ავტორი:

გამარჯვებამდე 2 თვით ადრე შეწყვეტილი სიცოცხლე: 23 წლის ბიჭის დატოვებული ლიტერატურული მემკვიდრეობა - ვინ იყო ვაჟიკა ფხოველი?

გამარჯვებამდე 2 თვით ადრე შეწყვეტილი სიცოცხლე: 23 წლის ბიჭის დატოვებული ლიტერატურული მემკვიდრეობა - ვინ იყო ვაჟიკა ფხოველი?

თიანეთის რაიონის სოფელ საყდრიონში, შუა საუკუნეების ეკლესიის სიახლოვეს, მე-2 მსოფლიო ომში დაღუპულთა ობელისკის მიმდებარედ, ახალი ტრაფარეტია, წარწერით: ვაჟიკა ფხოველის ქუჩა. ადგილობრივებმა კარგად იციან ვინ იყო ომში დაღუპული 23 წლის პოეტი, რომლის შემოქმედებითი მემკვიდრეობის ნაწილმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. ბედის უკუღმართობით და გარკვეული გარემოებების შედეგად, მისი მხოლოდ ერთი ფოტო შემოგვრჩა, ისიც გაცრეცილი...

ვაჟიკა ფხოველი ლიტერატურული ფსევდონიმია დიმიტრი ცალხელიშვილის, რომელიც 1922 წელს, სოფელ საყდრიონში იოსებ ცალხელიშვილისა და ლიზა ბექაურის ოჯახში დაიბადა. ის უფროსი იყო მათ სამ შვილს შორის, ამასთანავე, გამორჩეულად ნიჭიერი.

გარკვეული პერიოდის მერე ოჯახი თბილისში გადავიდა საცხოვრებლად, ვაჟიკამაც დედაქალაქის 30-ე სკოლა დაამთავრა. როგორც მისი სიყრმის მეგობარი, აწ გარდაცვლილი ვახტანგ გორგანელი იხსენებდა, ბიჭს ადრეული ასაკიდანვე განსაკუთრებით იტაცებდა ლიტერატურა და ისტორია, ლექსების წერაც ადრე დაიწყო, მოწაფეობის დროს. უკვე წამოზრდილმა კი თურმე ფეხით შემოიარა ფშავ-ხევსურეთის ყველა ციხე, ნანგრევი და სალოცავი...

"გულისტკივილით ვიგონებ სიყრმის მეგობარს ვაჟიკა ფხოველს, კვლავ თვალწინ მიდგას მისი სახე, ასე მგონია, სადაცაა შემომიღებს კარს, მაგრამ ვაი, რომ ახლა მას შინმოუსვლელი ჰქვია. არადა, რა არაჩვეულებრივი ახალგაზრდა იყო, ნიჭიერი, გულმართალი, უღალატო, პირდაპირი, მუდამ კარგის მაძიებელი და უშეღავათო შემფასებელი. მასთან საუბარიც და კამათიც ერთ რამედ ღირდა... მისი პირველი სტრიქონები საბავშვო ჟურნალ "ოქტომბერში" გამოქვეყნდა, მერე "გაზეთ "ნორჩი ლენინელში"... ერთი ლექსი ჟურნალ "ჩვენს თაობაშიც" დაისტამბა. ის ნელ-ნელა მიიკვლევდა გზას, მაგრამ... მე ახლაც ზეპირად მახსოვს მისი ლექსის სტრიქონები:

"მზე გადიხარა, დაგრძელდნენ ტანით

გაშლილ მწვანეზე ჩრდილები ხეთა,

ვით პომპეუსი, საღამოს ჟამი

მტკვარის ხეობით მოადგა მცხეთას"...

ანდაც ეს:

"ღამე იყო მთას ეხურა ბინდი,

ნისლი იწვა საბადურის ველზე,

ღრუბლიან ცას მთვარე, როგორც მშვილდი

ღრუბლებს შიგნით ეხვეოდა ყელზე..."

