავრეთ. ხომ გითხარი, ბიჭები სულ ქუჩაში იყვნენ-თქო, მაშინ სად იყო ტელეფონები, ამიტომ გურამს ბებიამისი - მერი, არაჩვეულებრივი ქალი, რომელსაც ჩვენ "მერი დეიდას“ ვეძახდით, ხან ჩემს სახლში დაეძებდა, ხან სხვა მეგობრებთან, ხან ქუჩაში. ერთხელაც გურამმა შინ გამომიარა, მახსოვს, გრძელი პალტო ეცვა და შიგნიდან, საყელოსთან თოფის ლულა მოუჩანდა. აბა, თუ იცით, რა მაქვს ამის ქვეშო? - გვეკითხებოდა მე და ჩემს უმცროს დას - ლუარას. - თოფი გაქვსო, - მოკლედ მოუჭრა ლუარამ. - როგორ მიხვდიო? - გაოცდა და, - ეს კისტის თოფი ბაბუაჩემმა მიყიდა, იქნებ, სახლში დაჯდეს და გაერთოსო. მე კიდევ ამიანად წამოვედიო, - კვდებოდა სიცილით... გურამიც და ჯონდოც ძალიან ნიჭიერები იყვნენ. გურამს აბსოლუტური სმენა ჰქონდა და ვიოლინოზეც არაჩვეულებრივად უკრავდა. ერთი ამბავი გამახსენდა. ცნობილი დირიჟორი მელიქ ფაშაევი იყო ჩამოსული და მერი დეიდამ და ჯონდოს დედამ ბიჭები ოპერაში, "კარმენზე“ წაიყვანეს. გურამსა და ჯონდოს ეზარებოდათ დასწრება და რომ გამოპარულიყვნენ, გეგმა შეიმუშავეს: სამმოქმედებიანი წარმოდგენის პირველი ანტრაქტის შემდეგ, ვითომ დააგვიანეს დარბაზში, კარი დაკეტილი დახვდათ და "გალიორკაზე“ ავიდნენ, სინამდვილეში კი ჩემთან წამოვიდნენ, გასართობად, თან რადიო ჩამართვევინეს (პირდაპირი ტრანსლაცია იყო ოპერიდან), მოვუსმინოთ, ემანდ, რაიმე რომ მოხდეს, არ გამოგვეპაროს და არ "გავიყიდოთო“. მესამე მოქმედებისთვის კი კვლავ მიბრუნდნენ ოპერაში...

  • სისხლიანი 9 მარტი და ორგანიზაცია "გორგასლიანი“

- 1956 წლის 9 მარტის სისხლიანი დღის შემდეგ ჩვენმა მეთერთმეტეკლასელმა ბიჭებმა და მათმა მეგობრებმა ორგანიზაცია "გორგასლიანი“ ჩამოაყალიბეს და 2 დეკემბერს რუსთაველის პროსპექტზე პროკლამაციები გააკრეს. ამ ამბებზე ბევრჯერ დაწერილა, ამიტომ აღარ მოვყვები, მაგრამ მწარედ მახსოვს ბიჭების სასამართლოს სხდომა. დარბაზს ერთი ჭუჭრუტანა ჰქონდა და მთელი კლასის ბავშვები მონაცვლეობით ვიყავით იმ ჭუჭრუტანას აკრულები, ოღონდ რაიმე დაგვენახა. მაშინ გურამი ვერ დაიჭირეს, რადგან პროკლამაციების გაკვრის მეორე დღეს მძიმედ დაჭრეს და საავადმყოფოში იწვა. ციხის ამბები ჯონდოსგან ვიცოდი, - ყველა ცალ-ცალკე საკანში მოგვათავსეს. ერთი ბუზი შემომიფრინდა და იმას ველაპარაკებოდი ხოლმეო. ჯონდო ისეთი ნიჭიერი იყო, საკნიდან რომ გაჰყავდათ, ყველა ლაბირინთს, გასასვლელ-გამოსასვლელს და ა.შ. იმახსოვრებდა, თურმე და ასე, რაღაც გამოთვლით ამოიცნო, ბიჭებიდან ვინ რომელ საკანში იჯდა. 31 მარტს მორზეს ანბანის მსგავსი კაკუნით მიაწვდინა ყველას ხმა, დღეს ზვიადის დაბადების დღეაო, დროც "უკარნახა“ და საკნის ზედა მხარეს არსებულ პატარა სარკმელში ყველამ ერთდროულად დაიყვირა: ზვიად, გილოცავ დაბადების დღესო!...

ჯონდო მეტრეველი, ზვიად გამსახურდია და გურამ დოჩანაშვილი, ბაკურიანში

პირველად მეცხრე კლასში ვიქეიფეთ ელიკო თამამშევასთან, თანაც - ღამისთევით. ელიკოს ოჯახის წევრები და რამდენიმე მშობელი ერთ ოთახში იყვნენ შეყუჟულები, გვდარაჯობდნენ, ვინმე არ დამთვრალიყო და რამე არ მომხდარიყო. მაშინ ზვიადი თამადობდა სუფრას. მახსოვს, პირველი მაისისთვის ვემზადებოდით და ამ დროს ზვიადმა პირველად თამარ მეფის სადღეგრძელო შესვა. იმ დღეს როიალზე დაგვიკრა კიდეც - შესანიშნავად შეასრულა "მთვარის სონატა“. ძალიან გაგვიკვირდა, ვერაფრით წარმოვიდგენდით, რადგან ვიცოდით, გურამსა და ჯონდოსთან ერთად სულ ქუჩაში დახეტიალობდა... 30 წლისთავი რომ აღვნიშნეთ, ზვიადი და მერაბი ახალი გამოსულები იყვნენ ციხიდან. ზვიადი არ მოვიდა იმ ცნობილი "აღიარების“ გამო, მერაბი - კი. სუფრას კაკულიკა თამადობდა, მე მოადგილედ დამნიშნეს.

ყველამ ძალიან თბილი სიტყვები ვუთხარით მერაბს და მოვესიყვარულეთ. თვითონაც, მისთვის დამახასიათებელი რიხით გვითხრა სამადლობელი. ბავშვობაში უფრო არ იყო ისეთი კონტაქტური, როგორც მერე, იმ შეკრებაზე... დღეს "ზედა და ქვედა“ კლასიდან, მით უფრო - ჩვენი შესანიშნავი პედაგოგებიდან, რომელთაგან მხოლოდ რამდენიმეს შესახებ გიამბეთ, ბევრი აღარ არის ცოცხალი, თუმცა მათი სახელების მართლაც "არაჩვეულებრივ გამოფენას“, მათ ხსოვნას, მომდევნო თაობებისთვის ჩვენი უძველესი, ისტორიული სკოლების მატიანე შეინახავს...

  • ავტორი: ირმა ხარშილაძე