"საოცრება", "ადამიანი, რომელმაც გრავიტაცია დაამარცხა", "ის არავის ჰგავს, განუმეორებელი ხელოვანია, საკუთარი ხელწერით", "მფრინავი ქართველი"... - ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ შეფასებებისა, რასაც პროფესიონალებისა თუ ბალეტის რიგითი მოყვარულებისგან ვისმენთ ქართველი ბალერონის, გიორგი ფოცხიშვილის შესახებ.
"ის არის საქართველოს საგანძური, ნამდვილი ტალანტი, ნიჭი და ოსტატობის ზენიტი, გიორგი არის არამარტო გენიალური შემოქმედი, არამედ გამორჩეული ადამიანი, თავმდაბლობის, წესიერების, ღირსების ეტალონი! ამდენად არა მხოლოდ თავისი მშობლების, არამედ საქართველოს საამაყო შვილი", - წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი. საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია.
"საქართველოში აპლოდისმენტები სხვაგვარად ისმის - თითქოს დრო ჩერდება და სისხლი წინაპრების მელოდიით მოძრაობს..." - ამბობს გიორგი ფოცხიშვილი, რომელიც მსოფლიოს არაერთი ტრიუმფის შემდეგ, ახლახან ქართველმა მაყურებელმა სამშობლოს სცენაზე იხილა...
წარმატებული მოცეკვავე დღეს ambebi.ge - ს სტუმარია.
- გიორგი, როგორ იხსენებთ სამშობლოში გატარებულ ბავშვობასა და პროფესიულ გზის დასაწყისს?
- ჩემი ბავშვობა უკავშირდება ტრადიციით და რწმენით გამორჩეულ საქართველოს - ქვეყანას, სადაც ხელოვნება სუნთქავს მიწიდან. გავიზარდე სცენის კულისებში, იქ, სადაც ყოველი მოძრაობა - სიტყვაზე მეტად მეტყველებს.
ბავშვობის წლებიდანვე დავიწყე ცეკვა, მაგრამ ეს არასოდეს ყოფილა უბრალოდ ცეკვა - ეს იყო გზა, სულიერი წრთობა, ქართული იდენტობის ძარღვებზე სიარული. პირველი პროფესიული ნაბიჯები გავიარე "ცეკვის აკადემიაში“, რომელიც ჩამოაყალიბეს ჩემმა მშობლებმა, შემდგომ კი გადავედი ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. საცეკვავო ხელოვნებას ვეზიარე იმ სახელოსნოებში, სადაც ძალა და ელეგანტურობა ხვდება ერთმანეთს! სადაც მივიღე ქართული პროფესიული საცეკვავო განათლება, რისთვისაც მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ასე რუდუნებით მომცა ის, რაც დღემდე მაძლიერებს და მაყალიბებს კიდევ უფრო დიდ პროფესიონალად - ეს არის ჩემი ფესვები, რაც მუდამ მახსენებს, ვინ ვარ სინამდვილეში.
- წარმატებული ხელოვანების ოჯახში აღიზარდეთ. გვიამბეთ ამ გავლენაზე...
- ჩემთვის ეს უბრალოდ ოჯახი არ ყოფილა - ეს იყო ცოცხალი აკადემია. ბატონი გელოდი ფოცხიშვილი - ბაბუა, ქართული ქორეოგრაფიის სიმბოლო, ჩემი ცხოვრების მუდმივი შთაგონება და მაგალითია. მშობლები - გელა ფოცხიშვილი და მაია კიკნაძე - რომლებმაც ჩამოაყალიბეს პირველი პროფესიული საცეკვავო სასწავლებელი "ცეკვის აკადემია“.
ჩემთვის ცეკვა არასდროს ყოფილა მხოლოდ დისციპლინა, ეს იყო ოჯახის ენა, ემოციის გამოხატვის ფორმა. ამ გარემოში გაზრდა ნიშნავს იმას, რომ სცენა არასდროს გეჩვენება უცხოდ - ის შენს გენეტიკურ მეხსიერებაშია. ამ გამოცდილებამ მასწავლა არა მხოლოდ პროფესია, არამედ მისია - ქართული კულტურის მიტანა მსოფლიომდე.
