ყველასათვის კარგად ნაცნობი საკონდიტრო „ბელა" განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - აფართოებს ასორტიმენტს და მომხმარებელს ახალი ტექნოლოგიით დამზადებულ, უნიკალური გემოების ტკბილეულს სთავაზობს, როგორც სადღესასწაულო, ისე ყოველდღიური მოხმარებისთვის.
საკონდიტრო საწარმო „ბელა" 32-წლიანი ისტორიის მანძილზე ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ წამყვან საკონდიტრო ქსელად ჩამოყალიბდა და დღეისათვის თბილისსა და რუსთავში ჯამში 14 ფილიალს აერთიანებს.
მიმდინარე სიახლეებზე და სამომავლო გეგმებზე შეფ-კონდიტერი სალომე თოთაძე გვესაუბრება:
1. როგორც ვიცით ახალი ტორტების დამატებაზე მუშაობთ, რა სიახლეებს უნდა ელოდოს მომხმარებელი?
ახლახანს, ჩვენს ასორტიმენტს მრგვალი ტორტების ხაზში სამი ახალი დესერტები დაემატა.
„ბანანა ქრისფი" - ახალი ტექნოლოგიით დამზადებული დესერტია, სადაც შოკოლადის ხავერდოვანი გემო, ჰაეროვანი კრემი და შოკოლადის კლასიკური ბისკვიტი ხრაშუნა აქცენტებით საინტერესოდ ერწყმის ბანანის არომატს, რაც ნამდვილად გამოგზაურებთ ახალი და დაუვიწყარი გემოების სამყაროში.
ახალი ტექნოლოგიით დამზადებული ტორტია ასევე „მანდოლე" - სრულიად განსხვავებული გემო ჩვენს საკონდიტროში. ნუშისა და თხილის ბისკვიტი მერინგით, შოკოლადის მუსის კრემი, მარილიანი კარამელი და კონიაკის დასანამი ქმნის განსაკუთრებულ გემოვნურ ბალანსს, რომელიც სრულდება ახალი ტექნოლოგიით დამზადებული კრემით.
ასევე, წარმოგიდგენთ ალუბლის ტორტს “ამარენა”, ეს არის შოკოლადის და ალუბლის კომბინაცია კონიაკის არომატით, საოცრად დაბალანსებული შოკოლადის ნოტიო ბისკვიტი შოკოლადის კრემთან ერთად, დესერტს განსაკუთრებულ არომატს და ხავერდოვან გემოს სძენს.
სიახლეები გვაქვს საცალო დესერტების ხაზშიც, ასორტიმენტს დაემატება დესერტები ნაჭრებით: შვარცვალდი, პავლოვა და კარამელა.
როგორ ვითარდება ახალი დესერტის შექმნის პროცესი.
ჩვენთვის პრიორიტეტულია ახალი გემოებისა და რეცეპტების შექმნა და მათი საწარმოზე მორგება. ამ ეტაპზე ფოკუსირებული ვართ განსხვავებული და ინოვაციური გემოების შემუშავებაზე.
"ბელას" მსგავსი დიდი საწარმო მნიშვნელოვნად განსხვავდება მცირე ზომის საკონდიტროებისგან. დიდი საკონდიტრო წარმოება წარმოადგენს ორგანიზებულ, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ადამიანური შრომის სინთეზზე დაფუძნებულ პროცესს, სადაც თითოეული ნამცხვარი არაერთ ეტაპს გადის. დიდ საწარმოში რეცეპტის შექმნა იწყება არა მხოლოდ კონდიტერის იდეით, არამედ ტექნოლოგებთან და კვების უსაფრთხოების სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ასეთ გარემოში ტორტი იქცევა სისტემის პროდუქტად, რაც უზრუნველყოფს ხარისხისა და გემოს სტაბილურ შენარჩუნებას ათასობით ნაჭერში. საწარმოში მუდმივად გვყავს სურსათის უვნებლობის წარმომადგენელი და განუწყვეტლივ ვაკონტროლებთ ნედლეულის ხარისხს, რადგან თუნდაც უმნიშვნელო ცვლილება საბოლოო პროდუქტის ხარისხზე აისახება.
1. რა არის ყველაზე რთული გამოწვევა საკონდიტრო წარმოებაში?
