ავტორი:

ავღანეთიდან დაბრუნებული კაცის სასტიკი ძალადობა შვილებზე და თავდასხმის ინსცენირების მცდელობა მამის მკვლელობის დღეს - მედია ხაჩატურიანების საქმის ახალ, უმძიმეს დეტალებზე წერს

ავღანეთიდან დაბრუნებული კაცის სასტიკი ძალადობა შვილებზე და თავდასხმის ინსცენირების მცდელობა მამის მკვლელობის დღეს - მედია ხაჩატურიანების საქმის ახალ, უმძიმეს დეტალებზე წერს

2018 წელს რუსეთი ტრაგიკულმა მოვლენამ შეძრა. შემზარავი ამბავი, რომელიც ზაფხულში მოხდა, დღემდე როგორც საზოგადოების, ისე სასამართლოს განხილვის თემად რჩება.

2018 წლის 27 ივლისს, ალტუფიევსკის რაიონში, მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობებით 57 წლის მიხეილ ხაჩატურიანის ცხედარი იპოვეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ მამაკაცი საკუთარმა ქალიშვილებმა მოკლეს - იმ დროისთვის 19 წლის კრისტინამ, 18 წლის ანგელინა და 17 წლის მარიამმა.

სტატიაში მოგითხრობთ ხმაურიანი საქმის ყველაზე შემზარავი დეტალებს, რომელიც ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.

სტრესი, რომელშიც ხაჩატურიანების ოჯახი ცხოვრობდა

ხაჩატურიანების ოჯახი მრავალი წლის განმავლობაში შიშითა და ძალადობით გაჟღენთილ ატმოსფეროში ცხოვრობდა - როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური. მიხეილ ხაჩატურიანი აგრესიული ქცევით გამოირჩეოდა და უკიდურესად სასტიკად ეპყრობოდა ცოლსა და სამ ქალიშვილს.

"მან უბრალოდ დაიწყო ყვირილი და გვითხრა, რომ ყველას დაგვხოცავდა. იარაღის ასაღებად წავიდა. ჯერ დედა სცემა, შემდეგ ანგელინა", - წერდა მარია ხაჩატურიანი თავის ნაცნობს.

მეზობლები და ნაცნობები ადასტურებენ, რომ კაცი ძალადობისკენ იყო მიდრეკილი და ადვილად ეცვლებოდა ხასიათი. ამის მიზეზად კი ავღანეთში გავლილ სამხედრო სამსახურს ასახელებდნენ, რა დროსაც ხაჩატურიანმა კონტუზია მიიღო. ამან გავლენა მოახდინა მის ჯანმრთელობასა და გარშემომყოფებთან ურთიერთობაზე, თუმცა ეს მხოლოდ მათი ვარაუდია.

სექსუალური ძალადობა საკუთარი მამის მხრიდან

20-წლიანი ქორწინების შემდეგ, ხაჩატურიანმა მეუღლე აურელია დუნდუკი იარაღის მუქარით სახლიდან გააგდო და შვილებთან ურთიერთობა აუკრძალა. კაცი, ყოფილი ცოლის ნათესავების მისამართით იმუქრებოდა. ქალის სახლიდან წასვლის შემდეგ, ხაჩატურიანმა საკუთარი ქალიშვილების შევიწროება დაიწყო.

კრისტინა ხაჩატურიანი დედასთან ერთად

გოგონები ამტკიცებდნენ, რომ მამა არა მხოლოდ რეგულარულად აიძულებდათ სქესობრივი კავშირის დამყარებას, არამედ ყველაფერს ვიდეოზე იღებდა შემდგომი გავრცელებისთვის. ერთ-ერთმა დამ თვითმკვლელობაც კი სცადა, მაგრამ ის გადაარჩინეს და მშობლიურ სახლში დააბრუნეს. გამოძიების დროს დადასტურდა ორი სრულწლოვანი ქალიშვილის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტი.

