ავტორი:

"გვაქვს ინფორმაცია, რომ პუტინი კვლავ ამზადებს ტერორისტულ აქტს, მაგრამ უკრაინელებსაც აქვთ სიურპრიზები რუსებისთვის" - რა ხდება ფრონტის ხაზზე და რას მოიტანს ტრამპის შეცვლილი პოზიცია

"გვაქვს ინფორმაცია, რომ პუტინი კვლავ ამზადებს ტერორისტულ აქტს, მაგრამ უკრაინელებსაც აქვთ სიურპრიზები რუსებისთვის" - რა ხდება ფრონტის ხაზზე და რას მოიტანს ტრამპის შეცვლილი პოზიცია

აშშ სცილდება მედიატორის როლს რუსეთ-უკრაინის ომში. ვაშინგტონის შუამავლობის დასრულება შესაძლოა, მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ძვრების მომასწავებელი იყოს.

  • ვლადიმერ პუტინის უარის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე, აშშ-მ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ აღარ იკისრებს მოლაპარაკებების შუამავლის ფუნქციას და პასუხისმგებლობა სრულად გადადის კიევსა და მოსკოვზე. სახელმწიფო დეპარტამენტი აღარ გეგმავს "მსოფლიოს გარშემო ფრენებს" კონფლიქტის დასარეგულირებლად და ორ მხარეს მოუწოდებს, თავად შეიმუშაონ კონკრეტული წინადადებები მშვიდობის მისაღწევად.

ამ ცვლილებას თან სდევს აშკარად გაძლიერებული სტრატეგიული პარტნიორობა უკრაინასთან: აშშ-მ ხელი მოაწერა მინერალების საკითხზე შეთანხმებას გაცილებით ხელსაყრელი პირობებით, ვიდრე თავდაპირველად იყო ნავარაუდევი. პარალელურად, წყაროების მიხედვით, დონალდ ტრამპმა გააქტიურა თავისი ადმინისტრაციის მიერ კიევისთვის იარაღის მიწოდების პირველი ეტაპი. ეს ნაბიჯები მიანიშნებს, რომ მიუხედავად ფორმალური დისტანცირების განცხადებისა, ვაშინგტონი კვლავ ინარჩუნებს მნიშვნელოვან სტრატეგიულ გავლენას კონფლიქტში და ეკონომიკური და სამხედრო გზებით განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას.

როგორ შეიძლება შეფასდეს აშშ-ის ოფიციალური დისტანცირება მედიატორის როლიდან, არის ეს ტაქტიკური სვლა თუ ნამდვილი გადახედვა მათი როლისა, რა გავლენას იქონიებს ეს გადაწყვეტილება რუსეთისა და უკრაინის პოზიციებზე მომავალი მოლაპარაკებებისა - ამ საკითხთან დაკავშირებით დაკავშირებით, ანალიტიკოსი, გენერალი ვახტანგ კაპანაძე გვესაუბრება.

ვახტანგ კაპანაძე:

- უკრაინაში არსებული ვითარება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სწორი პოლიტიკისა და დიპლომატიური მუშაობის შედეგია. უკრაინამ აჩვენა, რომ მზად არის ყოველგვარი წინაპირობისა და ვალდებულების გარეშე განიხილოს ცეცხლის შეწყვეტა მაშინ, როცა რუსეთი ნებისმიერ შეთანხმებისას მისთვის სასურველ პირობებს აყენებს. აქედან ცხადად ჩანს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ინიციატორია სწორედ უკრაინა, რუსეთი კი უბრალოდ თამაშობს. ბოლოსდაბოლოს ტრამპისთვის ღირსებიც საკითხიც არის ის ფაქტი, რომ ყოველ ჯერზე რუსები ზღაპრებს უყვებიან, რომ თითქოს პუტინი მისთვის სანთლებს ანთებს და ა.შ ასევე მნიშვნელოვანი მოვლენაა უკრაინასა და აშშ-ს შორის მინერალებთან დაკავშირებით ხელმოწერილი შეთანხმება.

