ავტორი:

"ჩვენს ქორწილში არანაირი ალკოჰოლი არ იყო..." - რას ჰყვება ქართველი ქალი სუდანელ მეუღლეზე, მათ ადათ-წესებსა და ჩინეთში ცხოვრებაზე

"ჩვენს ქორწილში არანაირი ალკოჰოლი არ იყო..." - რას ჰყვება ქართველი ქალი სუდანელ მეუღლეზე, მათ ადათ-წესებსა და ჩინეთში ცხოვრებაზე

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი და მათი კულტურა რადიკალურად განსხვავდება, ჩემი მეუღლე - ხალიდ სულეიმანი იმდენად მარტივი პიროვნებაა, თანაცხოვრებაში არ გვქონია რაიმე დაბრკოლება" - ამბობს სალომე შუბითიძე, რომელიც სუდანელ მამაკაცზეა გათხოვილი... სალომე თავის საინტერესო ცხოვრებაზე, სუდანზე, რადიკალურად განსხვავებულ ტრადიციებზე გვიამბობს...

- სალომე, თუ არ ვცდები, პირველი ქართველი ხართ, ვინც სუდანელ მამაკაცზეა დაქორწინებული

- დიახ, გულწრფელად გითხრათ, მეც არ გამიგია სუდანელზე დაქორწინებული სხვა ქართველის შესახებ...

- გვიამბეთ თქვენზე, სად დაიბადეთ და გაიზარდეთ, როგორი იყო თქვენი ცხოვრება საზღვარგარეთ წასვლამდე...

- დავიბადე და გავიზარდე თბილისის გარეუბანში. ვერ ვიტყვი, რომ სხვებისგან რამით გამორჩეული ცხოვრება მქონდა, პირველი შვილი და შვილიშვილი ვიყავი(ვარ) და შესაბამისად ბავშვობის პირველი წლები ნებივრობაში გავატარე. ეს ჩემი ბავშვობის ფოტოებშიც კარგად ჩანს...

6 წლის ვიყავი, ჩემი და რომ დაიბადა, მერე ცოტა აირია ცხოვრება და გაგვიჭირდა , მაგრამ მაშინ ალბათ ყველა ასე იყო. ძალიან კარგი ეზო(უბანი) გვქონდა, უამრავი ჩემი თანატოლით და ეს საუკეთესო ნაწილია ჩემი ბავშვობიდან. ერთად უამრავი ტკბილი მოგონება დავაგროვეთ მე და ჩემმა მეგობრებმა. ცოტა ხნის წინ ერთ ფოტოს წავაწყდი ინტერნეტში ბავშვობაზე “ალბათ ერთ დღეს ყველა ბოლოჯერ ავედით სახლში, და არავინ იცოდა რომ ეს ბოლო იყო” თუ რაღაც მსგავსი. ჩემს შემთხვევაში, ეს სხვანაირად მოხდა: 13 წლის ვიყავი, როცა ჩემი მშობლები დაშორდნენ და მე საცხოვრებელი შევიცვალე, შესაბამისად ჩემი ბავშვობაც, ნაწილობრივ მგონია, რომ იქ დამთავრდა. სკოლა 17 წლის ასაკში დავამთავრე ექსტერნად, 28 გამოცდა გვქონდა ჯამში ჩასაბარებელი.იმ პერიოდში დედა იყო ის ადამიანი, ვისაც სრული პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული ჩემზე და ჩემს დაზე. სკოლა დავამთავრე, მაგრამ სწავლა ვერ გავაგრძელე და სკოლის დამთავრებისთანავე დავიწყე მუშაობა უბნის მაღაზიაში, კონსულტანტი ვიყავი.

