74 წლის ასაკში გარდაიცვალა დირიჟორი და კომპოზიტორი ვახტანგ მაჭავარიანი. ის საქართველოში ჩამოასვენეს, პანაშვიდები ნიკოლაძის ქუჩაზე მის სახლში მიმდინარეობს, მას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიიდან კვირას გამოასვენებენ და მშობლების გვერდით დაკრძალავენ... ვახტანგ მაჭავარიანი1996 წლიდან იყო ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი; 2017 წელს კი მას მიენიჭა მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საპატიო დირიჟორის წოდება.2018 წლიდან იყო ლიანა ისაკაძის მიერ დაფუძნებული ფესტივალის, „ღამის სერენადების“ მთავარი დირიჟორი. მის რეპერტუარშია ქართული და უცხოური სიმფონიური მუსიკა.
ეკუთვნის არაერთი თხზულება: სიმფონიური პოემა „ნაცარქექია“, ათი სონეტი შექსპირის მიხედვით, კონცერტი ვიოლინოს, ფორტეპიანოს, სიმებიანი ორკესტრისა და დასარტყამი ინსტრუმენტებისთვის, „მარში“ საქართველოს შეიარაღებული ძალების ორკესტრისთვის, სიმფონიური სურათი „მარიუპოლი“, რომელიც მიუძღვნა 2022 წელს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. გამოცემულია მისი სადირიჟორო რეპერტუარის და მის მიერ შესრულებული საფორტეპიანო კომპოზიციების ფირფიტები, კომპაქტდისკები. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მოწვეული დირიჟორი...

ვახტანგ მაჭავარიანის გარდაცვალების გამო საოპერო მომღერლებმა თავიანთი გულისტკივილი და მოგონებები გაგვიზიარეს...
მარიკა მაჩიტიძე
- 05.05.2025 ჩვენი ქვეყნის კულტურის ისტორიაში ჩაიწერება როგორც დიდი მწუხარების და სინანულის დღე. მოულოდნელი და წარმოუდგენელია ვახტანგ (ვატო) მაჭავარიანის გარდაცვალება….. დიდი მუსიკოსი, ინტელექტუალი, პატრიოტი, ერთგული და მოსიყვარულე ადამიანი. მასთან ყოველი შეხვედრა იყო ზეიმი და დიდი სიამოვნება, სითბოს და სიყვარულს ასხივებდა. უყვარდა და აფასებდა ნიჭიერებას, ახალგაზრდებს, ახალ თაობას, ყველაფერი ქართული უყვარდა, ყველგან ქართველობდა!
რამდენიმე წლის წინ მე მხვდა წილად პატივი შემესრულებინა ალექსი მაჭავარიანის ოპერა “ჰამლეტში” ოფელიას პარტია, რომელიც თავად ვატოს თხოვნით და მისი სურვილით ვიმღერე და ამით პატივი მივაგეთ დიდი ალექსის ხსოვნას. მომავალი გეგმებიც გვქონდა, რომ გარდა საკონცერტო შესრულებისა, ამ ოპერის დადგმა ყოფილიყო განხორციელებული და ახლა წარმოუდგენლად მიმაჩნია ამ სურვილის შესრულება. დღეს მხოლოდ ერთს ვინატრებდი, რომ ბატონი ვატოს ალბათ ყველაზე დიდი ოცნება - ენახა გაერთიანებული და ევროპული საქართველო, მალე ასრულებულიყოს, ნათელში იყოს ვახტანგ მაჭავარიანის ხსოვნა.
ნანა ქავთარაშვილი
- სამწუხაროდ დაგვტოვა ჩვენმა უნიჭიერესმა თანამემამულემ, მუსიკოსმა და დირიჟორმა მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანმა! მე ბატონ ვახტანგს კარგად ვიცნობდი, თუმცა მასთან არასდროს მითანამშრომლია. მქონდა პატივი მასთან ურთიერთობის და განსაკუთრებით მინდა გავიხსენო ჩვენი კონტაქტები, როდესაც მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი სოპრანო - ალესანდრა მარკი მას ეძებდა, რომელიც ცნობილია არა ერთი დრამატული პარტიის საუკეთესო შემსრულებლად. განსაკუთრებით პუჩინის “ტურანდოტი”-ს პარტიის საუკეთესო შემსრულებლად! ალესანდრა მარკი დავაკავშირე მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანს, რომელმაც ალესსანდრას უდირიჟორა პუჩინის ოპერა “ტოსკა” -ში, როცა ის საქართველოში იყო ჩამოსული ათეული წლების წინ სამღერად. შემდეგ ალექსანდრა მოინათლა სვეტიცხოველში და სწორედ ვახტანგ მაჭავარიანი გახდა მისი ნათლია! დღეს მე დავუკავშირდი ალესსანდრა მარკს და თვითონ ალესანდრა იხსენებს ამ დაუვიწყარ ულამაზეს პერიოდს დიდი გულისტკივილით და გამოთქვამს დიდ სამძიმარს მისი ნათლიის და მაესტროს დაღუპვის გამო!
