ქარელში, სოფელ ზემო ხვედურეთში, დღესაც შიშით იხსენებენ გასული წლის თებერვალში მომხდარ ისტორიას, როდესაც ძველ სარდაფში წითელმუცელა მცურავები (Dolichophis schmidti) აღმოაჩინეს. ჰერპეტოლოგებმა სარდაფიდან 138 გველის ერთდროული ამოყვანის კადრებიც გაავრცელეს, რომელთა შორის ყველაზე გრძელი 158 სმ, ყველაზე პატარა კი 82 სმ იყო. როგორ გაჩნდა ხვედურეთში ამდენი გველი, ჰერპეტოლოგებისთვის კი მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევის საფუძველი, ამის შესახებ ჰერპეტოლოგ გიორგი იანქოშვილს ვკითხეთ. ახალგაზრდა მკვლევარი ჰერპეტოლოგთაგან ერთ-ერთია, რომელსაც გველმა მინდორში უკბინა, თუმცა არ აუღია ხელი ამ დარგში მუშაობაზე.
- ბატონო გიორგი, ხვედურეთში 138 გველის ერთად აღმოჩენა მხოლოდ აქაურებისათვის კი არა, ბევრისთვის გამოდგა შოკის მომგვრელი.
- ეს ამბავი შემთხვევით შევიტყვე, გავრცელებული ვიდეო ნახა სტუდენტმა იოანე როსტიაშვილმა და გადავწყვიტეთ, ჩავრეულიყავით. ქვეწარმავლები ნახეს ძველი, უფუნქციო ბაგა-ბაღის სარდაფში, სადაც ახალ ნაგებობას აშენებდნენ. მან, ვინც ისინი აღმოაჩინა, საბედნიეროდ, იცოდა, რომ ეს არსებები ბუნების შექმნილ ერთ-ერთ სასიცოცხლო რგოლში არიან და მათი განადგურება ბუნებას ზიანს აყენებს. ამიტომაც მათთან მიახლოებას გამოცდილი სპეციალისტის, ბატონ შოთა ზანდუკელის რეკომენდაცია დასჭირდა. მან დაადასტურა, რომ ჩვენ ქვეწარმავლებს გამოვიკვლევდით და უსაფრთხო ადგილას გადავიყვანდით.
- რას უნდა მიეწეროს ერთ სოფელში ამდენი ქვეწარმავლის ერთსა და იმავე ნაგებობაში შეკრება?
- როგორც იქაურებმა გვითხრეს, წყალი სარდაფს სპეციალური მილით მიეწოდებოდა. დროთა განმავლობაში, როგორც ჩანს, მილი დაზიანდა და ქვეწარმავლებმა სარდაფში გამოსაზამთრებლად სწორედ მილის ამ დაზიანებული ადგილიდან შეაღწიეს. ქვეწარმავლები გამოსაზამთრებელ ადგილებს ტემპერატურის უზუსტესი ნიუანსებით არჩევენ - არც ისეთი სიცივე უნდა იყოს, სადაც გაიყინებიან, და არც ისეთი სითბო, რომელიც მოაშიებთ და გარეთ გამოსვლას აიძულებს. ამიტომ შედიან საშუალო ტემპერატურის ადგილებში და გაზაფხულამდე რჩებიან იქ ერთმანეთში გადახლართულები, რათა სხეულის ტემპერატურა შეინარჩუნონ, მერე კი გაზაფხულზე გარეთ გამოდიან. გააგრძელეთ კითხვა