ეს დოკუმენტი მნიშვნელოვან ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს უკრაინისთვის. გარდა ამისა, შეთანხმება მოიცავს საჰაერო თავდაცვის კომპონენტებსაც, რაც ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით გადამწყვეტია. ტრამპის პრეზიდენტობის პირველი 100 დღის განმავლობაში ეს ფაქტობრივად ერთადერთი წარმატებული პროექტია, რომლის რეალიზების შესაძლებლობა სწორედ ზელენსკის სტრატეგიულმა ნაბიჯებმა შექმნა. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი მაინც არაპროგნოზირებადი ლიდერია, ამ ეტაპზე სურათი უკრაინის სასარგებლოდ არის შეცვლილი. აშშ-ის პოლიტიკა და განწყობა, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე კიევის მხარეს დგას.

- რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება მოჰყვეს ტრამპის შეცვლილ პოზიციას უკრაინის მიმართ?

- ერთის მხრივ, ამერიკამ მკაფიოდ განაცხადა, რომ არ იქნება შუამავალი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეწყვეტს უკრაინის სამხედრო დახმარებას. მეორე მხრივ, ამერიკა მონაწილეობს იმ შეთანხმებაში, რომელიც უკრაინას სამხედრო და საჰაერო თავდაცვის სისტემებით დაეხმარება. ეს ნიშნავს, რომ მოცემულ ვითარებაში ვაშინგტონი აშკარად უჭერს მხარს უკრაინას. რაც შეეხება იმ კითხვას, რა ფორმით და რა მასშტაბით განხორციელდება ეს დახმარება, ეს ცალკე საკითხია და ამას დრო გამოაჩენს.

- სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინას არ შეუძლია დაუბრუნდეს იმ პოზიციებს, რომლებიც 2014 წელს ეკავა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით კი უკრაინაში ომი მალე არ დასრულდება. თქვენ რას ფიქრობთ, ამ საკითხთან დაკავშირებით?

- ჩემი აზრითაც, უახლოეს მომავალში - მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში შეუძლებელია, რომ უკრაინა 2014 წლის მდგომარეობას დაუბრუნდეს. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს სავსებით რეალურია. ამის მაგალითია ყარაბაღი, სადაც აზერბაიჯანმა 30 წლის შემდეგ მაინც მოახერხა ტერიტორიების დაბრუნება. ასევე, გერმანიის გაერთიანება გვახსენებს, რომ ისტორია ხანდახან მოულოდნელ სიურპრიზებს გვთავაზობს. დღევანდელი რეალობა კი ასეთია: ლუგანსკი და დონეცკის თითქმის გაწმენდილია უკრაინელი მოსახლეობასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ კიევს ამ ტერიტორიის დაბრუნება კი არა, თავიდან დაპყრობა მოუწევს, რაც სრულიად სხვა ტიპის ძალისხმევას, რესურსს და სტრატეგიას მოითხოვს. ყირიმის მიმართულებით სიტუაცია შედარებით მარტივია, თუმცა იქაც სერიოზული რესურსია საჭირო, განსაკუთრებით შავი ზღვის ფლოტის თვალსაზრისით.

ზღვაში ბლოკადა აუცილებელია, რათა უკრაინამ რუსეთიდან დახმარების მიწოდება შეაფერხოს. შეიძლება უახლოეს მომავალში ცეცხლის დროებით შეწყვეტა გამოცხადდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს ომის დასრულებას. შეგვიძლია გავიხსენოთ ყარაბაღი, სადაც თითქმის 30 წელი ცეცხლის შეწყვეტა მოქმედებდა, ან კორეის ომი, რომელიც ფორმალურად დღესაც არ დასრულებულა. იგივე ითქმის საქართველოზე: რუსეთთან ომი ფორმალურად არ დასრულებულა, მხოლოდ ცეცხლი გვაქვს შეწყვეტილი. არც აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა გამოგვიცხადებია და არც ამ ტერიტორიების დაბრუნებაზე გვითქვამს უარი. საქართველოს არც ერთი მთავრობა ვერ იტყვის უარს ამ ტერიტორიებზე. მსგავსი სურათი გვექნება უკრაინაშიც. რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ვითარებას, ორივე მხარე შეეცდება ეს პერიოდი თავდაცვის სისტემის გასაძლიერებლად გამოიყენოს. და სწორედ მაშინ გამოჩნდება, ვინ უფრო უკეთ მოემზადა მომავალი დაპირისპირებისთვის. რუსეთს აქვს დიდი ადამიანური რესურსი და მნიშვნელოვანი ეკონომიკური მხარდაჭერა. დასავლეთის ჩართულობა კი, ჩემი აზრით, ამ ეტაპზე გადამწყვეტია.

- ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში, ევროპა იძულებული გახდა გაეაქტიურებინა საკუთარი თავდაცვისუნარიანობა... როგორ ფიქრობთ, თუ ამერიკა კვლავ აქტიურად ჩაერთვება უკრაინის მხარდაჭერაში, ხომ არ დადგება საფრთხე, რომ ევროპა კვლავ მოდუნდება თავდაცვითი თვალსაზრისით?

- არა, ზამბარა უკვე გაშვებულია, ევროპამ უკვე დაიწყო სერიოზული სტრუქტურული ცვლილებები და ძნელია წარმოვიდგინოთ, რომ ამ პროცესს შეაჩერებს. საინტერესოა, რომ ტრამპის რიტორიკის შემდეგ ევროპის რამდენიმე ქვეყანამ შეაჩერა ამერიკული F-35 ტიპის თვითმფრინავების შესყიდვის პროგრამა და შვედურ „გრიპენებზე“ გადავიდა, რაც სერიოზული ეკონომიკური დარტყმა იქნება აშშ-ის სამხედრო მრეწველობისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ევროპას უკვე გააჩნია პოტენციალი, ერთდროულად დაეხმაროს უკრაინას და საკუთარი თავიც დაიცვას. და ეს, საბოლოოდ, რუსულ აგრესიასაც შეაკავებს.

- რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი ამზადებს ახალ ფართომასშტაბიან შეტევებს სუმის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე. თქვენი შეფასებით, ახალი შეტევის წამოწყების რა რესურსი აქვს ახლა რუსეთს?

- ახალი ძალების გადაჯგუფების და მობილიზების სურათს ვერ ვხედავთ, შეტევა კი ისედაც მიმდინარეობს. დიდი ალბათობით, შეტევითი ოპერაციები ზაფხულის მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გაძლიერდება, ამის წინაპირობას ქმნის როგორც ბუნებრივი პირობები, ასევე ოპერატიული კონტექსტი. შესაძლებელი გახდება ფართომასშტაბიანი შეტევების წარმოება და ჯავშანტექნიკის უფრო ინტენსიური გამოყენებაც. თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ რაიმე გადამწყვეტი და მასშტაბური შეტევა მზადდება. რა თქმა უნდა, შესაძლოა ზელენსკის ადმინისტრაციას მეტი ინფორმაცია აქვს, მაგრამ საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან ასეთი მასშტაბის მზადება ჯერჯერობით არ ჩანს. დიდი ალბათობით, შეტევები გაძლიერდება, მაგრამ ომის გარდამტეხი ეტაპი ჯერ კიდევ არ დგას. რაც შეეხება, საჰაერო დარტყმებს, რუსეთი ბოლო დროს თავს არიდებს სტრატეგიულ სამხედრო ობიექტებზე იერიშებს. სავარაუდოდ იმიტომ, რომ ეს ობიექტები უკვე კარგად არის დაცული ჰაერიდან. ამის ნაცვლად, რუსული მხარე უფრო მეტად ცდილობს მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინოს - დარტყმებით, პანიკის დათესვით და ომისგან გადაღლის ეფექტის გაღრმავებით.

- ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას იარაღს მიჰყიდის, ეს გარკვეული სტრატეგიაა და უკრაინა იარაღს ფორმალურად შეისყიდის, თუ უკრაინას, რეალურად მოუწევს ფულის გადახდა ამერიკისთვის?

