ავტორი:

"ფენომენი, როგორიც შეიძლება 50 წელიწადში ერთხელ დაიბადოს" - თინეიჯერი მილიონერი, ფოტო მესისთან და რთული წარსული: როგორ ცხოვრობს მსოფლიოს ახალი კერპი ლამინე იამალი?

"ფენომენი, როგორიც შეიძლება 50 წელიწადში ერთხელ დაიბადოს" - თინეიჯერი მილიონერი, ფოტო მესისთან და რთული წარსული: როგორ ცხოვრობს მსოფლიოს ახალი კერპი ლამინე იამალი?

დღეს მთელი მსოფლიო "ბარსელონას" თინეიჯერი შემტევის, ლამინე იამალის შესახებ საუბრობს, ბარსელონა-ინტერის თამაში რომ 3-3 დასრულდა და ბარსამ ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა არ წააგო, სწორედ იამალის შთამბეჭდავი თამაშის დამსახურებაა.

  • "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ იამალის "ფენომენი" უწოდა და თქვა, რომ ასეთი ტალანტი 50 წელიწადში ერთხელ შეიძლება დაიბადოს.

ლამინემ მსოფლიოს ყურადღება ჯერ კიდევ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მიიპყრო. მაშინ 18 წლის იყო და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც დიდ ტურნირზე გოლი გაუტანია.

"ის არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ფეხბურთის ეპოქის შექმნა“

"თითქოს მას ღვთის კვერთხი შეეხო, რჩეულია", - ასე ახასიათებენ მის საფეხბურთო შემოქმედებას სპორტული მიმომხილველები.

და მართლაც, იამალის ისტორია თითქოს განსაკუთრებულია...

  • დასაწყისი

იამალი 2007 წლის 13 ივლისს ესპანეთის ავტონომიურ თემში, კატალონიაში დაიბადა. მისი მამა მაროკოელია, დედა კი ეკვატორელი და გვინეელი. ბავშვობაში კატალონიის ქალაქ გრანოლერსა და მატაროში იზრდებოდა. როდესაც შვიდი წლის იყო, ოჯახი საცხოვრებლად ბარსელონაში გადავიდა, სადაც პატარა ლამინი FC Barcelona-ს ახალგაზრდულ აკადემიას შეუერთდა. სკოლაში განსაკუთრებული სწავლით არ გამოირჩეოდა, თუმცა აკადემიაში მალევე შეამჩნიეს და ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევდნენ.

იამალის დებიუტი 2023 წლის 29 აპრილს ლა ლიგაში რეალ ბეტისთან შედგა - პირველივე თამაშში გოლი გაიტანა.

  • ფოტოები მესისთან

ბარსელონას ტალანტის, ლამინ იამალის მამამ, მუნირ ნასრაუიმ ევროპის ჩემპიონატის დროს სოციალურ ქსელში თავისი შვილისა და ლიონელ მესის ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: "ორი ლეგენდის დასაწყისი". ამის შემდეგ ინტერნეტსივრცეში ლეგენდარული არგენტინელისა და 16 წლის ფეხბურთელის კიდევ არაერთი ფოტო გავრცელდა, რომელიც 2007 წლის დეკემბრით თარიღდება. მაშინ იამალი მხოლოდ და მხოლოდ 4 თვის იყო.

ფოტოები სოლიდარობის კალენდრის გამო გადაიღეს, რომელსაც კატალონიური გამოცემა ყოველ წელს უშვებდა და რომელშიც ბარსელონას ფეხბურთელები მონაწილეობდნენ.

ამ ისტორიული კადრის ფოტოგრაფმა, ჯოან მონფორტმა, The Athletic-თან ფოტოების გადაღების პროცესი გაიხსენა: "რთულად გადასაღები ფოტო იყო, შემიძლია ვთქვა, რომ მის გადასაღებად “სისხლი დავღვარე“, - აღნიშნა ფოტოგრაფმა.