ამერიკელი კანონმდებლები ცდილობენ დაჩქარებული წესით დაამტკიცონ "MEGOBARI აქტი", რაც ექსპერტების ნაწილის შეფასებით, იმას ნიშნავს, რომ ამერიკელ პოლიტიკოსებს იმედი გადაეწურათ, რომ "ოცნების“ ხელისუფლება ევროატლანტიკურ მისწრაფებებს დაუბრუნდება. მას შემდეგ, რაც კონგრესმა ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო "მეგობარი აქტი“, კანონმდებლებმა 48 საათის შემდეგ ის სენატში გაგზავნეს. როგორც კი წარმომადგენლობითი პალატა და სენატი შეთანხმდებიან მეგობარი აქტის საბოლოო დოკუმენტზე, ამის შემდეგ ის სენატის გაერთიანებულ სხდომაზე დამტკიცდება და საბოლოოდ ხელმოსაწერად პრეზიდენტ ტრამპს გადაეგზავნება.
6 მაისს აშშ-ის კონგრესის ქვედა წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო "MEGOBARI აქტი“ - "საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი“.. კანონის მისაღებად 218 ხმა იყო საკმარისი, თუმცა საქართველოსთან დაკავშირებულ კანონპროექტს, რომელიც სანქციების დაწესებას ითვალისწინებს "ქართული ოცნების“ ხელისუფლებისათვის, ჯამში მხარი დაუჭირა 349-მა კონგრესმენმა, წინააღმდეგი იყო 42, 42-ს კი ხმა საერთოდ არ მიუცია (კანონპროექტის მხარდამჭერი კონგრესმენიდან 168 რესპუბლიკელია, 181 - დემოკრატი).
ერთი მხრივ, კანონპროექტი ითვალისწინებს დემოკრატიულ უკუსვლასა და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ინტერესების გატარებაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას, მეორე მხრივ კი, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კორექტირების შემთხვევაში, დებს საქართველოსთან აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობის პირობას.
წარმომადგენელთა პალატაში "მეგობარი აქტის“ 80%-იანი მხარდაჭერით მიღების შემდეგ, აქტის თანაავტორმა, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა საქართველოში "ბიძინა ივანიშვილის სახელმწიფოს მიტაცებაში ხელშემწყობთა სია“ გამოაქვეყნა.
"ქვემოთ ჩამოთვლილი პირები ეხმარებიან ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ჩრდილოვან მმართველს საქართველოს სახელმწიფოს მიტაცებაში და ქვეყნის ჩინეთის, ირანისა და რუსეთისათვის დაქვემდებარებაში“, - წერია კონგრესმენ უილსონის მიერ 6 მაისს პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ წერილში.
ჯო უილსონის სიაში არიან "ქართული ოცნების“ მთავრობის, პარლამენტის, საქართველოს სასამართლო სისტემის, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტისა და ბიზნესის წარმომადგენლები.
"მხარი დაუჭირეთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, თუ არადა, მოიმკით შედეგებს“, - მიმართავს ჯო უილსონი "ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.
“მტრული აქტი”, “უსამართლო აქტი”, "უმადურობის აქტი“ – “ქართულმა ოცნებამ” სხვადასხვა სახელი შეურჩია აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცებულ დოკუმენტს, რომელიც თანდათან სულ უფრო უახლოვდება კანონად ქცევის ეტაპს.
მთავრობის მეთაური, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ "მეგობარი აქტის“ მიღება "ამ კონკრეტულ შემთხვევაში“ იყო "დიფ სთეითის“ გამარჯვება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაზე:
"გრძელდება ბრძოლა ტრამპსა და "დიფ სთეითს“ შორის. როდესაც ხდება ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ეს ნიშნავს, რომ იმ კონკრეტულ მომენტში "დიფ სთეითმა“ სძლია ტრამპის ადმინისტრაციას... გვაქვს ჯერ კიდევ ოპტიმისტური მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია დაამარცხებს "დიფ სთეითს“. ამ შემთხვევაში დალაგდება ურთიერთობები საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის“.