ჩვენი მთავარი გამოწვევა ბაზარზე არსებული პროდუქტების სტაბილურობის შენარჩუნებაა. მომხმარებლისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ დღეს შეძენილი დესერტი ხარისხითა და გემოთი არ განსხვავდებოდეს გუშინდელი ან ერთი თვის წინანდელისგან. ამის მიღწევა მრავალი ფაქტორის დაბალანსებას მოითხოვს.
პირველი სირთულე ინგრედიენტების ხელმისაწვდომობასა და მათ ცვალებადობაშია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ნედლეული უცხოეთიდან შემოდის. ქვეყანაში შესაძლოა შეიცვალოს ფასები, შეფერხდეს მიწოდება ან შეიცვალოს ინგრედიენტის შემადგენლობა — ჩვენ კი ვალდებული ვართ ისე მოვახდინოთ ადაპტირება, რომ საბოლოო პროდუქტის გემო და ხარისხი უცვლელი დარჩეს.
მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა ადამიანური ფაქტორია. წარმოებაში ჩართულია ათეულობით თანამშრომელი — ცომის მომზადებიდან დეკორირებამდე. თითოეულს საკუთარი პასუხისმგებლობა აკისრია და სწორედ მათი შეთანხმებული, სტაბილური მუშაობა წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ ტორტი მომხმარებლის მოლოდინს გაამართლებს. შესაბამისად, აუცილებელია მუდმივი კოორდინაცია, თანამშრომელთა გადამზადება, მოტივაციის შენარჩუნება და ხარისხის უწყვეტი მონიტორინგი.
ამ ორი უმთავრესი გამოწვევის ეფექტური მართვა საბოლოოდ უზრუნველყოფს იმას, რაც ჩვენი ბრენდის სავიზიტო ბარათია — მაღალხარისხიანი და სტაბილურად გემრიელი პროდუქცია.
2. მომხმარებლები რამდენად ღია არიან სიახლეებისთვის.
ჩვენი მომხმარებლები არა მხოლოდ ერთგულებით გამოირჩევიან, არამედ აქტიურად გამოხატავენ სურვილებს სიახლეებთან დაკავშირებით. როგორც ბრენდი, ყოველთვის ღია ვართ ასეთი უკუკავშირისთვის და მიზნად ვისახავთ, მომხმარებელთა იდეები რეალურ პროდუქტებად გარდავქმნათ, რაც საბოლოოდ ჩვენს განვითარებასაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
სწორედ ამიტომ თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენი მომხმარებლები სიახლეებისთვის ყოველთვის მზად არიან — მათ აინტერესებთ ახალი გემოები, განსხვავებული რეცეპტები და თანამედროვე მიდგომები. ეს ინტერესი გვაძლევს მუდმივ სტიმულს, განვითარების გზაზე ვიყოთ მეტად გაბედულები, შემოქმედებითები და არ შევწყვიტოთ სიახლეების ძიება.
3. რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა ახალი ტორტის შექმნის პროცესში?
ჩვენი მთავარი გამოწვევაა ისეთი ახალი გემოების შექმნა, რომლებიც ერთნაირად საინტერესო იქნება როგორც ლოიალური, ასევე ახალ მომხმარებლისთვის. ყოველი ახალი გემოს შექმნისას კი გადამწყვეტია იმ იდეალური ბალანსის პოვნა, სადაც გამორჩეული გემო, მიმზიდველი ვიზუალი და ხელმისაწვდომი ფასი, ერთდროულად მომხიბვლელი იქნება მომხმარებლისთვის.
წარმოების ხელმძღვანელი გვანცა ქურდაძე:
როგორია ტორტებისა და დესერტების წარმოების ყოველდღიური პროცესი, რა დატვირთვით მუშაობს საწარმო?
ჩვენი წარმოება სამუშაო დღეს დილის 7 საათიდან იწყებს და კვირაში 7 დღე მუშაობს, რაც საშუალებას გვაძლევს მაღაზიები ყოველდღიურად ახალი პროდუქციით მოვამარაგოთ.
საწარმოში ყველა უბანზე მუშაობს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალი, რომელიც წინასწარ დაგეგმილი გრაფიკით საქმიანობს. საწარმოო პროცესი სპეციალიზებულია - ბისკვიტის გამოცხობა, კრემის მომზადება და ტორტის დეკორირება ცალ-ცალკე განყოფილებებში ხდება, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის სისუფთავეს, სტაბილურობასა და გემოს შენარჩუნებას.
