უკვე წლებია რაც "ჩვილების გაყიდვის“ თემა აქტუალურობას არ კარგავს. როდესაც გგონია, რომ თითქოს თამუნა მუსერიძისა და მისი ჯგუფის "ვეძებ“ საშუალებით ყველა გაშვილებული ჩვილის ისტორია მოისმინე, ყველა იმ დედის, რომელიც სავარაუდოდ, გაყიდულ შვილს ეძებს, რეალურად ყველაფერი წინ არის.
სოციალურ ქსელში ჯგუფი "ვეძებ“ კიდევ ერთ შემზარავ ისტორიას აქვეყნებს, რომელიც ამჯერად სამტრედიის სამშობიაროს ბნელ საიდუმლოებებს ხდის ფარდას. სამშობიარო ახლა აღარ ფუნქციონირებს.
თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ, ქალმა შეიტყო, რომ მისი ერთ-ერთი ტყუპი, რომელიც დაბადებისთანავე გარდაცვლილად გამოაცხადეს, სინამდვილეში გაუშვილეს. ბელას ახლა ძველი ტკივილები გაუცოცხლდა და ასევე დაკარგული შვილის პოვნის იმედი გაუჩნდა.
სამტრედიაში მცხოვრებმა ბელა ხუნდაძემ 2004 წელს ტყუპი გააჩინა. მშობიარობის შემდეგ მას შეატყობინეს, რომ ერთი ახალშობილი გარდაიცვალა და სახლში ერთი ქალიშვილით დაბრუნდა. წლების შემდეგ, მას კიდევ ოთხი გოგონა შეეძინა, ხოლო 21 წლის შემდეგ მეხუთე შვილი - ბიჭი შეეძინა. სწორედ ამ პერიოდში შეიტყო ბელამ შემთხვევით, რომ მისი ერთ-ერთი ტყუპი, რომელიც მკვდრად გამოაცხადეს, სინამდვილეში გაუშვილეს.
ბელა იხსენებს, რომ სამშობიარო, სადაც იმშობიარა, დიდი ხნის წინ დაიწვა და არქივი არ არსებობს. ინფორმაცია გაშვილების შესახებ მან შემთხვევით შეიტყო სხვა ქალისგან, რომელსაც იმ პერიოდში ბავშვი აღრიცხვაზე ჰყავდა მიყვანილი და მოისმინა საუბარი ხუნდაძის შვილის გაშვილების შესახებ.
ბელა ჰყვება, რომ იმ პერიოდის სამშობიაროს პერსონალი გარდაცვლილია. ოჯახის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იმ სამშობიაროს გინეკოლოგები დააკავეს, რადგან გამოვლინდა 50-მდე ბავშვის მოპარვისა და გაშვილების ფაქტი. ბელა ვარაუდობს, რომ ერთ-ერთი ამ ბავშვებიდან შესაძლოა, მისი შვილი ყოფილიყო.
ქალის თქმით, ყოველთვის გრძნობდა შვილის არსებობას და ახლა მისი პოვნის სურვილი განსაკუთრებით გაუმძაფრდა. მას სურს ერთხელ მაინც ჩაეხუტოს, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა მას შვილი. ბელამ უკვე გაიკეთა დნმ-ის ტესტი და პასუხს ელოდება. თამუნა იმედოვნებს, რომ გაშვილებულ ბავშვსაც ექნება გაკეთებული ტესტი.
ბელას ყოველთვის სჯეროდა, რომ მისი შვილი ცოცხალი იყო და მოჰპარეს, თუმცა ოჯახის წევრები ამშვიდებდნენ და ურჩევდნენ, ამ თემაზე ხშირად არ ეფიქრა. მისი თქმით, როგორც კი საკუთარ თავს მოერია, მაშინ შეიტყო, რომ მისი შვილი, რომელიც ამდენი წელი გარდაცვლილი ეგონა, ნამდვილად ცოცხალია.
ბელა 18 წლის იყო, როდესაც პირველად იმშობიარა. ტყუპები საკეისრო კვეთით დაიბადნენ. ოჯახს ახლა დიდი იმედი აქვს, რომ წლების წინ გაშვილებულ ტყუპისცალს იპოვის.