ცნობისათვის: "MEGOBARI Act"-ი მოიცავს არაერთ მიმართულებას:
აშშ-საქართველოს ურთიერთობის სრულ გადახედვას, დახმარების ყველა პროგრამის ჩათვლით;
ქართველი ხალხის მხარდაჭერის აღიარებას კონსტიტუციით განმტკიცებული ვალდებულების - ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ;
აშშ-ის პრეზიდენტისთვის მოთხოვნას, დაუწესოს სანქციები "ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებსა და მათ მოკავშირეებს, რომლებიც ჩართული არიან კორუფციაში, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ჩასაშლელად, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართული არიან სხვა კორუფციულ ქმედებებში, საქართველოში სტაბილურობის საზიანოდ;
ხალხთა შორის კავშირებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, როდესაც საქართველო შესაბამისობაში იქნება საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნებთან;
მხარდაჭერის გამოხატვას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რუსეთის განგრძობადი და უკანონო ოკუპაციის პირობებში;
მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა, რომელიც იცავდა ქართველ ხალხსა და საქართველოს კონსტიტუციას "ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან ბოროტად გამოყენებისგან.
"MEGOBARI აქტის" მნიშვნელობაზე, იმაზე, თუ როგორ აისახება ის აშშ-საქართველოს ურთიერთობაზე და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის მომავალზე, ambebi.ge-ს დიპლომატი და ყოფილი ელჩი რუსეთის ფედერაციაში ვალერი ჩეჩელაშვილი ესაუბრა:
- "მეგობარი აქტი“ დაახლოებით ერთი წელიწადია კონგრესის კულუარებში განიხილება და მისი მიღება სავსებით მოსალოდნელი იყო (მანამდე ის როგორც კონგრესში, ასევე სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დაამტკიცეს). უნდა აღვნიშნოთ, რომ აქტი შედეგება 2 ნაწილისგან. პირველი ნაწილი საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში ხდება დემოკრატიის დაკნინება და ამასთან დაკავშირებით არის გათვალისწინებული მთელი რიგი ზომები, მათ შორის, როგორც თვითონ აქტშია ფორმულირებული, სანქციების და მოგზაურობის აკრძალვის შემოღება იმ პირთათვის, რომლებიც საქართველოში დემოკრატიულ წინსვლას არღვევენ. ამასთან დაკავშირებით დასანქცირებულთა დაახლოებითი სიაც ვიცით, ბატონმა უილსონმა გამოაქვეყნა. აქტში ხაზგასმულია ის, რომ საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაცია არის ძალზე მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონული უსაფრთხოებისთვის და რეგიონში აშშ-ს ინტერესებისთვის. ასევე, იქ არის მითითება იმაზე, რომ უნდა ჩამოყალიბდეს სპეციალური ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს საქართველოში დემოკრატიული პროცესებისა და საერთოდ, დემოკრატიული სივრცის განვითარებას და განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმას, რომ საქართველოში არჩევნები თავისუფალ, კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს, ის ნამდვილად იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ "მეგობარი აქტის“ მეორე ნაწილი არის პოზიტიური გზავნილებით დახუნძლული და იქ ნათქვამია, რომ თუ საქართველოში დემოკრატიული წინსვლა განახლდება, მაშინ საქართველოს შეთავაზება 4 ძირითადი მიმართულებით ახალი შესაძლებლობები, ესენია: შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმი, სავიზო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაცია და გამარტივება, ახალი, განსაკუთრებული ეკონომიკური და მოდერნიზაციის პაკეტი და რაც მთავარია და მნიშვნელოვანი, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დახმარების გაძლიერება - ეს მიმართული იქნება რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალებაზე. ასევე, აქტის პირველ ნაწილში (სადაც სასანქციო პოლიტიკაზეა საუბარი) აღნიშნულია, რომ აშკარაა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა და ამის გამო საქართველოს მთავრობის მოქმედებების განსაკუთრებული ანალიზი უნდა მოხდეს და გამოაშკარავდეს მისი კავშირები რუსეთთან და სხვა ავტოკრატიულ რეჟიმებთან.
- "ქართული ოცნების“ რიტორიკაზე რას იტყვით - “მტრული აქტი”, “უსამართლო აქტი”, "უმადურობის აქტი“ – სხვადასხვა ეპითეტებით შეამკო აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცებული “მეგობარ აქტი”...
- ეს რიტორიკა - "გლობალური დიფ სთეითი“, "მტრული აქტი“ და სხვა, გასაგებია და გამოდის, რომ ამერიკის კონგრესში ახლა არის 349 "დიფ სთეითის წარმომადგენელია, საიდანაც ნახევარი რესპუბლიკელია და ნახევარი - დემოკრატი. ეს ნამდვილად არ არის კარგი "ქართული ოცნებისთვის“ ისევე, როგორც ის, რომ ეს აქტი დაუყოვნებლივ გადაეცა დასამტკიცებლად სენატს. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი, რომ ამერიკელი კანონმდებლები დროის რაღაც სივრცეს მისცემდნენ "ქართულ ოცნებას“ საიმისოდ, რომ მას საკუთარი შიდა და საგარეო პოლიტიკური ქმედებების გადააზრება მოეხერხებინა, თუმცა აქტი უკვე გაიგზავნა სენატში. ვფიქრობ, მატარებელი ბაქნიდან ჯერ სულ მთლად არ არის გასული და "ქართულმა ოცნებამ“ მაგ. უახლოეს დღეებში რომ დაიწყოს თავისი საშინაო და საგარეო პოლიტიკის გადახედვა, ანუ გაიწვიოს კანონები, გამოუშვას პოლიტპატიმრები, დანიშნოს ახალი არჩევნები და ა.შ. შეიძლება მაშინ არც იყოს საჭირო ამ "მეგობარი აქტის“ მიღება სენატში. ვნახავთ, რამდენად რეალისტურად აფასებს თავის შესაძლებლობებს "ოცნება“ და თუ ამას არ იზამს, მაშინ დაუყოვნებლივ იქნება მიღებული, არანაირი ეჭვი არ არსებობს იმიტომ, რომ საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა, პრაქტიკულად, ერთხმად დაამტკიცა ეს აქტი, სენატი მას მიიღებს და შემდეგ ბატონი ტრამპიც ხელს მოაწერს.
- თუმცა "ოცნებაში“ იმედიანად არიან, რომ ტრამპი "მეგობარი აქტს“ ხელს არ მოაწერს...
- ჩვენ ხომ ვიცით, რომ რესპუბლიკელებს აქვთ მყარი უმრავლესობა კონგრესში და სენატშიც. ადმინისტრაციას რომ არ სურდეს ამ აქტის მიღება და ხელმოწერა, მაშინ უბრალოდ, არ დაუშვებდა მის განხილვას პლენარულ სხდომებზე, არც კონგრესში და არც სენატში. ეს იყო ძალიან მარტივად გასაკეთებელი და საერთოდ, ორპარტიული მხარდაჭერით ამისთანა უმრავლესობით მიღებული კანონების უგულებელყოფა და პრეზიდენტის მიერ ხელის არ მოწერა, აშშ-ს ისტორიაში ძალიან იშვიათი შემთხვევაა, პრინციპში, ასეთი რამ არც მახსენდება. ეს არის ორპარტიული მხარდაჭერის შედეგი, ამიტომ გულუბრყვილობაა, თუ ვინმე იმედს ამყარებს, რომ ტრამპი ადგება და დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.
- მაინც რატომ ჩქარობს ასე აშშ-ს პოლიტიკური ელიტა, რომელმაც სენატს 48 საათში გადაუგზავნა დოკუმენტი?
- ამაზე მაქვს ორი პასუხი:
1. იმიტომ, რომ ვიდრე დღემდე ამერიკის ხელისუფლება (ეს შეეხება როგორც ბაიდენის, ისე ტრამპის ადმინისტრაციას) ძალიან დიდი მოთმინებით ეპყრობოდა "ქართული ოცნების“ მთავრობას. არ მახსოვს ვის მიმართ იყო ასეთი მომთმენი ამერიკის პოლიტიკა, ბოლო პერიოდში სხვა ასეთ შემთხვევას ვერ ვიხსენებ. ალბათ ეს იმით იყო განპირობებული, რომ ათწლეულების მანძილზე ჩვენ ვიყავით აშშ-ს საყრდენი პარტნიორი რეგიონში და ამას ანგარიშს უწევდნენ, არ უნდოდათ ქვეყნის დაზარალება, მაგრამ ახლა ეტყობა ამოიწურა მათი მოთმინების რესურსი.
2. რაზე მიუთითებს ციტატა, რომელიც მოვიყვანე "მეგობარი აქტიდან", რომ საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონული სტაბილურობისთვის და რეგიონში აშშ-ს ინტერესებისთვის? არავის გვაქვს ილუზია, რომ სამხრეთ კავკასია და საქართველო არის აშშ-ს საგარეო პოლიტიკის უპირველეს პრიორიტეტებში, მაგრამ ისიც ჩანს, რომ სულ მთლად პერიფერიაზეც არ ვართ და ბევრი რამის გამო საქართველოში და რეგიონში ვითარებას სერიოზულად აღიქვამენ ვაშინგტონში. ეს შეიძლება განპირობებულია ახლო აღმოსავლეთის ან ირანის პრობლემატიკით, ან კიდევ შუა დერეფნის მნიშვნელობით და ა.შ. ყოველ შემთხვევაში ჩანს, რომ საქართველო და ზოგადად, სამხრეთ კავკასია გაჩნდა აშშ-ს საგარეო პოლიტიკური ინტერესების რუკაზე, ეს ხედვა აშკარად გამოიკვეთა ბოლო დღეებში, როდესაც წარმომადგენელთა პალატამ დიდი უმრავლესობით მიიღო "მეგობარი აქტი“ და დაუყოვნებლივ გადაეცა სენატს. ახლა ველოდები, რომ ის სწრაფად იქნება დამტკიცებული სენატში, რაც იმას ნიშნავს, რომ "ოცნებას“ ცოტა დრო რჩება იმისათვის, რომ თავის საშინაო და საგარეო პოლიტიკას გადახედოს.