მიუხედავად იმისა, რომ წარმოების პროცესი მეტწილად ავტომატიზებულია, საბოლოო გაფორმება ხელით სრულდება. ასეთი მიდგომა აუმჯობესებს როგორც სამუშაო პროცესის, ისე საბოლოო პროდუქტის ხარისხის კონტროლს. პროდუქციის ყველა ეტაპი მოწმდება ხარისხის კონტროლისა და სურსათის უვნებლობის მენეჯერის მიერ, ასევე რეგულარულად ტარდება პროდუქტების ლაბორატორიული ტესტირება.
დღეში რამდენი ტორტი მზადდება?
ჩვენი დღიური წარმოების გეგმა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული - კვირის დღეზე, სეზონზე და განსაკუთრებით დღესასწაულებზე, როდესაც პროდუქციის მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება. ჩვეულებრივ სამუშაო დღეებში, ჩვენი საწარმო უზრუნველყოფს რამდენიმე ათასი ტორტისა და დესერტის დამზადებას, იმისათვის რომ მომხმარებლამდე ყოველდღიურად ახალი პროდუქტი მივიდეს.
რამდენად ავტომატიზირებულია წარმოების პროცესი?
ჩვენი პროდუქციის სპეციფიკა საკმაოდ დიდ ადამიანურ ჩართულობას მოითხოვს, თუმცა ყველა ის პროცესი, რომლის ავტომატიზებაც შესაძლებელია, უკვე დანადგარებით სრულდება. კომპანიის წარმომადგენლები ყოველწლიურად ესწრებიან ევროპის ქვეყნებში გამართულ საკონდიტრო-საცხობი ინდუსტრიის მასშტაბურ გამოფენებს, სადაც აქტიურად ვეცნობით დარგში მიმდინარე სიახლეებს - ტექნოლოგიის, დიზაინისა თუ მანქანა-დანადგარების მიმართულებით. ჩვენი ახალი საწარმო სწორედ ევროპული წარმოების თანამედროვე მანქანა-დანადგარებითაა აღჭურვილი, რაც საწარმოო პროცესს უფრო ხარისხიანს და მოქნილს ხდის.
საერთაშორისო გამოფენებზე დასწრება გვაძლევს შესაძლებლობას, თვალყური ვადევნოთ ჩვენ სფეროში მიმდინარე სიახლეებსა და ინოვაციებს, რომელთა დანერგვასაც მუდმივად ვცდილობთ ჩვენს საწარმოო პროცესში.
რას გვეტყვით საკონდიტრო “ბელაში“ მოქმედ ხარისხის კონტროლის სისტემაზე? რა სერტიფიკატების მფლობელია საწარმო?
საკონდიტრო ნაწარმის ხარისხში უდიდესი წილი სურსათის უვნებლობაზე მოდის. ჩვენი ახალი საწარმოს შენობა სრულად შეესაბამება როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, ისე HACCP-ის პრინციპების ყველა მოთხოვნას.
საწარმოში დანერგილი HACCP სისტემა უზრუნველყოფს მკაცრ კონტროლს პროცესის ყველა ეტაპზე - ნედლეულის მიღებიდან და დასაწყობებიდან დაწყებული, მზა პროდუქციის ტრანსპორტირებით დამთავრებული. ეს გვეხმარება, შევქმნათ პროდუქცია, რომელიც არა მხოლოდ ხარისხიანი, არამედ მუდმივად სასურველია ჩვენი მომხმარებლისთვის.
ამჟამად მიმდინარეობს ISO სტანდარტის დანერგვა. რაც შეეხება ადამიანურ კაპიტალს, დღეისათვის საწარმოში 200-მდე თანამშრომელია დასაქმებული.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ პროდუქტებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება და ლოიალური მომხმარებლების რიცხვი დღითიდღე იმატებს. მათი წარმატების საფუძველს ერთგული მომხმარებლის ნდობა და კმაყოფილება წარმოადგენს.
„ბელა" მუდმივად ინარჩუნებს ადამიანებზე და მათ მოთხოვნებზე ორიენტირებულ მიდგომას, რადგან მათი მიზანია შექმნან დესერტები, რომლებიც ყველას მისცემს შესაძლებლობას დატკბეს საუკეთესო გემოს ტკბილეულით.
R