ხელფასი 15 ლარი რომ ამეღო, 2 დღე უნდა მემუშავა, რადგან დღეში 7 ლარი იყო. ალბათ ახლა სასაცილოა, მაგრამ ჩემთვის ძალიან ტკბილი იყო ის ჩემი მოპოვებული „ხელფასი”. მახსოვს, ჩემი კლასი სკოლიდან მიდიოდა ყაზბეგში და მინდოდა ჩემი დაც ჩემთან ერთად წამეყვანა, ჰოდა ძალიან დიდხანს ვაგროვებდი ამ ხელფასით ექსკურსიის თანხას. ეს სამსახური რომ დავტოვე, მერე ლილო მოლში დავიწყე ფეხსაცმლის მაღაზიაში მუშაობა. ეს ბევრად რთული აღმოჩნდა, რადგან ყინვაში მიწევდა ფაქტობრივად ქუჩაში დგომა, თუმცა ამასაც გავუძელი. მერე იყო "ნიკორას" სუპერმარკეტი, სადაც წელიწად ნახევარი ვიმუშავე და ჩემი ცხოვრების ორი საუკეთესო მეგობარი შევიძინე. 2016 წლის ზაფხულამდე ვიმუშავე იქ და შემდეგ უკვე ძალიან სპონტანურად ჩინეთში წამოვედი. ამაზე ბლოგიც მაქვს დაწერილი... ჩინეთში ვმუშაობდი ბარშიც და ქართულ რესტორანშიც. ქართულ რესტორანში მუშაობა ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო იმიტომ, რომ უცხო ქვეყანაში თითქოს და საქართველოს წარვადგენდი...

- პირადი ცხოვრება როგორ აგეწყოთ?

- ჩემი მეუღლე 2016 წელს გავიცანი, მას შემდეგ ერთად ვართ, 2019 წელს ვიქორწინეთ. ახლა ორი შვილი გვყავს და მე მათზე პასუხისმგებლობა მაქვს აღებული დღის მანძილზე. მეუღლე მუშაობს ჩვენივე კომპანიაში, რომელიც ქალაქ ივუში 2018 წელს დავარეგისტრირეთ. ექსპორტის მიმართულებით მუშაობს... მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი და მათი კულტურა რადიკალურად განსხვავდება, ჩემი მეუღლე იმდენად მარტივი პიროვნებაა, თანაცხოვრებაში არ გვქონია რაიმე დაბრკოლება. სუდანში ჩასვლისას კი, იმდენად აფორიაქებული ვიყავი ქორწილის სამზადისით, დეტალებზე ყურადღებას არ ვამახვილებდი. თუმცა ცხადია, არის რაღაცები, რაც არ მომწონს მათ ტრადიციებში. მაგალითად, როცა სტუმრად მივდიოდით, ქალები და კაცები ცალ-ცალკე ვვახშმობდით. მე კი ეს ძალიან მსტრესავდა. ჩემი ქმარი ფაქტობრივად ერთადერთი იყო იქ, ვისაც ვიცნობდი, ამიტომ ეს ძალიან მიჭირდა და არ მომწონდა. მისი ოჯახის წევრები უზომოდ კარგი ადამიანები არიან და ძალიან კარგად შემხვდნენ, როცა ჩავედით. ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვიყავი, როგორც "უცხოელი რძალი”...

სუდანი არ გამოირჩევა აღმშენებლობით, განვითარებით და ცხოვრების მაღალი დონით. თუმცა რესურსებით საკმაოდ მდიდარი ქვეყანაა. სამწუხაროდ, ქუჩაში ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანი და ბავშვია. ხალხი საოცრად სტუმართმოყვარე და კეთილია. სტუმრის მისაღებად სულ მზად არიან ოჯახში. ჩემს ქორწილამდე დაახლოებით ათი დღით ადრე ჩავედით, იქაური ტრადიციები ზედმიწევნით ვერ დავიცავით, ვინაიდან ჩემი ქართული ოჯახი იქ არ იყო, თუმცა ის რაც წესით ჩემს, (გოგოს) ოჯახში უნდა გაკეთებულიყო, ჩემი მეუღლის (მულის) ოჯახში გაკეთდა. სტუმრებისთვის ჩემმა მულმა ჩვენს ჩასვლამდე გამოაცხო ტრადიციული ორცხობილები, შემდეგ კი რამდენიმე დღის მანძილზე(ქორწილამდე) მოდიოდნენ სტუმრები, ხშირ შემთხვევაში ქალები... გამუდმებით ჰქონდათ კითხვები ჩემთან, ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ უცხოელი ვიყავი.

