„სახალხო ინტერვიუ“ - „დაუსვი შეკითხვა“ - ambebi.ge -ს საშუალებით შესაძლებლობას გაძლევთ, შეკითხვა დაუსვათ თქვენთვის სასურველ და სპეციალურად შერჩეულ რესპონდენტს (ცნობილ თუ უცნობ ადამიანს). შეკითხვის დასმა შესაძლებელია ambebi.ge -ს კომენტარების ველში ან ambebi.ge -ს „ფეისბუქგვერდზე“.
თქვენს შეკითხვებს ამჯერად „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „სახალხო ინტერვიუ“ ექიმი-ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა უპასუხებს.
გთავაზობთ გადაცემიდან საინტერესო ეპიზოდებს. სრულად კი გადაცემის ნახვა შესაძლებელია მითითებულ ბმულზე.
ქეთი:
- ქალბატონო ნატა, რა ანალიზები უნდა გავიკეთოთ თქვენთან კონსულტაციამდე? რომელი ანალიზების შედეგებით ჯობია, რომ მოვიდეთ პირველი კონსულტაციაზე?
- თავიდან ჯობია, ოჯახის ექიმს მიმართოთ, რადგან ექიმი დეტალურ ანამნეზს შეაგროვებს, თქვენს გენეტიკურ განწყობასაც გამოიკითხავს. თუ რომელიმე ქრონიკული დაავადებები გაქვთ, დინამიკაში გამოგკითხავთ. შემდეგ კონკრეტული ანალიზებს ჩამოგიწერთ, რომელიც უნდა ჩაიტაროთ. ამით საქმე გაგიმარტივდებათ... შემდეგ პასუხებით ექიმთან განმეორებით ვიზიტზე მიხვალთ. თუ ყველა ანალიზის გაკეთებას ვერ შეძლებთ, მაშინ აუცილებელია, სისხლის საერთო, შარდის საერთო ანალიზები, ქალბატონებისთვის რკინის და ფერიტინის მდგომარეობის, ასევე ფარისებრი ჯირკვლის სტატუსის განსაზღვრა.
სოფო:
- ჩიას და სელის მარცვლებს რა გავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე. განსაკუთრებით ვის სჭირდება მისი მიღება და აღიზიანებს თუ არა კუჭ-ნაწლავის ტრაქტს?
- აღიზიანებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რომელიმე დაავადებაა გამწვავებული. მაგალითად, თუ კუჭის წყლულოვანი ან თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადების მძიმე ფორმაა ან არის რაიმე ალერგიული რეაქცია, რაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პასუხით გამოიხატება, ეს ორი პროდუქტი აუცილებლად გასტროენტეროლოგის რჩევით უნდა მიიღოთ.
სელის თესლი კარგია კანისთვის, ასევე კუჭის მოქმედებისთვის და ხშირად გამოიყენება გასტროენტეროლოგიური დაავადებების დროს, მაგრამ დოზების დაცვაა აუცილებელი. უნდა დაიწყოთ ერთი სუფრის კოვზით და შემდეგ დღის განმავლობაში 2 სუფრის კოვზზე გადახვიდეთ. კარგად უნდა დაღეჭოთ, ან უხეშად დაფქვათ. თუ ძალიან სუფთადაა დაფქული, ის არ მოიტანს იმ სარგებელს, რა თვისებებითაცაა სელის თესლი დაჯილდოებული. აუცილებლად სითხეში უნდა გახსნათ და გამოიყენოთ 2 კვირის განმავლობაში. შემდეგ კი დაისვენოთ.
ჩიაც ძალიან სასარგებლოა. ის გამოიყენება კუჭის მოქმედებისთვის, აქვს არაჩვეულებრივი უჯრედისი, რომელიც ქმნის იმ თავისებურებას, რომ მიღებისას ორგანიზმში ფუვდება. ამის გამო მადის მართვას შესაძლებელს ხდის.
ნიკოლოზი:
- 18-საათიან კვებაზე რას იტყვით? ხომ არ ვნებს ორგანიზმს?
- ორგანიზმს არ ვნებს, თუ დანარჩენ დროს ჯანსაღად ვიკვებებით. 18 საათი უზმო ინტერვალის განმავლობაში კარგია, თუ ვიღებთ მხოლოდ წყალს, რომელიც გამდიდრებულია მცირე რაოდენობის ლიმონის წვენით, ან რომელიმე სეზონური ხილით. დანარჩენ დროს უნდა ვიკვებოთ ჯანსაღი პროდუქტებით შედგენილი რაციონით.