- სანქცია "კომპლიმენტად“ რატომ მიიღო ირაკლი კობახიძემ?
- მარტო კობახიძის შეფასებები არ გვესმის, მათი ზოგიერთი წარმომადგენელი უკვე ძალიან წუხს ამის თაობაზე, მაგრამ რომ გავიგოთ, რას ნიშნავს, ეს სანქციები საკუთარ თავზე უნდა მოვიზომოთ. მაგ. ჩვენ რომ ვინმემ აგვიკრძალოს საზღვარგარეთ მოგზაურობა და საბანკო, ვიზა და მასტერქარდის ბარათების გამოყენება, ნებისმიერი ადამიანისთვის ეს დისკომფორტი და რთული იქნება, რაც მეტი ფული აქვს ადამიანს, მით უფრო მტკივნეულია მისთვის სანქციები და გარწმუნებთ, რომ ბატონ ირაკლის და დანარჩენებს "ოცნების“ ხელმძღვანელობიდან, გაცილებით მეტი ფული აქვთ, ვიდრე მე და თქვენ.
- საბოლოოდ, როგორ აისახება "მეგობარი აქტი“ საქართველო-აშშ-ს სამომავლო ურთიერთობებზე?
- იქნება სანქციები, კრიზისული პერიოდი, მაგრამ ჩვენ ამას აუცილებლად გადავლახავთ, საქართველოში დემოკრატია გაიმარჯვებს და დავუბრუნდებით აშშ-სთან სრტრატეგიულ პარტნიორობას, რაც გამაგრდება პარტნიორობით ევროკავშირთან და ნატოსთან, მივიღებთ შესაბამის უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტიებს, ძალიან მკაფიო ეკონომიკური განვითარების წინაპირობები ჩამოყალიბდება და სულ სხვა განვითარების პერსპექტივები გაგვეხსნება. საბოლოო ჯამში, ვითარებას მხოლოდ ოპტიმისტურად ვაფასებ. ვიდრე დადგება ეს პერიოდი, ჩვენ კრიზისის გადალახვა მოგვიწევს. აშშ-ს ამისთანა განწყობა, ვფიქრობ, ასევე ხელს შეუწყობს, ოპოზიციის კონსოლიდაციას. ვნახოთ, დავაკვირდეთ, არც იმას გამოვრიცხავ, ოპოზიციურ ველზე აბსოლუტურად ახალი მოთამაშეები გამოჩნდნენ, ეს ძირითადად ახალგაზრდულ მოძრაობებს უკავშირდება, რაც ძალიან კარგი იქნება - ოპოზიციური ველის პალიტრა თუ გამდიდრდა, ამას დავინახავთ, მაგრამ ის, რომ აშშ-ს უკვე მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული საკუთარი პრიორიტეტები რეგიონში და საქართველოსთან მიმართებაში, ეს მკაფიოა. ნუ დავივიწყებთ, რომ აშშ მსოფლიოში ნომერ პირველი გლობალური მოთამაშეა, ყველაზე ძლიერი ძალა, რომელსაც ყველა უწევს ანგარიშს - ჩვენი პარტნიორებიც და მტრებიც (პირველ რიგში, რუსეთი მაქვს მხედველობაში). თვითონ ტრამპიც ამბობს იმას, რომ მისი პრეზიდენტობის დროს დიდი ომი არავის დაუწყია, რუსეთი მას სერიოზულ ანგარიშს უწევს და ვფიქრობ, "ქართული ოცნების“ რიტორიკა - "ომი გინდა“, "მშვიდობა“ და სხვა მოძველდა, რადგან ტრამპის ხომ სჯერათ "ოცნებაში“ და თუ სჯერათ, ის ამბობს, რომ რუსი ახალ ომს ვერ დაიწყებს იმიტომ, რომ ანგარიშს უწევს ტრამპს. ჩვენც გვჯერა ტრამპის ადმინისტრაციის და ამიტომ ომი აღარ გვემუქრება, ყველანი შეიძლება ვიყოთ წყნარად და მივხედოთ საკუთარ თავს და დემოკრატიას.