ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტი ცნობილია - საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში ინტერმა“ ბარსელონას“ დამატებით დროში 4:3 სძლია, ორრაუნდიანი დაპირისპირება 7:6 მოიგო და ფინალში გავიდა.
"ინტერისა" და "ბარსელონას" ორი ნახევარფინალური მატჩი ჩემპიონთა ლიგის ისტორიას დარჩება, როგორც დიდი ფეხბურთის ნამდვილი დღესასწაული. ორი განსხვავებული სტილის გუნდმა გვაჩვენა უმაღლესი კლასის ფეხბურთი - ჩახლართული სიუჟეტით, "ქამბექებით", მაგარი გოლებით, "სეივებით" და კიდევ ათასი რამით... ალბათ, მხოლოდ გულუბრყვილო თუ იფიქრებდა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ "ინტერს" თავი ქუდში ჰქონდა. არადა, სიმონე ინძაგის გუნდი მატჩის ამ მონაკვეთში მართლა ძალიან ძლიერი იყო... მაგრამ როგორ გააქრეს მოედნიდან ეს ძლიერი "ინტერი" ჰანსი ფლიკის ბიჭებმა მეორე ტაიმში და აკი 88-ე წუთზე, მანამდე ჩრდილში მყოფმა რაფინიამ ვითომდა გაარკვია პირველი ფინალისტის ვინაობა... მაგრამ დიდი ფეხბურთი, ყველა სხვა კომპონენტთან ერთად, არის ბოლომდე ბრძოლა, მაშინაც კი, როცა იმედი თითქოს გადაწურული გაქვს", - ვკითხულობთ "ლელოს" სტატიაში.
მატჩი მასპინძელთა იერიშებით დაიწყო და მარტინესის გოლით დაგვირგვინდა, რომლის თამაში ტრავმის გამო ბოლო მომენტამდე საეჭვო იყო. 42-ე წუთზე საჯარიმოში შეჭრილი ლაუტარო კუბარსიმ წააქცია, მსაჯმა მარჩინიაკმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა, ჩალჰანოღლუმ შჩესნის კარი დალაშქრა და ინტერმა“ პირველი ტაიმი 2:0 მოიგო.
მეორე ტაიმში სტუმრები გარდაისახნენ, სრულ უპირატესობას დაეუფლნენ და შედეგსაც მიაღწიეს: შეტევაში ჩართულმა ერიკ გარსიამ ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი ზომერის კარში და ანგარიში შეამცირა. ცოტა ხანში სწრაფი კონტრიერიშისას ერიკ გარსიას დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ მის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ზომერმა მოიგერია. თუმცა, მალე ოლმომ თანაფარდობა აღადგინა. მარტინესმა კი თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და 71-ე წუთზე ტარემიმ შეცვალა.
"ბარსამ“ ზეწოლა გააძლიერა, იამალს ზომერმა არ დაანება გატანა, ხოლო 87-ეზე რაფინიამ გაიტანა და კატალონიურ გუნდი წინ გაიყვანა. თითქოს გამარჯვებულის ვინაობა გაირკვა, მაგრამ კომპენსირებულ დროში აჩერბიმ ანგარიში გაათანაბრა და დამატებითი დრო დაინიშნა.
99-ე წუთზე ფრატეზიმ ნერაძური“ დააწინაურა, ბოლოს "ბარსელონა" შტურმზე გადავიდა, თუმცა მეოთხე გოლის გატანა ვერ შეძლო და მილანურმა გუნდმა გაიმარჯვა.
სიმონე ინძაგის ხელმძღვანელობით "ინტერი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეორედ გავიდა. 2022-2023 წლების სეზონში მილანურმა გუნდმა ფინალში "მანჩესტერ იუნაიტეტთან" წააგო.
ამჯერად ფინალში ინტერის“ მეტოქე დღეს პსჟ-სა და არსენალის“ შეხვედრაში გაირკვევა. დიდი იმედი გვაქვს, რომ პსჟ სტუმრად მოგებული მატჩის შემდეგ მიღებულ უპირატესობას შეინარჩუნებს და ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ფინალში ითამაშებს.