დღე, რომელმაც ყველაფერი შეცვალა

სიკვდილის დღეს მიხეილ ხაჩატურიანი სახლში ფსიქონევროლოგიური ცენტრიდან დაბრუნდა, სადაც მკურნალობას გადიოდა. მან ქალიშვილებს ჯერ ჯიბის ფულის ფლანგვისა და ბინაში არსებული არეულობის გამო ეჩხუბა, შემდეგ კი განრისხებულმა ხაჩატურიანმა ქალიშვილები სათითაოდ დაიბარა და თითოეულს სახეში წიწაკის სპრეი შეასხა. წამების პროცესში უფროსმა დამ, კრისტინამ, გონება დაკარგა - გოგონას ასთმის შეტევა დაემართა, რომლის არსებობის შესახებაც მამას უბრალოდ არ შეეძლო არ სცოდნოდა. შეშინებულმა ანგელინამ და მარიამ, დის ჯანმრთელობის გამო, გადაწყვიტეს ბოლო მოეღოთ თავიანთ მრავალწლიან ტანჯვას და მამა მოეკლათ.

საღამოს, როდესაც მიხეილ ხაჩატურიანს ჩაეძინა დებმა სანადირო დანა და ჩაქუჩი აიღეს და ხაჩატურიანს თავს დაესხნენ. რაღაც მომენტში კაცი გონს მოვიდა და წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო. მაშინ კრისტინამ, მამის შესაჩერებლად, წიწაკის სპრეი გამოიყენა, შემდეგ კი კიბეზე ჩამოირბინა. მიხეილი ქალიშვილს გაჰყვა, მაგრამ ზიანის მიყენება ვერ მოასწრო: ანგელინამ დას დანა გამოსტაცა და ხაჩატურიანს გულში დაარტყა. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა - მამაკაცი გარდაიცვალა.

კვალის დაფარვის წარუმატებელი მცდელობა

მამის მოკვლის შემდეგ, ქალიშვილებმა სცადეს თავდასხმის ინსცენირება, რათა სამართალდამცავი ორგანოებისთვის ეჩვენებინათ, რომ თავს იცავდნენ და სხვა გამოსავალი უბრალოდ არ ჰქონდათ. ამიტომაც, კრისტინამ, ანგელინამ და მარიამ საკუთარ თავს დანით ჭრილობები მიაყენეს და მხოლოდ ამის შემდეგ დარეკეს პოლიციაში და გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. მიუხედავად მიღებული სიფრთხილის ზომებისა, გამოძიებამ დაადგინა, რომ საბედისწერო დღეს მამას ქალიშვილებისთვის დაზიანებები არ მიუყენებია და ეს ყველაფერი მკვლელობის ნამდვილი გარემოებების დამალვის მცდელობა იყო.

სერიოზული პრობლემები ფსიქიკასთან

2021 წელს დები სასამართლომ ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გაგზავნა. დასკვნის მიხედვით თითოეული და 2014 წლიდან განიცდიდა სასტიკი მოპყრობის სინდრომსა და პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას.

"ყველა ამ დაავადებას აქვს პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ხაჩატურიანის ქმედებებსა და მის ქალიშვილებში აღმოჩენილ აშლილობებს შორის", - განმარტა დების ადვოკატმა მარი დავთიანმა.

ადვოკატის თქმით, ტრავმირებული ფსიქიკის, მამაზე მატერიალური დამოკიდებულებისა და მხარდაჭერის არარსებობის გამო, გოგონები ხაჩატურიანის ქცევასა და სახლში მიმდინარე ყველა მოვლენას უიმედო სიტუაციად აღიქვამდნენ.

რაც უფრო მეტ დეტალს იგებს საზოგადოება ამ საქმის შესახებ, მით უფრო აქტიურად უჭერს მხარს დებს. გოგონების დასაცავად გამოდიან ცნობილი ჟურნალისტები, არტისტები, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დამცავი ცენტრების წარმომადგენლები, რომლებსაც დახმარებისთვის ძირითადად ახალგაზრდა გოგონები მიმართავენ. სოციალური ქსელების მომხმარებლებიც, რა თქმა უნდა, განიხილავენ კრისტინას, ანგელინასა და მარიას რთულ ბედს და თანაუგრძნობენ მათ.

საქმე წლებია გრძელდება, 2025 წლის 21 აპრილს ბუტირსკის სასამართლოს კოლეგიამ დაადგინა, რომ ქალიშვილების ხელით მოკლული მიხეილ ხაჩატურიანი სისტემატურად ძალადობდა მათზე და გოგონების ჯანმრთელობას მძიმე ზიანი მიაყენა. რა ვერდიქტს გამოიტანენ ნაფიცი მსაჯულები თავად კრისტინას, ანგელინასა და მარიას მიმართ, ამას დრო გვიჩვენებს.

წაიკითხეთ ასევე: