კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე პატიმარ იოსებ გორგაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
„ლეტალური გამოსავალი დადგა გუშინ, 20:00 საათზე. მხოლოდ და მხოლოდ შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო პოლიტრავმა, პაციენტს ყველა აუცილებელი სამკურნალო ღონისძიება ჩაუტარდა, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც ლეტალური გამოსავალი დადგა“, - აცხადებს ჩხაიძე.
პატიმრის ადვოკატის, მუხრან ღურწკაიას თქმით კი, გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. სწორედ ღურწკაიასგან გახდა ცნობილი, რომ გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში" დაზიანებებით გადაყვანილი 46 წლის პატიმარი, წუხელ გარდაიცვალა.
ადვოკატის თქმით, პატიმარი ციხიდან კლინიკაში ნაცემ მდგომარეობაში გადაიყვანეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყეს, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ გორგაძის ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ მიაწოდა. ადვოკატის თქმით, პატიმარი გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში" დაზიანებებით იანვრის თვეში გადაიყვანეს.
ადვოკატის განმარტებით, გორგაძე ციხეში სასიკვდილოდ სცემეს და აწამეს. თუ ვისი მხრიდან განხორციელდა ძალადობა, პატიმრების, თუ იქ მომუშავე თანამშრომლების, ეს ადვოკატისთვის უცნობია.
ღურწკაიას თქმით, გორგაძეს სახის ძვლები ჰქონდა დალეწილი, უფრო კონკრეტულად, ადვოკატის განმარტებით, პატიმარს სახის არეში დაახლოებით, 30-მდე მოტეხილობა და ასევე ტვინის შეშუპება ჰქონდა.
რაც შეეხება თავად იოსებ გორგაძეს, მას ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
იხილეთ ასევე: