"მწერალმა მიხეილ ლოხვიცკიმ წიგნი - "ჯადოქარი" მიუძღვნა ჩემს დიდ პაპას - გიორგი თაქთაქიშვილს" - ამბობს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი.
- ბატონო ლევან, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში იხსენებდით, მამამ - თამაზ თაქთაქიშვილმა რომ ლეილა აბაშიძეს უზარმაზარი ვარდების თაიგული უსახსოვრა...
- დიახ, ლეილა აბაშიძე! მისი გამოჩენა და მამაჩემი ტელევიზორს მონუსხული უყურებდა! მას მსოფლიოში საუკეთესო მსახიობად თვლიდა! მერლინ მონრო ვინ არის, როცა ლეილა აბაშიძე არსებობსო! ერთი ამბავს მომიყვა ბიძაჩემი: ლეილა აბაშიძე თურმე ბორჯომში ისვენებდა, მაშინ მამაჩემი უცოლო, ახალგაზრდა ბიჭი იყო. დაადგინა, რომელ სასტუმროში იყო, დილას ბებიაჩემის ულამაზესი ვარდის ბაღი „სეკატორით“ გადაჭრა და ასამდე ვარდით შეკრული უზარმაზარი თაიგული მიართვა! დიდი მადლობა გადაუხდია ლეილას, გვარი და სახელი უკითხავს. ერთი თვის თავზე მამა ბორჯომის ფოსტაში დაუბარებიათ და ლეილა აბაშიძის ფოტო გადასცეს. კონვერტზე ეწერა: ბორჯომი. თამაზ თაქთაქიშვილს! საუკეთესო სურვილებით ლეილა აბაშიძე!" წარმოიდგინეთ, კონვერტზე მხოლოდ ბორჯომი, თამაზ თაქთაქიშვილი ეწერა და მამა ასე იპოვეს. მამაჩემს ეს ფოტო შენახული ჰქონდა გოგოლის "ტარას ბულბას“ წიგნში, რომელიც ძალზე უყვარდა, რადგან დედის ნაჩუქარი იყო. დღეს ეს რელიქვიები სახლში მე მაქვს შენახული.
- გვიამბეთ მამას შესახებ..
- მამა - თამაზ თაქთაქიშვილი პროფესიით სოფლის მეურნეობის მუშაკი იყო. სოფლის მეურნეობის მექანიზაციის და ელექტროფიკაციის ინსტიტუტში მუშაობდა, რომელიც სოფელ დიღომში მდებარეობდა. ცხოვრების დიდი ნაწილი ამ ინსტიტუტში გაატარა, დირექტორის მოადგილე იყო სამეურნეო ნაწილში. ბორჯომის რაიონიდან გახლდათ, ბორჯომის რაიონის სოფელ რველში საკუთარი სახლი ახლაც გვაქვს. დიდი ვაშლის ბაღი ჰქონდათ, რომელიც მეოცე საუკუნის მიწურულამდე იყო. ახლაც არის, მაგრამ გავერანებული. ბაღი ორ ჰექტარზე მეტი იყო, ვაშლი რეკორდულ მოსავალს იძლეოდა...
1946 წელს გორში ვაშლის ნერგები გაზაფხულზე მოიყინა და ამიტომაც იმ წელიწადს ვაშლის მოსავალი გორში არ იყო. არადა ყოველწლიურად უნდა გაეგზავნათ სტალინისთვის კრემლში გორული ვაშლი. ამიტომ იმ წელს თაქთაქიშვილების ბაღიდან გაუგზავნეს. საგანგებოდ მოიყვანეს მკრეფავები, ალყა შემოარტყა ბაღს დაცვამ, სამხედროებმა და ეს ვაშლი მთლიანად შეისყიდეს. ყოველ ვაშლს სპეციალურ ქაღალდში ახვევდნენ, რომელზეც ნამგალი და ურო ეხატა. პაპაჩემმა მოითხოვა თურმე მკრეფავებს ფრჩხილები დაეჭრათ, ვაშლი რომ არ დაეზიანებინათ, რაც შეასრულეს კიდეც. მამამ ახალგაზრდობა ბორჯომში გაატარა. მოგეხსენებათ, ბორჯომში ცნობილი მოღვაწეები ხშირად ჩადიოდნენ - მწერლები, მსახიობები, კომპოზიტორები და ასე შემდეგ...
