30 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის ბუნებრივ რესურსებზე წვდომის შესახებ. ამავე დოკუმენტის თანახმად, აშშ დააფუძნებს რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდს, რომელსაც ვაშინგტონი უკრაინაში მშვიდობის დამყარებისა და "თავისუფალი, სუვერენული და აყვავებული" ქვეყნის აშენების წინა პირობად განიხილავს. შეთანხმებას ვაშინგტონში მოაწერეს ხელი უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ და აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა. შეთანხმების ძირითადი დებულებების თანახმად: წიაღისეული უკრაინის საკუთრებაში დარჩება და სწორედ უკრაინის სახელმწიფო განსაზღვრავს, სად და რა მოიპოვოს. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს აშშ-ისა და უკრაინის თანაბარ პარტნიორობას - ფონდი 50/50 პროპორციით იქმნება და არც ერთ მხარეს არ ექნება გადამწყვეტი ხმის უფლება. "ხელმოწერილ შეთანხმებაში არაფერია ნათქვამი შეერთებული შტატების მიმართ უკრაინის ვალზე. შეთანხმების შესრულება ორივე ქვეყანას საშუალებას მისცემს გაზარდონ თანაბარი თანამშრომლობისა და ინვესტიციების გზით თავიანთი ეკონომიკური პოტენციალი. შეთანხმება შეესაბამება კონსტიტუციას და არ ცვლის უკრაინის ევროპული ინტეგრაციის კურსს. ეს ასევე იქნება სიგნალი საერთაშორისო მოთამაშეებისთვის, რომ უკრაინის სახელმწიფოსთან გრძელვადიანი თანამშრომლობა საიმედოა", - აცხადებენ უკრაინის ხელისუფლებაში. როგორც ირკვევა, ფონდი შეივსება ექსკლუზიურად ახალი ლიცენზიებიდან მიღებული შემოსავლით. უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პირველ 10 წელიწადს მოგება არ გაიყოფა, ფონდის სახსრები დაიხარჯება მხოლოდ უკრაინაში. ფონდს ორი ქვეყანა თანაბარი უფლებებით განკარგავს. შეთანხმების თანახმად, შეერთებული შტატები ხელს შეუწყობს დამატებითი ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების მოზიდვას. ფონდის შემოსავალი და შენატანები არ იბეგრება არც აშშ-ში და არც უკრაინაში. უკრაინაც და აშშ-ც კმაყოფილი არიან ხელმოწერილი შეთანხმებით. ზელენსკიმ დოკუმენტს სამართლიანი და თანასწორუფლებიანი უწოდა, თუმცა იბადება კითხვა, იქნება თუ არა ეს შეთანხმება უკრაინისთვის უსაფრთხოების "ავტომატური გარანტია", რაზეც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელმოწერამდე საუბრობდა? - სწორედ ამ თემაზე საუბრით იწყება ინტერვიუ ფინანსთა ყოფილ მინისტრსა და რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ყოფილ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ვალერი ჩეჩელაშვილთან, რომელიც გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნდა:
- უპირველესად უნდა ვთქვათ, რომ ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა ის რეალობა, რაც აშშ-ში ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ შეიქმნა - ამერიკამ ამ შეთანხმებით დაადასტურა, რომ ის არის ერთგული თავისუფალი, სუვერენული უკრაინის და რაც მთავარია, სჯერა, რომ უკრაინა დარჩება თავისუფალ და სუვერენულ სახელმწიფოდ.
ეს არის ძალიან კარგი შეთანხმება, რომელიც ასევე ითვალისწინებს სამხედრო ელემენტებსაც, მათ შორის უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების დამატებით მიწოდებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.როგორც ჩანს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ სწორი დასკვნები გამოიტანა დონალდ ტრამპსა და დი ჯეი ვენსთან ოვალურ კაბინეტში გამართული იმ სკანდალური შეხვედრიდან და თავისი კარგად აწონილი, დაბალანსებული პოლიტიკით მიაღწია ამ ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულების გაფორმებას, რომელიც ნამდვილად შეცვლის თამაშის წესებს ამ ვითარებაში.
იმასაც უნდა დავაკვირდეთ, რომ ამ პროცესის პარალელურად კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა დონალდ ტრამპმა: პირველი - დათანხმდა უკრაინას მიჰყიდოს კომერციულ საფუძველზე დამატებითი შეიარაღება; მეორე - გამოაცხადა, რომ სანქციების გაუქმება არ განიხილება, მეტიც, განიხილება დამატებითი სანქციების შემოღება, თუ რუსეთი არ დათანხმდება სამშვიდობო პროცესს; მესამე - ტრამპის მიერ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების თარიღად 8 მაისის გამოცხადება, ვფიქრობ, ძალიან დააფიქრებს პუტინს. აქამდე აშკარად ჩანდა, რომ ტრამპი პუტინის ეგოს უფრთხილდებოდა, თუმცა 8 მაისზე გაკეთებული განცხადებით პრეზიდენტმა ტრამპმა აჩვენა, რომ ეს მხოლოდ მითია... მოგეხსენებათ, ეს საკითხი და თარიღი განსაკუთრებით სენსიტიურია პუტინისთვის, რადგან 9 მაისს კრემლის პროპაგანდა წარმოადგენს როგორც ქვეყნის ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილს და იყენებს როგორც ისტორიული მემკვიდრეობისა და პატრიოტიზმის სიმბოლოს.
- დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებამდე აცხადებდა, რომ ომს სწრაფად დაასრულებდა, თუმცა ეს აშკარად არ აღმოჩნდა ასე მარტივი. ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა გასულ კვირას განაცხადა, უკრაინაში ომი მალე არ დასრულდებაო...
- ჩემი აზრით, უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება და სასანქციო პოლიტიკის უფრო გამკაცრება რუსეთის წინააღმდეგ იქნება სწორედ ის ორი მძლავრი ბერკეტი, რაც შეუწყობს ხელს ამ ომის სწრაფად დასრულებას.
კრემლი საერთოდ რომ დათანხმდა მოლაპარაკებას, იმის ნიშანიც არის, რომ რუსეთში სერიოზული ეკონომიკური პრობლემები იწყება. წელს დაახლოებით 400 მილიარდია რუსეთის ბიუჯეტი, აქედან სამხედრო ბიუჯეტი 145 მილიარდს შეადგენს. ვხედავთ, მსოფლიოში რა სწრაფად ვარდება ნავთობის ფასები, რის გამოც ამ 400-მილიარდიან ბიუჯეტში უკვე ელოდებიან, სულ ცოტა, 25 მილიარდი დოლარის საბიუჯეტო დეფიციტს წლის ბოლომდე. მოკლედ, რუსეთი ძალიან რთულ მდგომარეობაშია, თუმცა პუტინი არ იმჩნევს, მაგრამ ქვეყნის ფინანსთა მინისტრის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ოფიციალურ განცხადებებს თუ მიადევნებთ თვალს, აშკარად ძალიან შემაშფოთებელ შეფასებებს ნახავთ. ამასთანავე, თუ აშშ-მა ის ორი კომპონენტიც განახორციელა, ანუ მეტი შეიარაღება მისცა უკრაინას და მეტი სანქცია დაუწესა რუსეთს, ეს შექმნის იმის წინა პირობას, რომ ამ ომის აქტიური ფაზა უკვე წელს დასრულდეს. გააგრძელეთ კითხვა