როდესაც პირველად იწყებთ 18-საათიან უზმო ინტერვალს, გირჩევთ, ჯერ 12-საათიანი გატესტოთ, ორი კვირის შემდეგ გადახვიდეთ 14-საათიანზე, ორი კვირის შემდეგ კი 16-საათიანზე. თუ თქვენთვის ესეც ნორმა იქნება და ორგანიზმს არანაირი უკურეაქცია არ ექნება, შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ 18-საათიანი უზმო ინტერვალი.
ეს კვების რეჟიმი საშიშია, როდესაც ნაღვლის ბუშტში არის კენჭები და წყლულოვანი დაავადებაა მწვავე ფაზაში. დაბალ წნევიანებსაც ვურჩევ სიფრთხილით მოეკიდონ, რადგან ზოგჯერ შიმშილის დროს წნევა მკვეთრად ცემა, რაც სერიოზულ დისკომფორტს იწვევს.
უცნობი:
- ღამით რომელი საკვები ჯობია, რომ მივიღოთ?
- ღამით საერთოდ არ არის საკვების მიღება სასურველი, განსაკუთრებით დაძინებამდე 2 საათით ადრე. თუმცა თუ შიმშილის გრძნობამ ისე შეგაწუხათ, რომ ვერ იძინებთ, მაშინ უნდა მოხარშოთ რამდენიმე კვერცხი და მიირთვათ. თუ კვერცხზე ალერგიული ხართ, მაშინ კვერცხის ცილა მიირთვათ. თუ ამანაც არ დაგანაყრათ, მწვანე ფერის ბოსტნეული დაამატეთ. ამ ყველაფრისთვის თუ დრო არ გყოფნით, მაშინ ჩაის კოვზით ავიღოთ ქოქოსის კარაქი, ან ჩვეულებრივი კარაქი და პირში ჩადნობით მივიღოთ. თუ მადა დაითრგუნა, ე.ი. თქვენ მართლა გშიოდათ. თუ არადა, მხოლოდ ემოცია და შფოთვის ფონზე გინდათ რაღაც მიირთვათ. ასეთ დროს გირჩევთ, რომ ეს როგორმე გადალახოთ და მართოთ მადა იმისთვის, რომ არ მიეჩვიოთ ღამის კვებას.
ლიკა:
- ბოლო კვლევებით, ზუსტად გლუკოზის დონის მატება და ინსულინი იწვევს ცხიმის მატებას. ამიტომ არაა რეკომენდებული ხშირი კვება და ნებისმიერი ხემსი კვებებს შორის.
- არ არის აუცილებელი, გეთანხმებით, ზოგჯერ ადამიანი უცებ ვერ გადადის სამჯერად კვებაზე, ამიტომ ჯანსაღი ხემსის ჩართვა - ანუ სამი ძირითადი კვება და 2 ხემსი აუცილებელია. ეს იმისთვის, რომ თავი შეუძლოთ არ იგრძნოს, არ დაუვარდეს წნევა და სისხლში შაქარი. თუმცა თუ პაციენტს სურვილი აქვს შეამციროს რაოდენობები, მაშინ პორციები უნდა გაზარდოს. ეს გარკვეული დროის შემდეგ შესაძლებელია.
უცნობი:
- მაქვს ფსორიაზის საკმაოდ გართულებული მდგომარეობა, გთხოვთ, ამიხსნათ, ჩემთვის რომელი საკვების მიღება არ შეიძლება, რამაც შესაძლებელია ავადმყოფობის მეტი გართულება გამოიწვიოს?
- აუცილებელია დღეში მინიმუმ 2 ლიტრი წყლის მიღება. ეს უნივერსალური გამხსნელია და დაგეხმარებათ იმაში, რომ აკონტროლოთ თქვენი ქრონიკული დაავადება. ამის გარდა კვების რაციონში უნდა იყოს ისეთი საკვები, რომელიც ტუტე გარემოს ქმნის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ანუ უნდა იყოს ხილი და ბოსტნეული. არ არის სასურველი პარკოსნები, ძალიან ცხიმიანი ხორცი, განსაკუთრებით ფრინველის კანი, ღვიძლი, ძეხვი, სოსისი.
გირჩევთ ერთად არ მიიღოთ ხორცი და კარტოფილი, ხორცი და პარკოსნები, მათ ერთად მიღებას რთული რეაქცია აქვს და გადასამუშავებლად ძალიან ძნელია. უნდა იკვებოთ დღეში აუცილებლად მინიმუმ სამჯერ. დაძინებამდე სამი-ოთხი საათით ადრე არ მიირთვათ. ასევე პორციებიც უნდა შეზღუდოთ, რომ ორგანიზმმა საკვების კარგად გადამუშავება მოასწროს. ყურადღება უნდა მიაქციოთ რაციონში არ იყოს ისეთი პროდუქტები, რაც იწვევს ალერგიულ რეაქციას. ხილიდან სასურველი არ არის მარწყვი და ისეთი ხილი, რომელიც მძიმედ გადამუშავდება - მსხალი, ძალიან ტკბილი ქლიავი.