ალექსანდრა მარკი:
- ჩემთვის ძალიან დიდ გულისტკივილია ვახტანგ მაჭავარიანის გარდაცვალება... დაუვიწყარი მოგონებები მაქვს საქართველოში გატარებული დღეების, "ტოსკას" როლის შესრულების შესახებ მაესტროსთან ერთად. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო ჩემი 30 წლიანი კარიერის განმავლობაში, როდესაც მთლიანად შევასრულე ეს ბრწყინვალე, ტიტულოვანი პარტია. მაესტროსთან სიტყვები არასდროს გვჭირდებოდა — მუსიკა თავად ლაპარაკობდა ჩვენთვის და ჩვენს ნაცვლად. ვახტანგ მაჭავარიანში ვიპოვე სულიერი ნათესავი და კეთილშობილი პარტნიორი. ის იყო ძალიან გულწრფელი, ღრმა ცოდნის მქონე ადამიანი. მთელი გულით მინდოდა იმ დღისთვის დაბრუნება, როდესაც ისევ მომიწვევდნენ საქართველოში...
რაღაც ღრმად ჩამებეჭდა სულში — საქართველოს საოცრად თბილი, კეთილი და გულღია ხალხი ჰყავს. განსაკუთრებით დამამახსოვრდა დღე, როცა რეპეტიციებს შორის თავისუფალი დრო გამოვიყენე და თბილისის გარეუბანში, მთაზე მდებარე უძველეს მონასტერს ვეწვიე. მაცნობეს ერთ-ერთი ბერის შესახებ, რომელიც იქ ცხოვრობდა. ის ქართულად საუბრობდა, მე — ინგლისურად, მაგრამ როდესაც თარჯიმანმა წარგვადგინა, თვალებში ჩავხედეთ ერთმანეთს და… სიტყვები საჭირო აღარ იყო. მხოლოდ სულიერი კავშირი — სუფთა სიყვარული.თითქოს დრო გაჩერდა. მხოლოდ სიმშვიდე, სინათლე და სულიერი სიმსუბუქე დავიტოვე იმ შეხვედრიდან. ვთხოვე თარჯიმანს, ეკითხა მისთვის, შეიძლებოდა თუ არა დაბრუნებისას პური, საჭმელი, ბალიში და პლედი წამეღო მისთვის. პასუხად კი მივიღე: “მას მხოლოდ ახალი ბიბლია სურს.”
დაპირება მივეცი საკუთარ თავს — აუცილებლად დავბრუნდები მისთვის ახალი ბიბლიით-მეთქი,…მაგრამ ეს ვერ მოხდა.როდესაც შერატონ მეტეხის სასტუმროში დავბრუნდი, რევოლვინგ დოორ-მა ფეხის თითზე გადამიარა და მძიმედ დავიზიანე. იმავე საღამოს უნდა მემღერა „აიდაში“, ამიტომ ყველაფერი აირია. თარჯიმანს ვთხოვე, მიეტანა ის ბიბლია იმ ბერისთვის... და აი, მეორე დღეს, კვირას, სრულიად მოულოდნელად, ტაძარში წამიყვანეს — სადაც, როგორც მითხრეს, ცოტა ხნის წინ ღვთისმშობელი გამოჩენილა. ჩემდა გასაკვირად, იქ ტელეკამერებიც იყო და ჟურნალისტებიც… ჩემს მონათვლას უნდა დასწრებოდნენ.
ეს ჩემთვის ძალიან პირადი, ღრმა სულიერი გამოცდილება იყო. არასდროს დამავიწყდება ჩემი მონათვლა საქართველოში.არც კი შემეძლო წარმომედგინა, რომ იმ დღეს, როდესაც ვენიდან გამოვფრინდი პაატა ბურჭულაძესთან ერთად, ჩემი ცხოვრება ასე ღრმად, ასე ამაღლებულად შეიცვლებოდა. მონათვლის შემდეგ, ჩემი ახალი ნათლიის, ვახტანგ მაჭავარიანის ოჯახთან ერთად გულთბილი დღესასწაული გვქონდა. იმ დღეს მაჩუქეს თეთრ ქსოვილში გახვეული სანთელი და ჯვარი — საუნჯე, რომელიც დღესაც ინახავს ჩემი სულიერი გაბრწყინების დღეს. იმ დღიდან მე შევიძინე — ჩემი ახალი, თბილი და სიყვარულით სავსე, ქართული, ვახტანგ მაჭავარიანის ოჯახი.