ავტორი:

პრინცი ჰარი ამბობს, რომ სამეფო ოჯახთან შერიგება სურს: მისი თქმით, მას მამა - მეფე ჩარლზი არ ელაპარაკება - რა გახდა ამის მიზეზი?

პრინცი ჰარი ამბობს, რომ სამეფო ოჯახთან შერიგება სურს: მისი თქმით, მას მამა - მეფე ჩარლზი არ ელაპარაკება - რა გახდა ამის მიზეზი?

პრინცმა ჰარიმ განაცხადა, რომ სამეფო ოჯახთან შერიგება სურს, მიუხედავად იმისა, რომ მამის - მეფე ჩარლზის მხრიდან კომუნიკაცია გაწყვეტილია.

სასექსის ჰერცოგმა BBC-ს უთხრა, რომ მას მამა, სახელმწიფო დაცვასთან დაკავშირებით სასამართლო დავის შემდეგ აღარ ელაპარაკება. ჰარის თქმით, ოჯახს ყველაფერი აპატია და შერიგება სურს.

"მე ოჯახთან შერიგება მინდა. ბრძოლას აზრი აღარ აქვს, ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა", - ამბობს პრინცი.

კალიფორნიიდან საუბრისას მან ასევ თქვა, რომ სამეფო ოჯახთან "ბევრი დაპირისპირება“ ჰქონდა.

პრინცმა აღნიშნა, რომ "შეუძლებელია“, ბრიტანეთში უსაფრთხოდ დააბრუნოს ოჯახი მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დაცვასთან დაკავშირებულ სასამართლო გარჩევაში დამარცხდა.

შეგახსენებთ, მან წააგო საქმე სასამართლოში, სადაც ის დიდი ბრიტანეთის მთავრობას უჩიოდა და ამტკიცებდა, რომ მისთვის სახელმწიფო დაცვის გაუქმება უკანონო იყო. სანამ დიდი ბრიტანეთი პრინც ჰარის და მის ოჯახს სახელმწიფო დაცვას გაუუქმებდა, სასექსის ჰერცოგმა და მისმა ცოლმა მეგან მარკლმა განაცხადეს, რომ ისინი უარს ამბობდნენ სამეფო ტიტულებზე.

სასექსის ჰერცოგმა სასამართლო დავა 2020 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც დიდი ბრიტანეთის სამეფო კარის და საჯარო პირების დაცვის კომიტეტმა მას შეატყობინა, რომ ისეთივე სახელმწიფო დაცვას ვერ მიიღებდა, როგორც ეს მანამდე ხდებოდა. დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ სერ პიტერ ლეინმა დაასკვნა, რომ კომიტეტის გადაწყვეტილება კანონიერი იყო.

პრინცი ჰარის წარმომადგენლები სასამართლოზე ამტკიცებდნენ, რომ კომიტეტს უნდა გაეთვალისწინებინა პრინცი ჰარის და მისი ოჯახის უსაფრთხოების მაღალი რისკები. მოსამართლის მტკიცებით, კომიტეტმა კარგად იცოდა მომჩივნის სტატუსის და კონტექსტის შესახებ.

პრინცის თქმით, ამ ეტაპზე შეუძლებელია, ოჯახი ბრიტანეთში უსაფრთხოდ დააბრუნოს.

"ამ სიტუაციაში არ შემიძლია ცოლი და შვილები ბრიტანეთში ჩავიყვანო. ჩემს საზოგადოებრივ საქმიანობას კი მაინც გავაგრძელებ და მუდამ დავეხმარები იმ ადამიანებს და საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომლებიც ჩემთვის მნიშვნელოვანია", - თქვა მან და იქვე დასძინა:

"მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, ყოველთვის მიყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა ადამიანმა ცუდად მომექცა. მენატრება ბრიტანეთი და მისი ბევრი კუთხე. ძალიან მწყინს, რომ შვილებს ჩემს სამშობლოს ვერ ვაჩვენებ". წყარო