სოფო:
- დღის განმავლობაში რამდენჯერ უნდა ვიკვებოთ?
- კარგია იქნება, თუ დღის განმავლობაში 3 ძირითადი კვება - საუზმე, სადილი და ვახშამი გვექნება. მინიმუმ 2-საათიანი, მაქსიმუმ 4-საათიანი შუალედებით. თუ ეს საკმარისი არ არის, შეგიძლიათ ერთი ან ორი ხემსი ჩართოთ. ხემსი შეიძლება იყოს ხილი, ან ხილის ჩირი. თუ არ გაქვთ ალერგია, ცოტა ნუში, ნიგოზი, თხილიც შეიძლება.
უცნობი:
- ჩაის და ყავის როლზე რას გვეტყვით. რა ადგილი უნდა ეკავოთ მათ სწორი კვების დროს. დღეში რამდენი ფინჯნის დალევაა რეკომენდებული?
- თუ ჯანმრთელი ხართ, ყავის და ჩაის ამოღება რაციონიდან არ არის აუცილებელი. თუ ადამიანს უყვარს თითოეული, მაქსიმუმ 2 ფინჯანი ყავა და 2 ფინჯანი ჩაი მიირთვას - ჯამში 3 ფინჯანი დასაშვებია. ზოგჯერ ყავის სიყვარული იმდენად დიდია, რომ ამ ნორმებში ვერ სხდებიან. ამიტომ საჭიროა ამაზე იმუშაოთ, რომ შეზღუდოთ განსაკუთრებით კოფეინით მდიდარი ყავა. ზოგჯერ თუ მაინცდამაინც უნდა მიიღოთ, მაგრამ გაქვთ მაღალი წნევა, ან გულის პათოლოგია, მაშინ უკოფეინო ყავა გამოიყენეთ.
უცნობი:
- სტატისტიკურად რა დიაგნოზი, თუ საკვები მატებს ადამიანებს ზედმეტ წონას?
- ყველა დაავადება, როდესაც საჭიროა ჰორმონალური თერაპია, თუ ამ პროცესში არ მოხდა კვების კორექცია, შეიძლება ადამიანმა წონაში მოიმატოს. არის დაავადებები, რომლის დოსაც დიდი დოზით ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები მიიღება, ასეთ დროსაც აუცილებელია ვაკონტროლოთ წონა და კვების რაციონი. არ უნდა მივიღოთ ისეთი პროდუქტები, რომელმაც შეიძლება წონის დარღვევა გამიწვიოს. მაგალითად, ნახშირწყლებით მდიდარი, საკონდიტრო ნაწარმი, დიდი რაოდენობით თეთრი ფქვილისგან მომზადებული პური, ფუნთუშეულობა, დიდი რაოდენობით შოკოლადი, ნაყინი, გაზიანი ტკბილი სასმელები. მათი სისტემატური და დიდი დოზით გამოყენება აუცილებლად გამოიწვევს წონაში მატებას.
ელენე:
- ალკოჰოლთან დაკავშირებით რა რეკომენდაციის მიცემა შეგიძლიათ?
- ჯანმრთელი ადამიანი, როდესაც ისვენებს, მაგალითად, პარასკევს, უნდა, რომ საღამოს მიირთვას ალკოჰოლური სასმელი, ეს არ არის დანაშაული, მაგრამ რასთან ერთად მიიღებს, ამას მნიშვნელობა აქვს. ღვინოსთან კარგია ყველი - საუკეთესო ტანდემია.
დიდი რაოდენობით ლუდის მიღების დროს, მიუხედავად იმისა, რომ დაბალკალორიული სასმელია, ცხიმოვანი ქსოვილის ხარჯზე ადამიანმა შესაძლოა წონაში მოიმატოს. იმისთვის, რომ ლუდი იყოს გემრიელი, მას ცოტა რაოდენობით კობალტს უმატებენ. ეს ღვიძლის უჯრედებისთვის არ არის კარგი. თუ ლუდის სისტემატური მომხმარებელი ხართ, ამაზე კარგად დაფიქრდით და პირად ექიმთან ეს საკითხი აუცილებლად გაიარეთ. დანარჩენი სასმელი, თუ კარგი ხარისხისაა, როდესაც გინდათ მეგობრებთან ერთად სასიამოვნო საღამო გაატაროთ და არანაირი აკრძალვები არ გაქვთ ექიმებისგან, შეგიძლიათ მიიღოთ მცირე დოზით.