"დაარღვევ კანონს და წახვალ ციხეში, დაარღვევ ციხის კანონს და წახვალ ალკატრასზე", - ეს გამოთქმა, აშშ მალე შეიძლება კვლავაც აქტუალური გახდეს.
საქმე ისაა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან ციხეების ფედერალურ ბიუროს დაავალა, აღადგინოს და ხელახლა გახსნას სან-ფრანცისკოს ყურეში მდებარე ალკატრასის ციხე "ამერიკის ყველაზე დაუნდობელი და ძალადობრივი დამნაშავეების“ განსათავსებლად".
"აღადგინეთ და გახსენით ალკატრასი! წარსულში, როდესაც უფრო სერიოზული ერი ვიყავით, უყოყმანოდ ვაპატიმრებდით ყველაზე საშიში დამნაშავეებს და შორს გვყავდნენ ისინი მათგან, ვისთვისაც ზიანის მიყენება შეეძლოთ. ვაძლევ მითითებას ციხეების ბიუროს, იუსტიციის დეპარტამენტთან, FBI-თან და სამშობლოს უსაფრთხოების დეპარტამენტთან ერთად, ხელახლა გახსნან მნიშვნელოვნად გაფართოებული და აღდგენილი ალკატრასი... ალკატრასის ხელახლა გახსნა კანონის, წესრიგისა და სამართლიანობის სიმბოლო იქნება. ჩვენ ამერიკას ისევ დიდებულს გავხდით!“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.
ალკატრასი - მსოფლიოში ყველაზე ცნობილი, საშიში და დაცული ციხე 1963 წელს დაიხურა. ამჟამად ის სან-ფრანცისკოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია.
მდებარეობა: ალკატრასის კუნძული, სან-ფრანცისკოს ყურე, კალიფორნია, აშშ.
მოკლე აღწერა: ალკატრასი ცნობილი იყო როგორც ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ციხე, სადაც უმძიმესი დამნაშავეები ჰყავდათ გამოკეტილი.
1850-იანი წლები: ალკატრასის კუნძული თავდაპირველად სამხედრო დანიშნულებისთვის გამოიყენებოდა; აქ აშენდა ციხე-სიმაგრე და სამხედრო ციხე.
1934 წელი: ალკატრასი გადაიქცა ფედერალურ ციხედ, რომლის მიზანი იყო უმძიმესი დამნაშავეების კონტროლი.
1963 წელი: ციხე ოფიციალურად დაიხურა მაღალი ხარჯებისა და ნარჩენების პრობლემების გამო.
1969–1971: მოხდა ამერიკელი ინდიელების მიერ კუნძულის სიმბოლური ოკუპაცია, ეს იყო საპროტესტო აქტი. ისინი 19 თვის განმავლობაში ინარჩუნებდნენ "ალყას“ და ითხოვდნენ რომ ალკატრასის შენობებში ინდიელთა კულტურული ცენტრის დაარსებულიყო, თუმცა საბოლოოდ ამის მიღწევა ვერ შეძლეს და 1971 წლის ზაფხულში იძულებულნი გახდნენ კუნძული დაეტოვებინათ.
1972 წლიდან ალკატრასი ეროვნული პარკის ნაწილია და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია აშშ-ში.
სან-ფრანცისკოს სანაპიროდან მოშორებით მილიონობით ადამიანი გარკვეულ თანხას ციხის სანახავად იხდის. ალკატრასის ციხემდე მისვლა მხოლოდ სპეციალური ბორნით არის შესაძლებელი. ამისათვის დამთვალიერებლები ბილეთებს ერთი კვირით ადრე უკვეთენ. ადგილზე ტურისტებს უამრავ გასართობს სთავაზობენ: ციხის ტური, აუდიოგიდები ყოფილი პატიმრებისა და მცველების ისტორიებით, სანახაობრივი ხედები სან-ფრანცისკოს ყურეზე და საინტერესო გამოფენები.
ციხის საკნები, სიდიდით საძინებლის კარადას მცირედით თუ აღემატებოდა. ამ ფართში იყო განთავსებული საწოლი, ხელსაბანი და საპირფარეშო. პატიმრები კამერებში მუდამ მარტონი ცხოვრობდნენ.
ეს იყოს ერთადერთი ციხე, სადაც მუდამ ცხელი წყალი მოდიოდა. ეს რა თქმა უნდა პატიმრებისადმი კეთილგანწყობით არ იყო განპირობებული, ციხის მმართველების აზრით, ცხელ წყალს შეჩვეულ პატიმრებს, გაქცევის მცდელობისას, ცივ წყალში ცურვა გაუჭირდებოდათ.
