ტეხასის სამხრეთ ნაწილში მდებარე ტერიტორია, სადაც ილონ მასკის SpaceX კომპანია ოპერირებს, ოფიციალურად ქალაქი გახდება და მას Starbase ერქმევა.
მაცხოვრებლებმა შაბათს ჩატარებულ არჩევნებში მიწის ნაკვეთის ახალ მუნიციპალიტეტად გამოსაცხადებლად საკუთარი თანხმობა დააფიქსირეს. უფლების მქონე 283 ამომრჩევლიდან უმეტესობა SpaceX-ის თანამშრომელია. ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში Starbase-ის ქალაქად აღიარების 212 მომხრე იყო, 6 კი - წინააღმდეგი.
ილონ მასკმა არჩევნების შედეგები თავისივე კუთვნილ სოციალურ პლატფორმა X-ზე აღნიშნა და დაწერა: "სტარბეისი ახლა ნამდვილი ქალაქია!"
ახალი ქალაქი დაახლოებით 3.9 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. ქალაქის მთავრობა შედგება მერისა და ორი კომისრისგან, რომლებიც დაგეგმვას, გადასახადებს და სხვა ადგილობრივ საკითხებს ერთად გაუძღვებიან.
“სტარბეისის“ ქალაქად აღიარებას ყველა სიხარულით არ შეხვედრია. ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ზოგიერთი ადამიანი მასკის იდეას ეწინააღმდეგება და კომპანიას ადგილობრივი გარემოსთვის ზიანის მიყენებაში ადანაშაულებს. მას შემდეგ, რაც SpaceX-მა ამ ტერიტორიაზე მიწის შესყიდვა დაიწყო, კომპანიის საცხოვრებელი სახლები და SpaceX-ის ობიექტები, მასკის რეზიდენციასთან ერთად, ეტაპობრივად აშენდა.
მასკის ჩართულობაზე მიუთითებს ქალაქის ერთ-ერთი ქუჩა, რომელიც Memes Street-ადაა წოდებული და უშველებელი ბიუსტი, რომელიც თავად მაგნატს გამოსახავს. გავრცელებული ინფორმაციით, ბიუსტი ცოტა ხნის წინ ვანდალიზმის შედეგად დაზიანდა კიდეც.
გარემოსდაცვითი ჯგუფებიც აკრიტიკებენ SpaceX-ის გავლენას მიმდებარე ველურ ბუნებაზე, მას სინათლით დაბინძურებასა და რაკეტების გაშვებით მიღებული ნარჩენებით მიმდებარე ტერიტორიის დანაგვიანებაში ადანაშაულებენ. 2024 წელს კომპანია დაბინძურებისთვის აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ 150 000 დოლარით დაჯარიმდა კიდეც.
წყარო:bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა