ამაზონის ჯუნგლებში თვითმფრინავი ალიგატორებით დასახლებულ ჭაობში ჩამოვარდა - ის ადგილობრივმა მეთევზეებმა პარასკევს, ბოლივიის ამაზონასის რეგიონში იპოვეს.
ბენის დეპარტამენტის საგანგებო ოპერაციების ცენტრის დირექტორის განცხადებით, ბორტზე მყოფი ხუთივე მგზავრი გადაარჩინეს - სამი ქალი, ერთი ბავშვი და 29 წლის პილოტი.
"ალიგატორებით ვიყავით გარშემორტყმულნი, რომლებიც ჩვენგან სამი მეტრის რადიუსში იყვნენ. თვითმფრინავიდან ბენზინის გაჟონვამ მტაცებლები შეაჩერა" - განაცხადა პილოტმა და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, წყალში ანაკონდაც დაინახეს.
ბენის რეგიონის ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, რუბენ ტორესმა, განაცხადა, რომ თვითმფრინავის გაუჩინარების შემდეგ "ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი ვარაუდი“ და "ბევრი თეორია“ არსებობდა.
"ბედნიერი ვარ, რომ დაკარგულების საპოვნელად და მათი სიცოცხლის გადასარჩენად ყველა გაერთიანდა" - ამბობს ის.