- საზღვარგარეთ არაერთი ტრიუმფი გქონდათ. მსოფლიო მედია საუბრობს თქვენს შესახებ...
- ყოველი საერთაშორისო სცენა ჩემთვის იყო მორიგი ბარიერი, რომლის გადალახვაც მხოლოდ თავმდაბლობით და თავდადებით შეიძლებოდა. როდესაც უცხოური პრესა საოცარ შედარებებს არ იშურებს შენი ცეკვის შეფასებისა, ეს არა სიამაყეს, არამედ პასუხისმგებლობას გაძლევს. ჩემი მისია სცენაზე ყოველთვის იყო ერთნაირი - კი არ მეთამაშა, არამედ მეცხოვრა. დღემდე მჯერა, რომ მოცეკვავე არასოდეს ცეკვავს მხოლოდ სხეულით - მას სჭირდება სული, რომელიც გადააქვს მაყურებელში.
- ამჟამად ჰოლანდიაში მოღვაწეობთ...
- დიახ, ამსტერდამის ნაციონალური ბალეტი არის სივრცე, სადაც ტრადიცია და თანამედროვე ფორმა ელეგანტურად ერწყმის ერთმანეთს. აქ სიღრმე და ფორმა თანაბრად ფასობს, რაც საშუალებას მაძლევს, როგორც კლასიკურ, ისე ექსპერიმენტულ ნამუშევრებში ვიპოვო ჩემი თავი. ჰოლანდია გახდა ჩემი მეორე სახლი - სივრცე, სადაც ხელოვნებას პატივს სცემენ როგორც სიცოცხლის უმაღლეს გამოვლინებას. ეს არის ადგილი, სადაც ქართულმა სიძლიერემ და ევროპულმა თავისუფლებამ სიმფონიური შერწყმა იპოვეს ჩემში.
- სამშობლოში ტრიუმფი - რამდენად ემოციური იყო თქვენთვის, თქვენს ხალხთან შეხვედრა, როცა ყველა თქვენზე საუბრობს...
- საქართველოში სცენაზე გამოსვლა, ეს არის არტერიის ზუსტად იმ წერტილზე დაჭერა, სადაც გულმა პირველად იფეთქა.
ჩემს ხალხთან შეხვედრა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ორი განსხვავებული საბალეტო სპექტაკლით - ადოლფ ადანის "ჟიზელით" და ლუდვიგ მინკუსის "დონ-კიხოტით" დაბრუნებისას იმდენად ძლიერია, რომ სიტყვებით გადმოცემა ძნელია.
საქართველოში აპლოდისმენტები სხვაგვარად ისმის - თითქოს დრო ჩერდება და სისხლი წინაპრების მელოდიით მოძრაობს. ყველაზე დიდი ტრიუმფი ჩემთვის იყო, როცა ქართველი ბავშვები მოდიოდნენ ჩემთან და მეკითხებოდნენ, - როგორ გავხდეთ შენნაირი მოცეკვავეო?
მაშინ მივხვდი, რომ ტრიუმფი სცენაზე კი არა, გულებშია. და როცა შენი ხალხი გიცნობს არა სახელით, არამედ გრძნობით - ესაა ჭეშმარიტი გამარჯვება. ბოლოს კი მინდა ვთქვა ის, რომ - ყველაზე დიდი მონაპოვარი არის შენი ხალხის სიყვარული. ჩემი თითოეული ნაბიჯი, თითოეული ნახტომი, თითოეული სპექტაკლი, როლი, სადაც არ უნდა ვიყო ეძღვნება ჩემს ქვეყანას და ქართველ ხალხს ვისაც ასე ვუყვარვარ და ვეიმედები. პატივისცემით და სიყვარულით მოვიკითხავ ყველას...