ავტორი:

"ამის გამო ისე მლანძღავდნენ... არავის საქმე არ არის ჩემი წარსული, მე რამდენი ხანი ვიყავი დეპრესიაში ან რა დაავადება დავამარცხე" - რას ამბობს თიკა ჯამბურია მისი ახალი სიმღერის გარშემო ატეხილ ხმაურზე?

"ამის გამო ისე მლანძღავდნენ... არავის საქმე არ არის ჩემი წარსული, მე რამდენი ხანი ვიყავი დეპრესიაში ან რა დაავადება დავამარცხე" - რას ამბობს თიკა ჯამბურია მისი ახალი სიმღერის გარშემო ატეხილ ხმაურზე?

ქართული მუსიკალური სამყარო უკვე წლებია ახალი სიმღერებით ნაკლებად არის განებივრებული. მომღერალ თიკა ჯამბურიასა და თედო გოგოლაძის დუეტმა "აურა", დღის სინათლე აპრილის ბოლოს იხილა. სიმღერა ძალიან მელოდიურია, მაყურებელმა ადვილად დაიმახსოვრა და აიტაცა, თუმცა საკამათო ტექსტის ნაწილი გახდა, განსაკუთრებულად სიმღერაში გამეორებული ფრაზა "ყველა ისე ცხოვრობს, როგორც დაიმსახურა", - სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილმა ეს მძიმე განცხადებად აღიქვა, იმ ადამიანების მიმართ, ვინც ბედის უკუღმართობის მსხვერპლია.

საზოგადოების მწვავე რეაქციის საპასუხოდ, თიკა ჯამბურიამ ჩვენთან ინტერვიუში განმარტა სიმღერის ნამდვილი შინაარსი და გამოთქვა საკუთარი მოსაზრებები ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით. მისი თქმით, სიმღერა არანაირად არ გულისხმობს იმას, რომ ტრაგიკული მოვლენები ადამიანის "დამსახურებაა". მომღერალი ხაზს უსვამს, რომ ტექსტი უფრო მეტად ადამიანის შინაგან განწყობასა და სამყაროში გაგზავნილ ენერგიაზეა ორიენტირებული და არა ბედისწერის უპირობო განსაზღვრაზე.

რა იმალება სინამდვილეში სიმღერის "აურას" მიღმა? რატომ გამოიწვია კონკრეტულად ამ ფრაზამ ასეთი მძაფრი რეაქცია საზოგადოებაში? და რა არგუმენტები აქვს თიკა ჯამბურიას კრიტიკოსების მისამართით? ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხებს ინტერვიუში წაიკითხავთ

- თიკა, რას უპასუხებთ სიმღერის კრიტიკოსებს, რომლებიც სვამენ კითხვას, თუ რას გულისხმობთ ფრაზაში - ყველა ისე ცხოვრობს, როგორც დაიმსახურა?

- ეს თედოს ტექსტია, რას უნდა ვგულისხმობდეთ, ვინმეს ჰგონია, რომ ამ ტექსტში შეიძლება იგულისხმებოდეს, რომ შვილმკვდარი დედები ან ლეიკემიანი ბავშვები იმსახურებენ სიკვდილს?

- სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ერთ-ერთი ტიკტოკერი სვამდა კითხვას, ადამიანს, რომელმაც მატარებელმა გადაუარა და თავი მოწყვიტა, ის ამას იმსახურებდა?

- ასეთი ადამიანები ვერც ვერასოდეს მიხვდებიან ვერაფერს, მარტივი აზროვნება აქვთ და ჰგონიათ, რომ თვალს გავახელ ზედ წამწამზე მიზიხარ, ნიშნავს, რომ თვალს რომ გაახელენ ზედ წამწამზე ეჯდებათ ვინმე.

როგორც უკვე გითხარით, ეს ტექსტი ჩემი არ არის, თედოსია სიმღერა და ტექსტიც მას ეკუთვნის. ამას წინ უძღოდა პოდკასტი, სადაც მე ვიყავი თედოსთან სტუმრად და ვისაუბრეთ ჩვენს განვლილ წლებზე, ცხოვრებაზე. ადამიანი როგორც ცხოვრობს, როგორ ენერგიასაც უშვებს სამყაროში, როგორც ცდილობს რომ წაიყვანოს თავისი ცხოვრება, ისე შეუძლია წაიყვანოს, მაგრამ განგება ღმერთი მომავალი რას უწინასწარმეტყველებს, ამას ჩვენ ვერ ვგეგმავთ.