- მე ვფიქრობ, რომ უკრაინა რეალურად იყიდის იარაღს, მაგრამ ეს არ იქნება პრობლემა, იმიტომ რომ ევროპა მზად არის ეკონომიკური მხარდაჭერა აღმოუჩინოს. ამასთან, უკრაინამ ბოლო დროს გააქტიურა საკუთარი სამხედრო მრეწველობა. დღეს უკვე უკრაინა აწარმოებს თავისი საჭიროებების დაახლოებით 30%-ს. ამ პროცესის გაძლიერება პრიორიტეტია, რადგან მიზანი არის იარაღის 50%-მდე შიდა წარმოება. დასავლეთი, მათ შორის სკანდინავიური ქვეყნები, აქტიურად აფინანსებენ ამ პროცესს. უკვე რამდენიმე დასავლურმა სამხედრო კომპანიამ დაიწყო საკუთარი საწარმოების გახსნა უკრაინის ტერიტორიაზე. დღეს უკრაინა წარმატებით აწარმოებს უპილოტო საფრენ აპარატებს, როგორც საჰაერო, ისე საზღვაო მიმართულებით და ამ კომპონენტში რუსეთს უკვე სერიოზულად ჯობნის. ევროპას ეს ხელს აძლევს. უკრაინას ჰყავს მომზადებული სპეციალისტები, მუშახელი და ბაზა, რაც საშუალებას აძლევს ევროპულ კომპანიებს პროდუქციის ნაწილი უკრაინაში განათავსონ. შედეგად, ეს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპის თავდაცვითი უსაფრთხოებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროცესია.

ტრამპი და ზელენსკი ვატიკანში გამართული შეხვედრისას

  • უკრაინის ფრონტის ხაზზე არსებული ვითარებისა და ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობით მებრძოლებში შექმნილი განწყობების შესახებ კი პროცესების უშუალო მონაწილე, "ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი გვიზიარებს საკუთარ მოსაზრებებს:

- ტრამპი საკმაოდ მერყევი პოლიტიკოსია. დღეს შეიძლება ამბობდეს, რომ ზელენსკი მისი მეგობარია, მაგრამ არ არის გამორიცხული, თქვას, ზელენსკი დიქტატორია და მისი პრეზიდენტობა არალეგიტიმურია. ასეა თუ ისე, დღეს ამერიკის პოზიცია უკრაინის სასარგებლოდ არის შეცვლილი. მართალია ტრამპი პოზიტიურად იყო განწყობილი რუსეთის მიმართ და არც მალავდა ამას, მაგრამ ახლა მოუწია აღიარება, რომ რუსეთი შეთანხმებებს არ ასრულებს. ამის გათვალისწინებით ტრამპმა შესაძლოა გადაწყვიტოს, რომ ამ ომში ჩვენი მხარე დაიჭიროს მხარი და განაახლოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება – თუნდაც კომერციული გზით. დიახ, ვფიქრობ, რომ დახმარება გაგრძელდება.

- ტრამპის პოზიციის ცვლილებამ უკრაინელ ხალხში როგორი განწყობები შექმნა?

- ამ ეტაპზე რთულია ნათლად თქმა, რამდენად სანდო პარტნიორია ტრამპი უკრაინისთვის. თუმცა, ამერიკის პოზიციის ცვლილებამ გარკვეული იმედი გააჩინა. ომის გაჭიანურების ფონზე, უკრაინელები კვლავ იბრძვიან. მიუხედავად მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული ბომბების და საბავშვო მოედნების დაბომბვისა, ბრძოლისთვის მზადყოფნა მაღალია. რიგ შემთხვევაში შეიძლება ჩანს გარკვეული დაღლილობა, თუმცა უკრაინელების განწყობა ისეთია, რომ ისინი არ არიან მზად მიწის თუნდაც ერთ კვადრატულ მეტრზე უარის თქმისთვის. ბრძოლის განწყობა მტკიცეა. პუტინი კი აგრძელებს იმავეს, რასაც აკეთებდა 11 წლის წინ – კლავს მშვიდობიან მოსახლეობას. ამაში ახალი არაფერია, უბრალოდ ბოლო 3 წელიწადში ეს ყველაფერი მსოფლიოსთვის უფრო თვალსაჩინო გახდა.