ამან ცოტა დამსტრესა, თითქოს პირადი სივრცე დამირღვია, მაგრამ მედგრად ვიდექი. ქორწილი ძალიან განსხვავდება ქართულისგან, არანაირი ალკოჰოლი და ქეიფი დილის 4 საათამდე. ქორწილის მთავარი და განუყრელი ტრადიციაა ხნის ცერემონია. არა მხოლოდ პატარძალი, არამედ სიძეც შეფერილია ხნით ხელის თითებზე. ქორწილში სტუმრებისთვის განკუთვნილია საკვები და უალკოჰოლო სასმელები. ხოლო სიძე პატარძალი, სავარძელზე სხედან, სადაც სტუმრები მიდიან და ულოცავენ. ჩვენი ქორწილი რომ დასრულდა, მე და ჩემს მეუღლეს ძალიან გვშიოდა, რადგან მთელი დღე ვერ მოვახერხეთ და ყველა სტუმრის წასვლის შემდეგ, ერთ-ერთ მაგიდასთან გემრიელად მივირთვით. მაშინ მითხრა, სუდანელი პატარძლები ისე იპრანჭებიან და ინაზებიან, ამას არავინ გააკეთებდა , ამიტომაც მიყვარხარ და დავქორწინდი შენზეო.

- დედა და თქვენი და როგორ შეხვდნენ თქვენს სუდანში გათხოვებას?

- როგორც აღვნიშნე, 2016 წელს წამოვედი საქართველოდან და მას შემდეგ ჩინეთში ვცხოვრობ. სუდანში მხოლოდ ორჯერ, თითო თვით ვარ ნამყოფი... სიშორე კი ჩვენი ყოველდღიური გამოწვევაა, თავისთავად. ჩვენ სამნი, მე დედა და ჩემი და განუყრელად სულ ერთად ვიყავით იქამდე, სანამ წამოვიდოდი. თუმცა მათთვის ჩემი ბედნიერება პრიორიტეტული იყო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

- გვიამბეთ თქვენს შვილებზე...

- როგორც გითხარით, ორი შვილი მყავს , გოგონა - სარა 5 წლის ხდება, ბიჭი - ნოა კი 2 წლისაა. დედა ჩინეთში გავხდი, ყველანაირი დახმარების და ხელშეწყობის გარეშე. მხოლოდ მე და ჩემი მეუღლე ვიყავით და არავინ სხვა, სარა დაახლოებით 2 წლის იყო, რომ ისედაც უცხო ქვეყანაში, მას აუცილებლად სჭირდებოდა მეგობარი, ასე რომ, დაიბადა ნოა. მიუხედავად მათი რუტინული ჩხუბებისა, ვიცი, რომ ერთმანეთის არსებობა მათ ცხოვრებაში ძალიან დიდი ბედნიერებაა. ამას თავადაც გაიაზრებენ მალე. სარას თავიდან გაუჭირდა ზოგადად საუბრის დაწყება, რადგან ოთხი ენა ესმის ყოველდღიურად. ახლა ცოტა ქართულადაც იცის სიტყვები. ნოას ბევრად გაუმარტივდა, უკვე საუბრობს ინგლისურად, ესმის ქართულად სიტყვები და ასევე ამბობს. განსაკუთრებით უყვარს სიტყვა ხინკალი და მიყვარხარ... ლეღვს რომ დაინახავს, ხინკალიო ამბობს.

- სოციალურ ქსელში ბევრი გამომწერი გყავთ, ხშირად არის ნეგატიური კომენტარები?

- რაც შეეხება აგრესიას, ამას ყოველდღიურად ვიღებ. საკმარისია რამე ვიდეო ან პოსტი ფართო აუდიტორიაზე გავიდეს, მაშინვე ვიღებ ლანძღვა-გინებას. თუმცა ამ ყველაფერს დადებითი ჯაბნის. მხოლოდ ერთ რამეს ვკითხავდი აგრესიით სავსე ადამიანებს, ბედნიერი ხართ? ასე რომ იყოს, სხვისი ლანძღვის სურვილი არასოდეს გაგიჩნდებოდათ. მე არ ვარ პროვოკატორი, ინტრიგანი ადამიანი რომ ვინმე სპეციალურად გამოვიწვიო. უწყინარ პოსტებზეც კი, მოდიან და მლანძღავენ. თუმცა ამას მივეჩვიე.