აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBAR აქტს“ მხარი დაუჭირა.
ახლა კანონპროექტი აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.
"MEGOBARI აქტი“ ქართველ ხალხზე თავდასხმას არ წარმოადგენს, – ამის შესახებ კონგრესმენმა, ბრაიან მასტმა (რესპუბლიკური პარტია) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „MEGOBARI აქტის“ განხილვა მიმდინარეობს.
"საქართველო ნატო-ს წევრობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი და ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე იყო, განსაკუთრებით 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის შემდეგ. აშშ სარგებლობდა სამხედრო და დაზვერვის სფეროში თანამშრომლობით და საქართველოს მოსახლეობა თავისი პროამერიკული განწყობებით ცნობილია. საქართველოსთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა შეარყია მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის ქმედებებმა, რომელიც იმეორებს რუსეთის ავტორიტარულ ტაქტიკას, ასევე ჩინეთთან და ირანთან დაახლოებით. პროდასავლური დემოკრატიული საქართველოს მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობები აშკარაა. საქართველოს შავ ზღვაზე მდებარეობის გამო, ის შუა დერეფნის გავლით ვაჭრობისთვის საკვანძო ადგილს წარმოადგენს და შეიძლება რეგიონში ირანისა და რუსეთის გავლენის გამაწონასწორებელ ძალად იქცეს“, - განაცხადა ბრაიან მასტმა.
ბრაიან მასტმა კოლეგებს კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
"ეს კანონპროექტი საქართველოს ალტერნატივას სთავაზობს. როგორც კი პრეზიდენტი დაადასტურებს, რომ საქართველო დაუბრუნდა თავის პროდასავლურ კურსს, კანონპროექტი ითვალისწინებს ხალხთა შორის კავშირების გაძლიერებას, სამხედრო თანამშრომლობასა და ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პარტნიორები კარგი საქციელისთვის უნდა დააჯილდოოს. ეს კანონპროექტი ქართველ ხალხზე თავდასხმას არ წარმოადგენს“, - აღნიშნა კონგრესმენმა.
კონგრესმენმა, ჯონი ოლშევსკიმ (დემოკრატიული პარტია) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოს "წარმატების ისტორიაზე" , რუსეთის საფრთხეზე და ერაყსა და ავღანეთში ქართულ მისიაზე.
„კომუნიზმის დაცემის შემდეგ, განსაკუთრებით 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოს მოსახლეობა წლების განმავლობაში წარმატებით აშენებდა დემოკრატიასა და ეკონომიკას, ამავდროულად კი ცდილობდა ხელი შეეწყო ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მისწრაფებებისთვის. აშშ-მ, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რომ საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის ინტეგრაციის გზა გაეხსნა და მას საჭირო რეფორმების განხორციელების საშუალებები ჰქონოდა. საქართველოს ისტორია წარმატების ისტორიაა. რუსეთი საქართველოში 2008 წელს პეკინის ოლიმპიური თამაშების დროს შეიჭრა და მისი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მოახდინა. რუსეთის მხრიდან მუდმივი საფრთხის მიუხედავად, ქართველები აგრძელებენ დემოკრატიული რეფორმების გატარებას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ერაყისა და ავღანეთის ომებში, როგორც ეს ამ კანონპროექტშია აღნიშნული“, - განაცხადა ჯონი ოლშევსკიმ.
კონგრესმენ, ჯო უილსონის (რესპუბლიკური პარტია) თქმით, ქართველი ხალხი არ დაუშვებს, რომ "კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილის უკანონო რეჟიმმა" მათი ქვეყანა დაანგრიოს.
„500 დღის განმავლობაში თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი მშვიდობიანად გამოდის საქართველოს ქუჩებში თავისი მომავლის, თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად. მათი სურვილი ნათელია. ისინი არ დაუშვებენ, რომ კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილის უკანონო რეჟიმმა მათი ქვეყანა დაანგრიოს. საქართველო ყოველთვის დიდად აფასებდა თავისი მძიმე ბრძოლით მოპოვებულ თავისუფლებას და სამწუხაროდ, ქართველი ხალხის ნებას არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ რეჟიმი და ამერიკის მოძულე მაფიოზების ჯგუფი ძირს უთხრის, რომელიც ცდილობს ქვეყანა ამერიკის მოწინააღმდეგეებს, მათ შორის ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიყიდოს, კერძოდ გადასცეს პორტი, რომელიც ქართველი ხალხის უნდა იყოს“, - განაცხადა ჯო უილსონმა.
მისი თქმით, ქართველი ხალხი მსოფლიოში ყველაზე პრო-ამერიკელი ხალხია.
„მქონდა პატივი, რომ ჩემს შვილებს ავღანეთსა და ერაყში ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ემსახურათ და ენახათ, თუ როგორი მამაცები არიან ისინი. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკასთან კავშირის კრიმინალიზაცია დაიწყო და ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ ამერიკული კომპანიების შეთავაზებები უარყო და 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ყველა მსხვილი სამშენებლო კონტრაქტი ჩინეთის კომუნისტური პარტიის ან მასთან აფილირებულ კომპანიებს გადასცა. ეს კი ამერიკის შუა დერეფანთან და ცენტრალურ აზიაში კრიტიკულად მნიშვნელოვან რესურსებზე წვდომას ბლოკავს. რეჟიმი პროპაგანდას ყოველდღიუარად იყენებს და ამერიკელ მაღალჩინოსნებს, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპმს „დიფ სთეითის“ მარიონეტებად აცხადებს. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს „ქართული ოცნების“ ბანდიტების წინააღმდეგ მათ მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებებისთვის და ასევე, უზრუნველყოფს ორმხრივი კავშირების გამყარებას საქართველოს მის კონსტიტუციურ კურსზე დაბრუნების დადასტურების შემდეგ. მოგიწოდებთ, ამ კანონპროექტს მხარი დაუჭიროთ“, - აღნიშნა კონგრესმენმა.
კონგრესმენმა, სტივ კოენმა (დემოკრატიული პარტია) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ „ქართულ კოშმარად“ გადაიქცა, ოცნება საქართველოში აღარ არსებობს და ქვეყანას აშშ-ს მოწინააღმდეგეებთან აახლოებს.
„საქართველო უკვე დიდი ხანია ამერიკის შეერთებული შტატების დიდი მეგობარია. მე საქართველოში არჩევნებზე ვიმყოფებოდი, როდესაც მათ 12 წლის წინ „ქართული ოცნება“ აირჩიეს. მაგრამ „ქართული ოცნება“ „ქართულ კოშმარად“ გადაიქცა. ოცნება საქართველოში აღარ არსებობს და ამ ქვეყანას ჩვენს მოწინააღმდეგეებთან აახლოებს. არალეგიტიმურმა „ქართული ოცნების“ პარტიამ, ივანიშვილის ხელმძღვანელობით, 2024 წლის არჩევნები გააყალბა და მას შემდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. „ქართული ოცნება“ მოსახლეობას არბევს, მათ შორის სიტყვისა და შეკრების თავისუფლების აკრძალვით, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებით და სასამართლო პროცესის ბოროტად გამოყენებით მომიტინგეების უკანონოდ დაკავებისთვის. დემონსტრანტები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ“, - განაცხადა სტივ კოენმა.