"რასაცა დასთეს იმას მოიმკი“, "რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“, "კარმა იზ ე ბიჩ“ - ეს ანდაზები, რატომ არ არის ამხელა ამბის გამომწვევი, რეალურად ზუსტად იგივე შინაარსი აქვს.

არაფერი საგანგაშო ამაში არ ყოფილა, პირიქით, მთელი აზრი დევს იმაში, რომ ადამიანები რაც უფრო კეთილები იქნებიან და რაც უფრო კეთილად შეხედავენ ცხოვრებას, ბევრ კარგს გააკეთებენ, ზუსტად ისე წაიყვანენ თავის ცხოვრებას. ის რომ ჩვენს ცხოვრებას, ჩვენ თავად განვაგებთ, ამაში რა არის გაურკვეველი. იმას ხომ არ ვმღერით, ვიღაც რომ მოკვდა დაიმსახურაო. როგორც ახლა ამ მომენტში ჩვენ ვცხოვრობთ, რა ფიქრებიც გვაქვს, ისეთი იქნება ჩვენი ცხოვრებაც.

კადრი თედო გოგოლაძის პოდკასტიდან - სტუმარი თიკა ჯამბურია

უბრალოდ ეს ადამიანები მგონია, რომ ხანდახან ყველაფერზე არიან წამსვლელები პოპულარობისთვის. დარწმუნებული ვარ, იმ ადამიანების 50 პროცენტი მაინც ხვდება, რომ არ არსებობს ეგ აზრი იდოს ამ სიმღერაში.

სიმღერა ძალიან გავარდა, გატრენდდა და ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ეს თემა ნეგატიურად გაეშალა და ბევრი მოწონება დაეგროვებინა სოციალურ ქსელში, ხალხსაც მეტი რა უნდოდა აჰყვა.

ძალიან მიყვარს ეს სიმღერა, უამრავ ადამიანს მოსწონს და იმხელა სიღრმეები დევს დადებითი და პოზიტიური, რომ ვერაფრით ვხვდები სხვანაირად როგორ უნდა გაიგო. სოციალურ ქსელში ისეთ მძიმე ისტორიებზე მნიშნავდნენ და მლანძღავდნენ თავიანთ წარსულზე შოკში ვიყავი. ვიღაც რომ უშვილოა, ვიღაც გარეუბანში ცხოვრობს, მე მაბრალებდნენ ამ ყველაფერს. კიდევ ვიმეორებ, ეს ტექსტი ჩემი არ არის და დაუგეგმავად ჩავწერეთ ეს სიმღერა. როგორც კი მოვუსმინე ძალიან მომეწონა. ზუსტად მივხვდი რა იდეა და აზრი ჩადო თედომ. როგორ შეიძლება შვილმკვდარმა დედამ დააკავშირო, რომ ვიღაც ადგა და შენ რომ წარსულში განგებამ რაღაც უბედურება გარგუნა, იმაზე გიმღერის ადამიანი.

ამის გამო ისე მლანძღავდნენ და ისეთ რამეებს მიქექავდნენ. არავის საქმე არ არის ჩემი წარსული, მე რამდენი ხანი ვიყავი დეპრესიაში ან რა დაავადება დავამარცხე და ვიმსახურებ თუ არა ამას. მე ხომ არასოდეს არავისთან შევვარდნილვარ და ბოროტება არ მისურვებია. დამანებონ მეც თავი, მაცხოვრონ ჩემი ცხოვრებით. ვიმღერებ, რატომ მღერი, არ ვმღერი, რატომ არ მღერი, გავსუქდი, რატომ გასუქდი, გავხდი, რატომ გახდი. ზუსტად იმიტომ რომ ძალიან დადებითი და პოზიტიური აურით ვცხოვრობ, ცხოვრებაში კიდევ ბევრი კარგი რამ დამემართება და დარწმუნებული ვარ, ზუსტად ისე ვცხოვრობ, როგორც დავიმსახურე.