- მამუკა, თქვენ რა საფრთხეებს ხედავთ უკრაინის უსაფრთხოების კონტექსტში პრეზიდენტ ზელენსკის განცხადების ფონზე, რომ რუსეთი გეგმავს ახალ ფართომასშტაბიან შეტევებს სუმის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე?

- "ქართული ლეგიონი" აქტიურად არის ჩართული საბძოლო ღონისძიებებში, მათ შორის ხარკოვის მიმართულებითაც და შემიძლია გითხრათ, რომ იქ ამ დროისთვის არ შეინიშნება ისეთი მასშტაბური კონცენტრაცია, რომელიც სრულმასშტაბიან შეტევას მოწმობს. თუმცა, თბილი ამინდების დადგომასთან ერთად შეიძლება ვითარება შეიცვალოს – გაიზარდოს კონცენტრაცია და ტექნიკის გადაადგილება. ვფიქრობ, ამ დროისთვის უკვე გვექნება შესაბამისი შეიარაღება და ეფექტურად შევძლებთ მტრის მოგერიებას. ამჯერად ამერიკიდან იარაღის მიწოდება კვლავ გრძელდება. ამჟამინდელი შესვლები ძირითადად ბაიდენის ადმინისტრაციის დროს მიღებული გადაწყვეტილებების შედეგია. შესაბამისად, ტრამპს რომც სდომოდა პროცესის შეჩერება, უკვე ძალაში მყოფ ხელშეკრულებებს ვერ გააჩერებდა. ვიმედოვნებთ, რომ პროცესი გაგრძელდება.

- თქვენ რას ფიქრობთ, ან უკრაინელი ხალხის პოზიცია როგორია იმ ვერსიასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა 2014 წლის მდგომარეობას ვერ დაუბრუნდება?

- მე არ ვიცი, რას უკავშირდება ბაიდენის ადმინისტრაციის ასეთი პესიმისტური განწყობები. უკრაინელები დარწმუნებულნი არიან, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ თითოეულ გოჯს დაიბრუნებენ. ალბათ, პესიმიზმი დასავლეთში გაჩნდა იმ პერიოდში, როდესაც ტრამპი ღიად აცხადებდა, რომ არ აპირებდა უკრაინის დახმარებას. ვფიქრობ, როგორც კი ეს პოზიცია შეიცვლება, სხვა ამერიკელების რიტორიკაც შესაბამისი გახდება. საბოლოოდ ყველაფერი მაინც დამოკიდებულია იარაღზე, ლოგისტიკასა და დასავლური მხარდაჭერის მოცულობაზე. უკრაინელები მზად არიან ბრძოლის გაგრძელებისთვის.

- რა შეგიძლიათ გვითხრათ, არსებობს თუ არა შიდა წინააღმდეგობა უკრაინაში - სამხედრო მობილიზაციის თვალსაზრისით?

- სამხედრო მობილიზაცია უკრაინაში სტაბილურად მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილოა, რაც ბუნებრივია. არსებობენ მოქალაქეები, რომლებიც კარგად აცნობიერებენ ვითარების სირთულეს და მზად არიან იბრძოლონ, მაგრამ არიან ადამინები, რომლებიც პაციფისტურად არიან განწყობილმი და საერთოდ არ უნდათ ომში მონაწილეობა.

- "ზელენსკის უნდა ესმოდეს, რომ 9 მაისს პროვოკაციის შემთხვევაში, შეიძლება კიევში 10 მაისი არ დადგეს" - ასე გამოეხმაურა მედვედევი უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის გაცხადებას... თქვენ რისი თქმა შეგიძლიათ, რა შეიძლება მოხდეს 9 მაისს?

- ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ პუტინი კიდევ ერთ ტერორისტულ აქტს ამზადებს. მას სურს, რომ დაარტყას უკრაინის სამოქალაქო სექტორს და დახოცეს მშვიდობიანი ადამიანები. რაც შეეხება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, კონკრეტულად ბევრს ვერაფერს, მაგრამ ერთს კი გეტყვით, უკრაინელებსაც აქვთ სიურპრიზები რუსებისთვის.

- იქნებ მინიშნებით მაინც გვითხრათ რაიმე?

- უკრაინული არმია რუსეთს აუცილებლად მიულოცავს ფაშისტურ 9 მაისს.