ალკატრასში ქალის ხილვა შეუძლებელი იყო. მცველებით დაწყებული, ექიმით დამთავრებული, ყველა მხოლოდ მამაკაცი გახლდათ.
ციხის ფუნქციონირების 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში, პატიმრობისას, ძალიან ბევრი ადამიანი გაგიჟდა, ბევრმა კი თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
1946 წელს მოხდა ციხის აჯანყება, რომლის დროსაც რამდენიმე პატიმარი მცველებს თავს დაესხა და იარაღი წაართვა, შედეგად დაიღუპა 2 მცველი და 3 პატიმარი.
ყველაზე საშიში დამნაშავეები D ბლოკში ისხდნენ, რომელშიც 6 იზოლირებული კამერა იყო.
D ბლოკის სარდაფში კარცერები იყო, რომელშიც ყველაზე აგრესიული პატიმრები ჰყავდათ. ციხის თანამშრომლებისთვის ზიანი რომ არ მიეყენებინათ, ისინი კედლებზე იყვნენ ჯაჭვებით მიბმულები.
ალფონს გაბრიელ "ალ“ კაპონე (Alfonso Capone; მეტსახელად "დადაღული სახე") - ამერიკელი განგსტერი, რომელიც 1920-1930-იან წლებში ჩიკაგოს ტერიტორიას აკონტროლებდა. ავეჯის ბიზნესის საფარ ქვეშ დაკავებული იყო ბუტლეგერობით, სათამაშო ბიზნესითა და პროსტიტუციით. დროთა განმავლობაში აშშ-ის ორგანიზებულ დამნაშავეთა იტალიურ მაფიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი გახდა. ალ კაპონემ ალკატრასის ციხეში სულ 4 ½ წელი გაატარა. ის სიფილისით იტანჯებოდა, რამაც მის ტვინზე გავლენა მოახდინა და სასჯელის დარჩენილი ნაწილის გასატარებლად სამხრეთ კალიფორნიაში, ტერმინალ აილენდის ციხეში გადაიყვანეს. კაპონემ ალკატრასი 1939 წლის 6 იანვარს დატოვა.
ჯორჯ კელი ბარნსი, ცნობილი მეტსახელით "ტყვიამფრქვევი კელი “ (Machine Gun Kelly) - ამერიკელი განგსტერი მემფისიდან, ის ცნობილი გახდა ბიზნესმენ ჩარლზ ფ. ურშელის გატაცებით 1933 წლის ივლისში, რომლის დროსაც მან და მისმა ბანდამ 200 000 დოლარის გამოსასყიდი მიიღეს (რაც 2025 წლის მონაცემებით, 4.89 მილიონი დოლარის ეკვივალენტურია). მის კრიმინალურ ბიოგრაფია მრავალფეროვანია, მათ შორის მოიცავს კონტრაბანდასა და შეიარაღებული ძარცვას. მან 17 წელი გაატარა ალკატრასში, ნომრით 117.
ჯეიმს "Whitey“ ბულგერი - ცნობილი მაფიოზი ბოსტონიდან. ირლანდიური კრიმინალური დაჯგუფების Winter Hill-ის ლიდერი (1970-1980-იანი წლები), მონაწილეობდა 19 მკვლელობაში. მან ალკატრასში, დაახლოებით 3 წელი გაატარა - 1959 წლიდან 1962 - მდე,
რობერტ ფრანკლინ სტრაუდი - პროფესიით ორნითოლოგი კრიმინალი, ცნობილი, როგორც "მეფრინველე ალკატრასიდან" ("Birdman"). ციხეში ყოფნისას მან ჩიტების მოშენება და მათზე დაკვირვება დაიწყო. მან დაწერა ორი წიგნი ციხეში ყოფნისას, რომელებიც გამოიცა, მათგან "სტრაუდის დაიჯესტი ფრინველთა დაავადებებზე“ დღემდე სერიოზულ ნაშრომად მიიჩნევა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა. სტრაუდი ალკატრასში 1942 წლის 19 დეკემბერს გადაიყვანეს. ალკატრასში სტრაუდმა ექვსი წელი საკანში და კიდევ 11 წელი ციხის საავადმყოფოში გაატარა. 1962 წელს გამოვიდა ამერიკული ფილმი "ფრინველების მოყვარული ალკატრასიდან", რომელიც პატიმარ რობერტ სტრაუდის ბიოგრაფიის მიხედვით გადაიღეს შესახებ.
სხვათა შორის ალკატრასის პოპულარობა ჰოლივუდის ფილმებმაც განაპირობეს. 1979 წელს კლინტ ისტვუდის მონაწილებით ფილმი - "ალკატრასიდან გაქცევა“ გადაიღეს. 1987 წელს ფილმი "ხელშეუხებელნი“ გამოვიდა. 1962 წელს გადაღებულმა ფილმა"ფრინველების მოყვარული ალკატრასიდან" კი, დიდი როლი ითამაშა ციხის ირგვლივ არსებული რეალობის შესაცვლელად.
