თუ საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას, ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ერთად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„საქართველოს და ევროკავშირს წარმატებული პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ. ამ ურთიერთობამ საქართველოს ბევრი სიკეთე მოუტანა. ევროკავშირს ბევრი აქვს გაკეთებული თქვენს სოფლებსა და ქალაქებში. მესამე წელია მაქვს პატივი თქვენთან ერად აღვნიშნო ევროპის დღე. 2023 წელს ევროკავშირმა საქართველოს ევროპული კარი გაუღო და ის გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი.
ახლა საქართველოს დემოკრატია საფრთხეშია. ევროპული ოჯახის წევრობა არის შესაძლებლობა საქართველოსთვის. ის ეფუძნება ხალხისა და სახელმწიფოს სუვერენულ არჩევანს. ევროკავშირის წევრობა ნიშნავს მშვიდობას და კეთილდღეობას. ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი კი ნათელია. თუ საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას, ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ერთად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ“, -განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
კითხვაზე, რატომ არ მიიწვიეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვარშავაში, კანდიდატი ქვეყნების მინისტრების არაფორმალურ შეკრებაზე, ელჩმა უპასუხა:
"ვწუხვარ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არის დღევანდელი რეალობა, რომ სულ უფრო მეტი მოვლენა ხდება, მნიშვნელოვანი მოვლენები, მათ შორის ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, სადაც საქართველო არ არის წარმოდგენილი. ეს გამოწვეულია იმ ქმედებებით, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა საქართველოს ხელისუფლების მიერ. ეს უკიდურესად სამწუხაროა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არის საქართველოსთან დღევანდელი ურთიერთობების რეალობა“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.