სოციალურ ქსელში გავრცელებულ სახალისო ვიდეოს, სადაც პარიზის მეტროში ქართველი გოგო სიმღერას ექსპრომტად ასრულებს, ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა... სოფო ბასილაშვილი პარიზიდან გვესაუბრა.
- სოფო, გვიამბეთ ამ სახალისო ვიდეოს შესახებ...
- დიახ, საქართველოდან მყავს დელეგაცია სტუმრად, მეტროში რომ ჩავედით, იქ შეგვხვდა ეს მომღერალი ბიჭი, ასე უცებ გადავწყვიტეთ და ერთად ვიმღერეთ. ირგვლივ გვიღებდნენ, ძალიან გავხალისდით... "შავი პრინცის ძმები - ძებნილები და ჯერონიმო" შემთხვევით არ მიმღერია. "შავი პრინცი" ჩემი მამობილი იყო, ყველას მამაჩემი ეგონა. ერთხელ კითხეს ჩემზე ეს ვინ არისო და უპასუხა, ჩემი შვილიო.
ჩემი გოგოთი მომიხსენიებდა, ჩემი ყველაზე ძვირფასი უფროსი მეგობარი იყო. პანაშვიდებზე ხალხი მე მისამძიმრებდა, ყველას მისი შვილი ვეგონე. დღემდე ძალიან ბევრს ჰგონია ასე და სხვადასხვა ტელევიზიებიდან მე მწერენ, როცა "შავი პრინცს" სიმღერის გამოყენება სურთ. სულ მახსოვს და ახლაც არც დავფიქრებულვარ, მისი სიმღერა თავისთავად მომვარდა...
- პროფესიონალი მომღერალი ხართ?
- არა, პროფესიონალი მომღერალი არ ვარ, ასე ჩემთვის ვმღერი..
- გახარებული ჩანდა ის ბიჭი, ვისთანაც ერთადაც იმღერეთ..
- დიახ, მართლაც ძალიან გაიხარა. სიმღერის შემდეგ სახელი მკითხა და შემდეგ კარგა ხანს - სოფია, სოფიას მღეროდა... პარიზში რომ დავდივართ ხშირად ვმღერი სხვადასხვა ადგილებში. ხანდახან საქართველოს ჰიმნსაც ვასრულებ, ამით ყველა ხვდება ქართველი რომ ვარ. ხან ვცეკვავ და ასე მხიარულად გაგვყავს დრო.
- პარიზში რას საქმიანობთ?
- მაქვს საინფორმაციო პორტალი - ქართული ეთერი, ასევე ჯგუფი - ქართველები საფრანგეთში, ვამზადებ მაისურებს ქართული ინიციალებით, ვაწყობ ტურებს... საოჯახო, ინდივიდუალურ და ჯგუფურ ტურებს. ახლაც დისნეილენდში ვარ, დელეგაციაა ჩამოსული, მათ ვემსახურები.
- მრავალშვილიანი დედა ხართ, გვიამბეთ შვილებზე...
- დიახ, ოთხი შვილი მყავს. ერთი საქართველოშია, ოცდაერთი წლის არის. სამი აქ არიან, ცხრამეტის, ათის და ორწლინახევრის. მოზრდილები პარიზში იღებენ განათლებას.