Amazon-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა გაამჟღავნა ჯეფ ბეზოსის ერთ-ერთი "საყვარელი" კითხვა, რომელსაც ის სამსახურის გასაუბრებებზე კანდიდატებს უსვამდა. დენ როუზმა ასევე ისაუბრა პასუხზე, რომელსაც ბეზოსი ელოდა და სხვა პასუხებზე, რომლებიც გარანტირებულად ნიშნავდა, რომ კანდიდატი ბეზოსთან მუშაობას ვერ დაიწყებდა.
Amazon-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა განმარტა, რომ ბეზოსი ამ უჩვეულო კითხვას იყენებდა იმის გასარკვევად, იყო თუ არა კანდიდატი "თავმდაბალი", "ოპტიმისტი" და ისეთი პიროვნება, ვინც "წარმატებას იზიდავდა".
"როდესაც 1999-2006 წლებში Amazon-ში ვმუშაობდი, ჯეფ ბეზოსის საყვარელი კითხვა იყო "ხართ თუ არა იღბლიანი ადამიანი?" ეს შესანიშნავი გზაა ოპტიმისტებისა და წარმატების მომტანი ადამიანების გასაფილტრად," - განაცხადა დენმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
"თუ წარმატებული, ოპტიმისტი, თავმდაბალი ლიდერი ხართ, სწორი პასუხი ასე იწყება: "დიახ, მე ვარ ყველაზე იღბლიანი ადამიანი დედამიწაზე. ბევრი ვიმუშავე, რომ კარიერაში ამ წერტილამდე მიმეღწია, მაგრამ ამისთვის ბევრი რამ სწორადაც უნდა მომხდარიყო და ჩემი იღბალი სრულად გამოვიყენე".
დენმა, რომელმაც მოგვიანებით Facebook 130-კაციანი ბიზნესიდან 35,000-თანამშრომლიან კომპანიად აქცია, აგრეთვე გაამჟღავნა პასუხები, რომლებიც ბეზოსის მიერ კანდიდატების უარყოფას გამოიწვევდა.
"ორი არასწორი პასუხი: 1) არა, მე არასდროს მიგრძნია თავი იღბლიანად, მაგრამ შევძელი ყველა იმ ცუდი რამის გადალახვა, რაც ყოველთვის მემართება; 2) არა, მე არასდროს მჭირდებოდა იღბალი, რადგან მე ყველაზე უკეთესი/ჭკვიანი/ძლიერი ვარ."
Amazon კორპორატიული გუნდის დაქირავებისას გულმოდგინე რეკრუტინგის სტრატეგიებითაა ცნობილი.
ყოფილმა თანამშრომლებმა და იმათ, ვინც ტრილიონიან კორპორაციაში შეიტანა სხვადასხვა პოზიციაზე განაცხადი, აღნიშნეს, რომ მრავალი ინტერვიუს გავლა უწევდათ, ზოგიერთი კი რამდენიმე საათის ან მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
მამაკაცმა, რომელიც Amazon-ში ადრეულ ეტაპზე მუშაობდა, დიდი ხნით ადრე, სანამ ბეზოსი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი გახდებოდა, თქვა, რომ ის "საკუთარი ხელებით მომუშავე ლიდერი" იყო.
56 წლის სტივ იეგმა Amazon-ში მუშაობა 1998 წელს დაიწყო. ის გუნდს ტექნიკური პროგრამის მენეჯერის ამპლუაში ოთხი წლის შემდეგ შეუერთდა, რაც ბეზოსმა კომპანია თავისი გარაჟიდან დაიწყო.
Business Insider-თან საუბრისას, მან დაამატა, რომ ჯეფი იმდენად იყო "მისიაზე ფოკუსირებული", რომ ზოგჯერ ოფისში არსებულ პრობლემებს ყურადღებას არ აქცევდა.
"მას, როგორც ჩანს, მხოლოდ საკუთარი მისია აინტერესებდა," - თქვა სტივმა.
"როგორც კი შენობაში შეხვიდოდით, ჰაერში ელექტრობა იგრძნობოდა. გრძნობდით, რომ რაღაც ძალიან დიდი ხდებოდა - ამ ყველაფრის გულში კი ჯეფი იდგა".
მისივე თქმით, "წნეხი" და მოლოდინი დიდი იყო, "რომ ყველას მუდმივად უნდა ემუშავა."
"ადამიანები თავს არიდებდნენ შვებულების თხოვნას. ზოგიერთი თანამშრომელი ამის გამო სხვებს საყვედურობდა. ჩემი მეგობარი საკუჭნაოში მუშაობდა, რადგან ეს იყო ერთადერთი ადგილი, სადაც მაგიდა იდგა. თუმცა, ჯეფს ახასიათებდა მაგნეტიზმი, რომელიც შეუცდომელი იყო. მასთან მუშაობა არასდროს ყოფილა რთული, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ძნელი იყო მის სუპერ-მაღალ მოლოდინებთან გამკლავება."