ბევრი ასეთი სულში ჩამწვდომი სტრიქონით იყო დამშვენებული ვაჟიკას სიცოცხლით სავსე შემოქმედება, ვაგლახ, რომ ლექსების დიდი ნაწილი დაიკარგა. განსაკუთრებით ბოლო წლებისა, სადაც ნამდვილად იგრძნობოდა პოეტური სიტყვის ძალა. რამდენი ხანია მის ლექსებს დავეძებ, ორმოცდაათამდე მოვუყარე თავი", - იხსენებდა ვახტანგ გორგანელი, რომლის მეოხებითაც 1986 წელს გამოვიდა პოეტის პირველი კრებული, რომელიც დღეს ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა..

2022 წელს კი, საყდრიონის მკვიდრი ვაჟა ბადაგაძის თაოსნობით (მასთან ერთად წიგნის შემდგენელია ლევან ჟვანიაც), გამოიცა ვაჟიკას მეორე წიგნი "შენი ლექსებიც დადგნენ მხედრებად", რომელშიც პოეტის ლექსებთან ერთად შევიდა მოგონებები, წერილები და მისდამი მიძღვნილი ლექსები. ვაჟა ბადაგაძის მოწადინებითვე ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთ ქუჩას (ყოფილ იმერეთის ქუჩას) დაერქვა ვაჟიკა ფხოველის სახელი.

სულ რაღაც 19 წლის ბიჭი ომში 1941 წელს გაიწვიეს. მან ომის დიდი გზა განვლო, გერმანიის ქალაქ ფრანკფურტამდე ბრძოლით მივიდა. ვახტანგ გორგანელი იხსენებდა, რომ მან მეგობრის უკანასკნელი წერილი 1945 წლის მარტში მიიღო, ანუ გამოდის, რომ ვაჟიკას გამარჯვების დღემდე სულ ცოტა დააკლდა...

მეგობრის თქმითვე, პოეტი მძიმე ბრძოლების დროსაც არ წყვეტდა წერას, ლექსები იქცა მის თავშესაფრად, თუმცა, სამწუხაროდ, ფრონტიდან სამშობლომდე მისი ლექსების დიდმა ნაწილმა ვერ მოაღწია...

ერთ ლექსში ვაჟიკა წერს:

"არ იქნება გმირთა საქმე

საუკუნოდ არ გვახსოვდეს.

ვინც დაეცა სამშობლოსთვის,

არ მოკვდება არასოდეს!"

მართლაც...

აქვე გთავაზობთ ვაჟიკა ფხოველის 2 ლექსს:

  • დილა

დღემ ფხოვეთში ბნელი დასცა,

ამ გულივით ცაა სუფთა.

მზე ქალივით მოიტაცა

და შიგ მკერდში ჩაიხუტა…

მზე, ხმელეთის ფალავანი,

ბნელს დაეცა თავზე მეხად,

ბახტრიონის გალავანი

თენებისას გადმოტეხა.

შემოვიდა, როგორც გმირი,

შემოაღო კარი ფრთხილად

და მთებში ომგადახდილი

არაგვს გაჰყვა ბარში დილა.

  • ფრონტზე

დრომ დაჰკრა, კალმის შეცვლა შაშხანით

ახლა არც პოეტს დაეყვედრება.

იქ, სადაც დუშმანს უტევს ლაშქარი,

შენი ლექსებიც დგანან მხედრებად.

და თუ გმირულად სამარე ჰპოვე,

გამარჯვების დღეს ვერ მოესწრები,

გაგაცოცხლებენ კვლავ ისევ პოეტს

ომგადახდილი შენი ლექსები.

შენ სამშობლოთი ამაყობ მუდამ,

დღეს გიყვარს ისე, როგორ აროდეს

და სიყვარულიც ასეთი უნდა -

კვდებოდე მისთვის და არ ნანობდე!

შენ გაიმარჯვებ მიზანით სწორით

და ივალალებს დღენი ნაციზმის...

მიჰკივი მტარვალს და ძმათა შორის

გაუბზარავი სენი ხმაც ისმის.

და თუ გმირულად სამარე ჰპოვე,

გამარჯვების დღეს ვერ მოესწრები,

გაგაცოცხლებენ კვლავ ისევ პოეტს

ომგადახდილი შენი ლექსები.