ავტორი:

"მე და დათოს მოგვბეზრდა ერთმანეთი, გადავიღალე ოჯახური ვალდებულებებით... განქორწინების შემდეგ ბინა მე გადმომიფორმა" - დათო დარჩია ყოფილი ცოლის გულახდილი ინტერვიუ

"მე და დათოს მოგვბეზრდა ერთმანეთი, გადავიღალე ოჯახური ვალდებულებებით... განქორწინების შემდეგ ბინა მე გადმომიფორმა" - დათო დარჩია ყოფილი ცოლის გულახდილი ინტერვიუ

ცნობილი მსახიობის, დათო დარჩიას ყოფილი მეუღლე, ვიქტორია ბუხნიკაშვილი გულახდილად საუბრობს ჟურნალ "სარკესთან" თავის ცხოვრებაზე. ოჯახი, ორი შვილი, თითქმის 25-წლიანი თანაცხოვრება და მოულოდნელი განქორწინება - ეს მხოლოდ ნაწილია იმ ამბისა, რომელსაც ქალბატონი ვიქტორია მკითხველს უზიარებს. წლების განმავლობაში მისი განსაკუთრებული ტორტები ამშვენებდა თბილისის ელიტურ წვეულებებს, ახლა კი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადის და ძმასთან ერთად საკუთარი საკონდიტროს გახსნას გეგმავს. ინტერვიუში ვიქტორია იხსენებს დათო დარჩიასთან გაცნობის ისტორიას, საუბრობს მათ ურთიერთობაზე განქორწინების შემდეგ და იმ მოტივებზე, რამაც მიიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე

- თითქმის 25 წელი იყავით ერთად, საუკეთესო წყვილად ითვლებოდით, ამიტომ ბევრისთვის მოულოდნელი იყო თქვენი განქორწინების ამბავი...

- წლებთან ერთად რაღაცები იწურება, მაგრამ ჩვენ მეგობრებად დავრჩით. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ის დედასთან ცხოვრობს, მე ცალკე ვარ. ეს ბინა დათომ მე მაჩუქა.

- თქვენ თუ შვილებს?

- არა, პირადად მე მაჩუქა. ადგა და ბინა გადმომიფორმა.

- მიუხედავად იმისა, რომ გაშორებულები ხართ, მაინც გკითხავთ, როგორი იყო თქვენი გაცნობის ისტორია...

- ჩვეულებრივი, თეატრალურის ბუფეტში გავიცანით ერთმანეთი. თავიდანვე მომეწონა, ჩანდა, რომ ნიჭიერი ბიჭი იყო. მერე მისი სპექტაკლი ვნახე და გადავირიე. ერთმანეთი რომ გავიცანით, ისე აეწყო, სიყვარულიც მოვიდა. ბოლოს ერთ მშვენიერ დღეს დავრჩი დათოსთან სახლში. მაშინ 20 წლის გოგონა ვიყავი, დათო 24 წლის იყო.

ამ წლების განმავლობაში ჩვენ ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. ურთიერთობაში პრობლემა არ გვქონია. თავიდან რატომღაც ასე გადავწყვიტე, რომ დათოსთვის ხელი შემეწყო.

- მაგრამ ამ წლების განმავლობაში აკეთებდით იმ საქმეს, რომელიც გიყვარდათ...

- კი ასეა, თავიდანვე ვიცოდი, რომ ჩარჩოში მოქცეული ვერ ვიმუშავებდი. დილით სამსახურში წავსულიყავი და საღამოს სახლში მოვსულიყავი, ეს ჩემი სტილი არ იყო. 7 წელი ვაცხობდი ტორტებს. ორი დღე ვუნდებოდი. პირველ დღეს ბისკვიტებს ვაცხობდი, მეორე დღეს ვაფორმებდი.

- შვილები რას საქმიანობენ?

- ელენე ყველაფერში ნიჭიერი გოგონაა, მამას უფრო ჰგავს, ვიდრე მე. გორის თეატრშიც მუშაობს და მოზარდ მაყურებელთა თეატრშიც. გუგა უფრო მე მგავს, მიუნხენში ცხოვრობს და სარეჟისოროზე აბარებს. აქ პატარა სპექტაკლიც გააკეთა.

- შვილები საკმაოდ დიდები იყვნენ, როდესაც თქვენ და დათო დაშორდით ერთმანეთს.

- მე და დათო 25 წელი ვიყავით ერთად. 2019 წელს დავშორდით. ჩემს შვილებს მამა უფრო უყვართ, ვიდრე დედა. მაგრამ ამაზე არ ვბრაზდები. წასვლის ინიციატორი მე ვიყავი.

- მესამე პირი გამოჩნდა თქვენს შორის?

- არა, მესამე პირი მიზეზი არ არის. მიზეზი ის არის რაც მანამდე ხდება ოჯახში. ჯერ ოჯახში ხდება რაღაც და შემდეგ ჩნდება მესამე პირი. ოჯახები არასოდეს ინგრევა მესამე პირის გამო. ოჯახები ჯერ შიგნიდან ინგრევა, მერე ვიღაცები ჩნდებიან.

ჩვენს შორის მესამე პირი არ ყოფილა. უბრალოდ მოხდა ისე, რომ ძალიან დიდხანს ვიყავით ერთად და მოგვბეზრდა ერთმანეთი. ბევრი ოჯახი მინახავს ერთად ცხოვრობენ, მაგრამ ერთმანეთს ჭამენ. ახლა რომ ვუფიქრდები, ადამიანმა ოჯახი 40 წლის შემდეგ უნდა შექმნას.

მოდით, ასე ჩამოვყალიბდეთ. მე საკუთარი თავი ავირჩიე, ბავშვები უკვე დიდები არიან და მინდა ვიცხოვრო ისე, როგორც მე მსურს. აუცილებელი არ არის მეუღლე გყავდეს. შეიძლება მეგობარი გყავდეს. ძალიან კარგად ვარ მარტო.

დათოსთან როცა ვცხოვრობდი, იმდენად დიდი პასუხისმგებლობა მქონდა, რომ ვერ გადმოგცემთ. დილას ადრე ვდგებოდი, საუზმეს ვუმზადებდი. საღამოს თეატრიდან რომ მოდიოდა, საჭმელს ვახვედრებდი.

წყვილი თავისუფალი უნდა იყოს. აუცილებელი არ არის შტამპი პასპორტში. თუ ხელი გაქვს მოწერილი, არ წავა? საყვარელს არ გაიჩენს? მე ძალიან გადავიღალე ოჯახური ვალდებულებებით და ცალკე ვარჩიე ცხოვრება. როცა მინდა ავდგები, როცა მინდა ყავას დავლევ, განვმარტოვდები, წავიკითხავ. ჩემი სამყარო მაქვს, ასე რომ, ჩემი თავი ავირჩიე.

- დათოს სცენაზე დაემართა ინფარქტი, ავად რომ იყო, თქვენ უვლიდით?

- ორი ოპერაცია გადაიტანა, ჯერ სტენტირება გაიკეთა, შემდეგ შუნტირება. მიუხედავად იმისა, რომ გაშორებულები ვიყავით, ავადმყოფობის დროს გვერდით ვედექი და ვუვლიდი. დათოს ყოველთვის გვერდით დავუდგები. ჩვენ დღესაც მეგობრები ვართ.