პაპაჩემთან სტუმრობდნენ - გერონტი ქიქოძე, ივანე ჯავახიშვილი, თედო სახოკია... პაპაჩემის ბაღში ბავშვებიც მიჰყავდათ სკოლებიდან, ყველას უხაროდა იქ მისვლა. მამაჩემმაც და ბიძაჩემმაც გააგრძელეს შემდეგ ეს ტრადიცია... ცნობილი ადამიანები კვლავ სტუმრობდნენ ჩვენს ბაღს - ოთარ თაქთაქიშვილი, შალვა და გიორგი თაქთაქიშვილები, მანანა ახმეტელი, მანანა გაბაშვილი, ჩუბინიშვილები, ჟურნალ „აგანიოკის“ სპეციალურმა კორესპონდენტმა საქართველოში - ია მესხმა რეპორტაჟი მიუძღვნა ამ ბაღს. დღეს შეიძლება ვიღაცას გაეცინოს, მაგრამ მაშინ ერთ-ერთი ცენტრალური ჟურნალი იყო, მილიონობით მკითხველი ჰყავდა და იქ მოხვედრა უზარმაზარ რამეს ნიშნავდა, მთელი სოფელი ამაყობდა ამ ამბით. პაპაჩემმა, ჩვენმა ოჯახმა დიდი როლი ითამაშა ამ სოფლის შენარჩუნებისთვის. 1944 წელს რომ ადიგენიდან უამრავი თურქი-მესხი გაასახლეს, მათ მაგივრად ჩაასახლეს ადიგენის რაიონში იმერლები, გურულები... ჩვენი სოფლიდანაც სურდათ ხალხის გასახლება, მაგრამ რადგან პაპაჩემს ბაღი ჰქონდა და კოლმეურნეობასაც პატრონობდა, (კოლმეურნეობას დიდი ბაღი გაუშენა), ამან გადაარჩინა გასახლებას. მართალია კოლმეურნეობიდან გარიცხეს 72 წლის მოხუცი, მაგრამ ბაღს მაინც პატრონობდნენ.
- რატომ დაერქვა წიგნს "ჯადოქარი"?
- მწერალმა მიხეილ ლოხვიცკიმ წიგნი - "ჯადოქარი“ მიუძღვნა ჩემს დიდ პაპას - გიორგი თაქთაქიშვილს. წიგნს ასეთი სახელწოდება იმიტომ ჰქონდა, შრატის გამოგონებამდე, 1970-იან წლებამდე თაქთაქიშვილები გველის ნაკბენის წამალს ამზადებდნენ და როგორც თურმანიძეები იყვნენ ცნობილები დამწვრობის საწინააღმდეგო წამლის დამზადებით, თაქთაქიშვილებიც ძალიან ცნობილი იყვნენ გველის ნაკბენის მკურნალობით. მათი წამალი გველის ნაკბენს შველოდა, ადამიანი არ კვდებოდა. გალაკტიონ ტაბიძეც წერდა, თაქთაქიშვილები გველის ნაკბენს შველიან, რაღაც შელოცვებიც აქვთო.. როდესაც შრატი გამოიგონეს, შრატმა შეცვალა და აღარავის ჭირდებოდა, მაგრამ დღესაც თუ დასჭირდებათ, ვუმზადებთ...
- მამას ბორჯომში ყველა იცნობდა, ცნობილ ადამიანებთან მეგობრობა აკავშირებდა...
- დიახ, მამა, ბიძა, პაპა, პაპის ძმა და რა თქმა უნდა დიდი პაპა - გიორგი თაქთაქიშვილი, ისეთები იყვნენ მთელ ბორჯომის რაიონში ყველა იცნობდა. ოჯახს დიდი ფულიც ჰქონდა. მამას ამის გამო კურიოზიც გადახდა... ბაღში რა შემოსავალიც ჰქონდათ, ბანკში შეტანა არ შეეძლოთ. რადგან დაინტერესდებოდნენ საიდან მოდიოდა ამხელა ფული. როგორც კი შვილიშვილი, მამაჩემი 18 წლის გახდა, მამაჩემის ანგარიშზე დიდი თანხა შეიტანეს. მამაჩემი მივიდა, სურდა ეს თანხა გამოეტანა და მანქანა შეეძინა. ცხადია ასე პატარას იმხელა თანხას არავინ გამოატანდა, რველის გამგეობაში დარეკეს, ბავშვს დიდი თანხა გააქვსო და მიცვივდნენ პაპაჩემი, ბებიაჩემი... ასეთი ტიპი იყო და თავის კურიოზებით, თავგადასავლებით მთელი ბორჯომი იცნობდა. კოლორიტებთან მეგობრობდა, ყველას ძალიან უყვარდა. თუმცა ცოტა შარიანიც იყო, ეს ხუმრობით... მის ბევრ მეგობრებს შორის მსახიობებიც იყვნენ. მედეა ბიბილეიშვილი რომ გარდაიცვალა მის გარდაცვალების შესახებ გაზეთიდან შეიტყო. მახსოვს, გაზეთს რომ კითხულობდა, ცრემლები მოსდიოდა... ახლოს იცნობდა ბევრ ცნობილ ქალბატონს. ლიკანშიც ძალიან ბევრი მეგობრები ჰყავდა. მე რომ დღეს წიგნი მიყვარს, ეს მისი დამსახურებაა. 12 წლის რომ გავხდი, მთელი მისი ბიბლიოთეკა ჩამაბარა, მის შემდეგ გავაფართოვე და ვუვლი.