1995 წელს შონ კონერის მონაწილეობით კიდევ ერთი ფილმი "კლდე“ გამოვიდა. ფილმის გადაღებას საფუძვლად ფრენკ მორისისა და ძმები კლარენ და ჯონ ენგლინების გაქცევის ფაქტი დაედო საფუძვლად.
ციხის არსებობის 29 წლის განმავლობაში, ალკატრასის პატიმრებმა რამდენჯერმე სცადეს გაქცევა. ციხეში არსებული არქივი ასეთ 14 შემთხვევას ითვლის, რომელშიც 36 პატიმარი მონაწილეობდა; მათგან 23 - დაიჭირეს, 6 - გაქცევის დროს მოკლეს, 3 - ზღვაში დაიკარგა, რომელთა ცხედრებიც ვერ იპოვეს.
მხოლოდ 1962 წლის 11 ივნისს, შეუძლებელი შეძლო ფრენკ მორისმა და ძმებმა ენგლინებმა. სავენტილაციო შახტიდან ისინი თავდაპირველად საკვამურში გადავიდნენ, შემდეგ სახურავზე და ბოლოს პატარა ნავით კუნძულიდან გაცურეს. მეორე დილით პოლიციამ მათი მოძებნა ვერ შეძლო. მოგვიანებით გაირკვა რომ, პატიმრებმა საკუთარ საწოლზე საპნითა და ტუალეტის ქაღალდით ფიტულები გააკეთეს, რითაც ღამე ციხის საკნების შემოწმებისას მისული ზედამხედველების მოტყუება შეძლეს. პატიმრების ძებნა დღემდე გრძელდება, თუმცა არსებობს ვერსია, რომ ისინი სან-ფრანცისკოს ყურეში ჩაიძირნენ.
1963 წელს გენერალურმა პროკურორმა რობერტ კენედიმ ალკატრასის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
ოფიციალური ვერსიით, ციხის დახურვის მიზეზი პატიმრების შენახვის სიძვირე იყო - კუნძულზე ყველაფერი მატერიკიდან შეჰქონდათ, რაც ციხის ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდიდა. გარდა ამისა, ალკატრას რემონტიც ესაჭიროებოდა, რაც ხაზინას 3 - 5 მლნ. დოლარი უჯდებოდა. იმ დროს კი, ეს საკმაოდ სოლიდური თანხა იყო...
კუნძულზე მოჩვენებების არსებობაზე მითები მანამდე გაჩნდა, ვიდრე ამ ადგილზე ციხე აშენდებოდა. გადმოცემით, კუნძულს ინდიელები დამნაშავეების განდევნისთვის იყენებდნენ და მათი რწმენის თანახმად, კუნძულზე ბოროტი სულები და დემონები ცხოვრობდნენ. ამიტომ იქაურობას ზოგჯერ "მოჩვენებების კუნძულსაც" ეძახიან.
ბევრი ტურისტი დღესაც ლაპარაკობს, საფრთხის და პანიკის გრძნობაზე, რომელიც მათ ციხის გარკვეულ ნაწილებში უჩნდებოდათ.
პატიმრები კი, ხშირად ამბობდნენ, რომ მათ, ღამ–ღამობით, ციხის დერეფნებიდან კივილის და კვნესის ხმები ესმოდათ.
ალკატრასი დღეს ეროვნული პარკის ნაწილია და ექვემდებარება National Park Service-ს (NPS). მის ფუნქციაში ცვლილება საჭიროებს კანონმდებლობის მიღებას და კონგრესის თანხმობას.სან-ფრანცისკოს ადგილობრივ ხელისუფლებას და კალიფორნიის შტატს ალბათ ექნებათ სერიოზული წინააღმდეგობა, რადგან ალკატრასის გამოყენება მათთვის შეუძლებელია მისაღები იყოს.
ამასთანავე ასეთი ნაბიჯი გამოიწვევს დიდ პოლიტიკურ დებატს, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა დამცველებს შორის.
ალკატრასის აღდგენა თანამედროვე სტანდარტებით ციხედ ძალიან ძვირი დაჯდება - სავარაუდოდ, მილიარდობით დოლარი.
ინფრასტრუქტურა მძიმე მდგომარეობაშია: შენობები, წყალგაყვანილობა, ელექტრობა და უსაფრთხოების სისტემა უნდა განახლდეს.
საჭიროა გამგზავრების ლოჯისტიკის გაძლიერება (გემები, პერსონალი, სასურსათო მიწოდება და ა.შ.).