ავტორი:

"ის მეორედ დაქორწინდა, ახალი ცხოვრება დაიწყო" - რას ჰყვება დეტექტივი, რომელმაც 60 წლის წინ გაუჩინარებულ ქალს მიაკვლია და რამ აიძულა ის შვილებიც კი მიეტოვებინა

"ის მეორედ დაქორწინდა, ახალი ცხოვრება დაიწყო" - რას ჰყვება დეტექტივი, რომელმაც 60 წლის წინ გაუჩინარებულ ქალს მიაკვლია და რამ აიძულა ის შვილებიც კი მიეტოვებინა

პოლიციის ინფორმაციით, უისკონსინელი დაკარგული ქალი, რომელიც 60 წელზე მეტი ხნის წინ გაუჩინარდა, მთელი ამ ხნის განმავლობაში ბედნიერად ცხოვრობდა ახალი ცხოვრებით და ახალ ქმართან ერთად.

  • 82 წლის ოდრი ბეკებერგი ექვსი ათწლეულის განმავლობაში შეცვლილი სახელითა და გვარით ცხოვრობდა მას შემდეგ, რაც 1962 წელს გაიქცა რიდსბურგიდან, სახლიდან, სადაც ორ შვილთან და სავარაუდოდ მოძალადე ქმართან ერთად ცხოვრობდა. ინფორმაციას ადგილობრივი ოლქის შერიფის ოფისი ავრცელებს.

"მას ჰქონდა თავისი მიზეზები სახლის დატოვებისთვის", - ამბობს დეტექტივმა ისააკ ჰანსონი, რომელმაც ბეკებერგი მიმდინარე წლის მარტში იპოვა.

"ვუთხარი, რომ მის ადგილსამყოფელს არ გავამხელდი, რადგან ეს მისთვის მნიშვნელოვანია. იმის საფუძველზე, რაც მან მითხრა, ვფიქრობ, რომ დარწმუნებულია მიღებულ გადაწყვეტილებაში. ქალს რაც უნდა გაეკეთებინა, ის გააკეთა“ - განაცხადა დეტექტივმა მედიასთან.

ბეკებერგი 20 წლის იყო, როდესაც გაუჩინარდა - ხელახლა დაქორწინდა და ახალი ცხოვრება დაიწყო სხვა შტატში, თუმცა მარტში პოლიციასთან საუბრისას არ დაუკონკრეტებია, ჰყავდა თუ არა შვილები ახალ ქმართან.

ქალი 63 წლის წინ დაკარგულად გამოაცხადეს მას შემდეგ, რაც სამსახურიდან ხელფასი აიღო, წავიდა და სახლში აღარ დაბრუნდა - ოჯახის წევრებს კი ყველაზე ცუდის მოლოდინი გაუჩნდათ, რადგან საქმე საბოლოოდ ჩიხში შევიდა.

გაქრობიდან რამდენიმე დღეში თვითმხილველებმა ის ინდიანაპოლისის ავტოსადგურზე ნახეს, ხოლო ოჯახის ძიძის განცხადებით, გამგზავრებამდე მან წამლები მიიღო, რამაც თვითმკვლელობის ეჭვი გააჩინა.

  • ეს იყო უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც ქალი ნაცნობმა ნახა, ხოლო მისმა ქმარმა რონალდმა - რომელზეც ბეკებერგი 15 წლის ასაკში დაქორწინდა - განაცხადა, რომ მის გაუჩინარებასთან არაფერი ჰქონდა საერთო. ოჯახის წევრები დარწმუნებულები იყვნენ, რომ დედა შვილებს არ მიატოვებდა.

გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე ბეკებერგმა რონალდის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შეიტანა და განაცხადა, რომ ქმარმა სასტიკად სცემა, რის შემდეგაც თავის არეში დაზიანებები მიიღო - კაცი ცოლს სიცოცხლის მოსპობითაც კი დაემუქრა.

"ქალის თქმით, მის ქმარს საბარგულში რამდენიმე იარაღი ჰქონდა და ცოლს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა", - განუცხადა ყოფილმა შერიფმა რენდი სტამენმა Baraboo News Republic-ს 2002 წელს, ქალის გაუჩინარების 40 წლისთავზე.

როგორც ჩანს, ბეკებერგს ათწლეულების განმავლობაში ოჯახის არც ერთ წევრთან არ ჰქონია კონტაქტი. მისი ერთ-ერთი შვილი 2006 წელს გარდაიცვალა, ხოლო რონალდი ცოტა ხნის შემდეგ.

ბეკებერგის დედა კი 2023 წელს გარდაიცვალა, როგორც ცნობილია, ისე, რომ არასდროს გაუგია, რა დაემართა მის ქალიშვილს.

  • "მან ყველაფერი მიატოვა, თავისი გზით წავიდა და კარგადაც არის", - განუცხადა დეტექტივმა ჰანსონმა მედიას.

მას საქმე იანვარში გადაეცა მას შემდეგ, რაც სოკის ოლქის შერიფის ოფისმა თავისი ძველი საქმეების განხილვა დაიწყო.

ბეკებერგის საქმის მასალები 2002 წლის შემდეგ არ გახსნილა და ბევრი დოკუმენტი ციფრულ ფორმატში არ იყო, ამიტომ გამომძიებელი იძულებული გახდა თავიდან შეესწავლა ათობით ფაილი.

ის დაუკავშირდა ოჯახის დაახლოებით 20 წევრსა და მოწმეს. მან ბეკებერგის დის Ancestry.com-ის ანგარიშიდან მიღებული ინფორმაციაც კი გამოიყენა ყველაფრის ერთად თავმოსაყრელად.

"ეს უბრალოდ თავსატეხის ნაწილები იყო, რომელსაც ერთად მოვუყარე თავი", - თქვა ჰანსონმა.

დეტექტივმა საბოლოოდ იპოვა მისამართი, რომელიც, მისი აზრით, ბეკებერგის შეიძლებოდა ყოფილიყო - და როდესაც სახლის ტელეფონზე დარეკა, ქალმა პირადად უპასუხა.

"ის ძალიან გულისხმიერი იყო, ჩემს ყველა კითხვას უპასუხა", - თქვა ჰანსონმა და განმარტა, რომ მასთან დაახლოებით 45 წუთი ისაუბრა და მისი ამბავი საქმის ყველა დეტალს ემთხვეოდა.

"მისი ოჯახი "აღფრთოვანებული" იყო იმის გაგებით, რომ ბეკებერგი ცოცხალი და ჯანმრთელია", - თქვა ჰანსონმა, მაგრამ დასძინა, რომ ამ აღმოჩენას რთული ემოციებიც ახლდა თან.

" წარმოიდგინეთ, სამოცდაორი წელი გავიდა და უცებ ვიღაც გირეკავს და გეუბნება, რომ გეძებენ, მაშინ როცა არ სურს, რომ შეაწუხონ ან იპოვონ."

"ბედნიერი ვიყავი, რომ დამელაპარაკა და იმდენი რამ გავიგე, რამდენიც შევძელი", - დასძინა დეტექტივმა.